Accessibility links

logo-print

მთავარმა პროკურატურამ ბრალდებულად ცნო შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე


საქართველოს მთავარმა პროკურატურამ შს-თა მინისტრის ყოფილი მოადგილე, გიორგი ლორთქიფანიძე ბრალდებულად ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებაში. პროკურატურის განცხადებით, „გამოძიებით დადგინდა, რომ 2011 წლის 26 მაისს, რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მომიტინგეების დარბევა და მასობრივი დაკავება, შს-თა ყოფილი მინისტრის ივანე მერაბიშვილის ბრძანებით დაევალა მის მოადგილეს, გიორგი ლორთქიფანიძეს.“ პროკურატურის ინფორმაციით,2011 წლის 25 მაისს, მიტინგისთვის სანქცირებული ვადის გასვლამდე, პოლიციამ წინასწარ გადაკეტა რუსთაველის გამზირი და მისი მიმდებარე ქუჩები, ხოლო თავისუფლების მოედანი გადაკეტეს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტისა და შსს-ს სხვა დანაყოფებმა, რომლებსაც ადგილზე ხელმძღვანელობდნენ გიორგი ლორთქიფანიძე და კუდ-ის დირექტორი დავით ახალაია. „დასახელებულ პირთა მეთაურობით, მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ გამოყენებულ იქნა გაუმართლებლად არათანაზომიერი და გადაჭარბებული ძალა, რის შედეგად გარდაიცვალა ორი ადამიანი, დასახიჩრდა და ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო 250-მა ადამიანმა და უკანონოდ დაკავებული იქნა 800-მდე მომიტინგე“ - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. მისი ინფორმაციით, გიორგი ლორთქიფანიძე თავს არიდებს გამოძიებას, ამიტომ დაუსწრებლად გამოტანილია დადგენილება ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ. პროკურატურის ცნობითვე, ბრალის წარდგენის მიზნით, გიორგი ლორთქიფანიძე დაბარებულია 22 სექტემბერს, 17 საათზე და გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სათანადო პროცედურების შემდეგ, ძებნილად გამოცხადდება. პროკურატურა სასამართლოს მიმართავს ლორთქიფანიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით. საქართველოს შს-თა მინისტრის ყოფილი მოადგილე, გიორგი ლორთქიფანიძე ამჟამად ოდესის პოლიციას ხელმძღვანელობს.

XS
SM
MD
LG