Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მთავრობამ გამართა ქვეყნის სივრცითი მოწყობის პროექტის პრეზენტაცია


საქართველოს მთავრობამ გამართა ქვეყნის სივრცითი მოწყობის პროექტის პრეზენტაცია. პროექტი ითვალისწინებს სატრანსპორტო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის, სასოფლო-სამეურნეო მიწების, მაღალმთიანი რეგიონების, დაცული ტერიტორიების, კურორტებისა და სხვა სეგმენტების ინტეგრირებულ და ტერიტორიულ განვითარებას და ქალაქებსა და სოფლებს შორის კავშირის გაუმჯობესებას. ”ეს არის ჩვენი ქვეყნის თანამედროვე მოწყობის ხედვა, რომელსაც ახლავს კონკრეტული გეგმა“ - განაცხადა პროექტის პრეზენტაციისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. მისი ინფორმაციით, 2020 წლის ჩათვლით დაგეგმილია 1 000 კმ-მდე საავტომობილო გზის მშენებლობა-რეკონსტრუქცია, რომლის სავარაუდო ღირებულება დაახლოებით 3,5 მილიარდ დოლარს შეადგენს. სივრცითი მოწყობა ითვალისწინებს რკინიგზის სადგურების, საზღვაო პორტებისა და აეროპორტების აშენებასა და რეკონსტრუქციასაც. პრემიერ-მინისტრის შეფასებით, საქართველოს აქვს სრული პოტენციალი, რომ ჩამოყალიბდეს ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ცენტრად და ამისთვის უდიდესი როლი ენიჭება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას და განვითარებას თანამედროვე ევროპული სტანდარტების მიხედვით. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ყველა რეგიონში თანაბრად იქნება ხელმისაწვდომი აუცილებელი პირველადი და სოციალური ინფრასტრუქტურა და ხარისხიანი განათლება და ჯანდაცვა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ სივრცითი მოწყობის პროექტის განხორციელება უზრუნველყოფს ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას და ინვესტიციებისა და განვითარებისთვის სტაბილურ გარემოს. ”საქართველოს გააჩნია რესურსი, რომ გახდეს ეკონომიკურად მიმზიდველი და დიდი შესაძლებლობების მქონე ქვეყანა და ამისთვის საჭიროა არსებული მდგომარეობის რაციონალურად გააზრება, სწორი სივრცითი დაგეგმვა და განვითარება და გეოგრაფიული მდებარეობის მიუხედავად, რეგიონებისთვის თანაბარი პირობების და შესაძლებლობების შექმნა“ - განაცხადა კვირიკაშვილმა. მისი ინფორმაციით, სივრცით მოწყობაზე მუშაობა მიმდინარეობს ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით და გულისხმობს ტერიტორიებისა და კურორტების გენერალური გეგმების შემუშავებას, ქვეყნის სივრცითი მოწყობის გააზრებას და შემდგომ განვითარებას.

XS
SM
MD
LG