Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტი საუბრობს თავისი ოჯახის წევრზე ზეწოლის ფაქტზე


საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თბილისში საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ პაპუაშვილმა მას დაუსახელა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებზე ზეწოლის კონკრეტული ფაქტები. „სამწუხაროდ, მინდა გითხრათ, რომ ამ ფაქტებმა მე არ გამაოცა. საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ ეს ტენდენცია, სამწუხაროდ, ახალი არ არის. დაახლოებით, ერთი თვის წინ ჩემი ოჯახის წევრზეც იყო მცდელობა, სამართალდამცველების ჩართვით ზეწოლის მცდელობა“, - განაცხადა მარგველაშვილმა. მისი განმარტებით, მისი ოჯახის წევრი ქუჩაში გააჩერეს და შემდეგ სახლში ჩაუტარეს ჩხრეკა სასამართლოს დადგენილების გარეშე მინიშნებით, რომ მომხდარი იყო ამ პიროვნებაზე ზეწოლის მცდელობა. მარგველაშვილს სხვა დეტალები არ მოუყვანია და არ უთქვამს, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებზე ზეწოლის რა ფაქტებზე შეიტყო პაპუაშვილისაგან. პრეზიდენტმა გამოთქვა მზადყოფნა, შეხვდეს პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს, რათა ერთად იმსჯელონ "საშიშ ტენდენციებზე“ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. მარგველაშვილის განმარტებით, „საშიში ტენდენცია“ მდგომარეობს იმაში, რომ პოლიტიკურ ჯგუფებს უჩნდებათ „გარკვეული არაფორმალური კავშირები სამართალდამცავ, ან სხვა ტიპის სტრუქტურებთან და ეს ტენდენცია მოხმარებული არის პოლიტიკური მიზნებისთვის“. ამ კონტექსტში მარგველაშვილმა კორცხელის ინციდენტი ახსენა.

XS
SM
MD
LG