Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკომისიამ ირლანდიისთვის 13 მილიარდი ევროს გადახდა დააკისრა კომპანია „ეპლს“


ევროპის კავშირმა დაადგინა, რომ აშშ-ის ტექნოლოგიურმა კომპანია „ეპლმა“, გადაუხდელი გადასახადების კომპენსაციის სახით, 13 მილიარდი ევრო უნდა გადაუხადოს ირლანდიას, რადგან ეს კომპანია 11 წლის განმავლობაში უკანონოდ სარგებლობდა საგადასახადო შეღავათებით. ამ თანხას ბანკის საპროცენტო განაკვეთიც უნდა დაემატოს. როგორც ევროკომისარმა კონკურენციის საკითხებში, მარგრეტე ვესტაგერმა განაცხადა, სამწლიანმა გამოძიებამ ცხადყო, რომ ირლანდიამ „ეპლს“ იმდენად დიდი საგადასახადო შეღავათი დაუწესა, რომ ევროპაში მიღებულ შემოსავალზე კომპანიის კორპორაციული საგადასახადო განაკვეთი 11 წელიწადში ერთი პროცენტიდან ერთ მეათასედ პროცენტამდე დაეცა. ვესტაგერის თქმით, ასეთი პოლიტიკა ეწინააღმდეგება ევროკავშირის კანონებს სახელმწიფო ხელშეწყობის შესახებ. ირლანდიის მთავრობა აცხადებს, რომ „ეპლისთვის“ არავითარი შეღავათები არ დაუწესებია და კომპანიამ სრულად გადაიხადა კუთვნილი გადასახადები. ევროკავშირის ამ გადაწყვეტილებაზე „ეპლის“ მესვეურებს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ, მაგრამ აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ევროკომისიის ასეთმა ერთპიროვნულმა ნაბიჯებმა, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას ევროკავშირის ქვეყნებში უცხოურ ინვესტიციებს.

XS
SM
MD
LG