Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო და თურქეთი ქმნიან "მაღალი დონის სტრატეგიულ საბჭოს"


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თურქეთში ოფიციალური ვიზიტის დროს შეხვდა თურქ კოლეგას, ბინალი ილდირიმს და მასთან ერთად ხელი მოაწერა დოკუმენტს "მაღალი დონის სტრატეგიული საბჭოს" ჩამოყალიბების შესახებ. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პრემიერის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებულ ცნობაში. როგორც თურქეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა ანკარაში ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ, ახალი შეთანხმებებით „ერთი ნაბიჯით მაღალ საფეხურზე ავიდა“ ორი ქვეყნის ურთიერთობები.იუწყებიან აგრეთვე, რომ საქართველოსა და თურქეთის მთავრობები აღრმავებენ თანამშრომლობას ინვესტიციების ურთიერთწახალისებისა და დაცვის მიმართულებით. შესაბამის შეთანხმებას საქართველოს მხრიდან ხელი მოაწერა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა. დოკუმენტით გამიზნულია ორივე ქვეყნის წარმომადგენლებისათვის ინვესტიციების განხორციელების, სამეწარმეო ინიციატივების სტიმულირების, ეკონომიკური რესურსების ეფექტური გამოყენების ხელშეწყობა. იუწყებიან აგრეთვე, რომ თურქეთში ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტისას, საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდა თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარესაც. საქართველოსა და თურქეთის პრემიერ-მინისტრები შეხვედრაზე შეეხნენ თურქეთში სამხედრო გადატრიალების რამდენიმე დღის წინანდელ მცდელობას. გიორგი კვირიკაშვილმა კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა თურქეთის დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლებისა და თურქი ხალხისადმი. მისი განმარტებით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია თურქეთში სტაბილურობის შენარჩუნება და ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერება.

XS
SM
MD
LG