Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნადია სავჩენკო: ჩვენ დონბასელებს პატიება უნდა ვთხოვოთ


უკრაინის ეროვნულმა გმირმა, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს წევრმა ნადია სავჩენკომ უკრაინელებს „დონბასისათვის ბოდიშის მოხდისაკენ მოუწოდა“, რითაც კოლეგებისა და პოლიტიკოსების აღშფოთება გამოიწვია. 21 ივლისს უკრაინულ ტელეარხ „მეხუთე არხთან“ ინტერვიუში, მფრინავმა ქალმა განაცხადა, რომ ძალადობა აღმოსავლეთ უკრაინაში არ შეწყდება, თუკი უკრაინელები პატიებას არ სთხოვენ დონბასის მოსახლეობას. ნადია სავჩენკოს ამ კომენტარმა აღაშფოთა „ვერხოვნა რადას“ ნაციონალისტურად განწყობილი კანონმდებლები, მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ანტონ ჰერაშენკო. „ნადია, შენ შეგიძლია პატიება სთხოვო რუსებს, რომლებიც მოვიდნენ ჩვენს მიწაზე მკვლელობისა და გაუპატიურებისათვის, მაგრამ ჩვენ არასოდეს მოვუხდით ბოდიშს ოკუპანტებს და ტერორისტებს“, - დაწერა საკუთარი ფეისბუკის გვერდზე ანტონ ჰერაშენკომ. უკრაინის ეროვნული გმირი ქალი გასულ თვეშიც აღმოჩნდა კრიტიკის ქვეშ. სავჩენკომ 7 ივნისს უთხრა უკრაინელ ჟურნალისტებს, რომ, მისი აზრით, სეპარატისტების ლიდერებთან პირდაპირი მოლაპარაკება უფრო ნაყოფიერი იქნება, ვიდრე ამჟამინდელი სამშვიდობო პროცესი, რომელშიც მონაწილეობენ რუსეთი, საფრანგეთი, გერმანია და უკრაინა.

XS
SM
MD
LG