Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი აქებს ავღანეთში ამერიკელი სარდლების უფლებამოსილების გაზრდას


აშშ-ის თავდაცვის მინისტრის, ეშ კარტერის აზრით, ავღანეთში ამერიკელი სამხედროების ქმედითუნარიანობას გაზრდის გადაწყვეტილება, რომელიც ითვალისწინებს ამერიკელი სარდლებისათვის მეტი უფლებამოსილების მინიჭებას ავღანელ სამხედროებთან თანამშრომლობის და თალიბების საწინააღმდეგო ოპერაციების განხორციელების დროს. ამის შესახებ ეშ კარტერმა განაცხადა დღეს ავღანეთის პრეზიდენტ აშრაფ ღანისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ქაბულში, სადაც ის დღეს მოულოდნელად ჩავიდა. კარტერმა აღნიშნა ასევე, რომ ავღანეთისათვის საერთაშორისო დახმარების გასაგრძელებლად განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ავღანეთის მთავრობის წარმატებას კორუფციასთან ბრძოლაში. ავღანეთში ეშ კარტერის ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე, აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გამოაცხადა, რომ შეერთებული შტატები ავღანეთში 2017 წლამდე დატოვებს 8400 სამხედრო მოსამსახურეს, რაც ნიშნავს, რომ არ შეამცირებს 5500-მდე, რასაც ობამა მანამდე აპირებდა. სხვა ქვეყნების, მათ შორის საქართველოს წარმომადგენელ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, ამერიკელი ჯარისკაცები ავღანეთში ანტიტერორისტულ მისიებში მონაწილეობენ. ვაშინგტონი წელიწადში 3,5 მილიარდი დოლარით ეხმარება ავღანეთის ჯარებს, დანარჩენი ნატოელი მოკავშირეები 1 მილიარდ დოლარს იხდიან, ხოლო ავღანეთის მთავრობა 500 მილიონამდე დოლარით აფინანსებს ქვეყნის 352 000-კაციან არმიას და პოლიციის ჯარებს.

XS
SM
MD
LG