Accessibility links

logo-print

თბილისი აცხადებს, რომ რუსეთი კვლავ აგრძელებს საქართველოს რეგიონების ოკუპაციას


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2008 წლის აგვისტოს ომის მე-8 წლისთავთან დაკავშირებით გაავრცელა განცხადება, რომელშიც რუსეთის ფედერაცია დადანაშაულებულია საერთაშორისო სამართლისა და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების უგულვებელყოფასა და „სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოს რეგიონების უკანონო ოკუპაციაში“. ამასთან, საგარეო უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობის პრაგმატული მიდგომის შედეგად, კონფლიქტის ესკალაციის რისკი მნიშვნელოვნად შემცირდა, თუმცა ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების და ჰუმანიტარული კუთხით არსებული ვითარება კვლავ მძიმე რჩება. კვირას რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომიდან მერვე წლისთავი შესრულდა. აგვისტოს ომის შედეგად დაიღუპა საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 146 სამხედრო პირი და 14 პოლიციელი. დაკარგულად მიიჩნევა 8 ჯარისკაცი. სახლები დატოვა თითქმის 150 ათასმა ადამიანმა.

XS
SM
MD
LG