Accessibility links

logo-print

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა: საქართველოში არსებობს პირობები დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად


ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის შეფასებით, საქართველოში არსებობს პირობები დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად. ასამბლეის წარმომადგენლები საქართველოს 13-14 სექტემბერს სტუმრობდნენ საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისა და პოლიტიკური კლიმატის შესაფასებლად. დელეგაციის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ ადგილზე იხილა პლურალისტური პოლიტიკური და მედიაგარემო და ქმედითი სამართლებრივი ჩარჩო. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია აღნიშნავს, რომ ზოგადად საარჩევნო გარემო გაცილებით ნაკლებადაა დაძაბული, ვიდრე წინა არჩევნების დროს იყო, თუმცა, საქართველოში გამართული შეხვედრების შემდეგ საჭიროდ მიიჩნევს ხაზი გაუსვას, რომ ყველა პარტიამ უარი უნდა თქვას საარჩევნო კამპანიის დროს ძალადობისა და ოპონენტების შევიწროების ნებისმიერ ფორმაზე. „დელეგაციამ მოისმინა ბრალდებები კანდიდატების და ამომრჩევლების წინააღმდეგ ძალადობის, დაშინების, შევიწროების და შანტაჟის მიუღებელი ქმედებების შესახებ. ერთეული შემთხვევაც რომ იყოს, თავიდან უნდა იყოს აცილებული კანდიდატების, პარტიის წევრების ან მხარდამჭერების წინააღმდეგ მსგავსი ქმედებები, მუქარა ჟურნალისტების მიმართ და ამის ჩამდენი პირები უნდა გამოვლინდნენ და დაისაჯონ“ - ნათქვამია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის განცხადებაში. ასამბლეის წევრები აღნიშნავენ, რომ არ უნდა მოხდეს საარჩევნო კამპანიისთვის ადმინისტრაციული რესურსების არასათანადოდ გამოყენებაც. დელეგაციამ მოუწოდა ყველა დაინტერესებულ მხარეს, განსაკუთრებით ხელისუფლებას, თავიდან აიცილონ ნებისმიერი ქმედება, რომელმაც შესაძლოა, არჩევნების წინ პოლიტიკური დაძაბულობა გაზარდოს.

XS
SM
MD
LG