Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს ლიდერი: რუსეთთან ურთიერთობაში საჭიროა როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკური ზომები


ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი უარყოფს გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის კრიტიკას ალიანსის მისამართით და აცხადებს, რომ ნატომ უნდა მიმართოს როგორც სამხედრო ზომებს, ისე პოლიტიკურ დიალოგს რუსეთთან ურთიერთობაში. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა გასული კვირის მიწურულს გააკრიტიკა ნატო აღმოსავლეთ ევროპაში სამხედრო მანევრებისათვის და გამოვიდა პოლიტიკური დიალოგისაკენ მოწოდებით. ხოლო როგორც სტოლტენბერგმა 20 ივნისს ჩვენი რადიოს კორესპონდენტთან ინტერვიუში აღნიშნა, ალიანსში იზიარებენ მოსაზრებას, რომ საჭიროა ორმხრივი მიდგომა: როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკური ზომები. შეკითხვას, ხომ არ მოახდენს რუსეთი საქართველოში, მოლდავეთში ან უკრაინაში ვითარების დესტაბილიზაციას ნატოს მიერ აღმოსავლეთის ფლანგზე თავისი ძალების გაზრდაზე საპასუხოდ, სტოლტენბერგმა უპასუხა: „ეს სრულიად გაუმართლებელი რეაქცია იქნებოდა, რადგან ეჭვი არ არის, რომ ის, რასაც ნატო აკეთებს, არის თავდაცვითი ზომები და ამავე დროს რეაქცია იმაზე, რაც რუსეთმა უკრაინაში გააკეთა ყირიმის უკანონო ანექსიით. მაგრამ ჩვენი ყოფნა ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე მხოლოდ შეზღუდული ძალების ყოფნაა. ის აგზავნის მკაფიო სიგნალს, რომ ერთ მოკავშირეზე თავდასხმა იქნება თავდასხმა მთელ ალიანსზე. მაგრამ ეს არანაირად არ არის ზომა, რომელიც გაამართლებდა, მაგალითად, უკრაინის, ან მოლდავეთის მეტ დესტაბილიზაციას“, - განაცხადა სტოლტენბერგმა 20 ივნისს ნორვეგიის საპორტო ქალაქ ტრონდჰაიმში ჩვენს კორესპონდენტთან საუბრის დროს.

XS
SM
MD
LG