Accessibility links

ევროკავშირის ხელმძღვანელობა მზადაა იმუშაოს დემოკრატიულად არჩეულ ახალ პარლამენტთან


საარჩევნო პროცესის დასრულების შემდგომ, ჩვენ მზად ვიქნებით ვიმუშაოთ დემოკრატიულად არჩეულ ახალ პარლამენტთან და მთავრობასთან, - ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ფედერიკა მოგერინისა და გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისრის იოჰანეს ჰანის ერთობლივ განცხადებაში, რომელიც საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს ეხება. განცხადებაში მოყვანილია ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) სადამკვირვებლო მისიის მიერ გაკეთებული წინასწარი დასკვნიდან შეფასება, რომლის თანახმად არჩევნები კონკურენტულ და კარგად ორგანიზებულ გარემოში ჩატარდა და ზოგადად, ადამიანის ძირითადი უფლებები დაცული იყო. „ევროკავშირი საქართველოს სტაბილური, დემოკრატიული და კეთილდღეობით აღსავსე მომავლის ერთგული მხარდამჭერია. საარჩევნო პროცესის დასრულების შემდგომ, ჩვენ მზად ვიქნებით ვიმუშავოთ დემოკრატიულად არჩეულ ახალ პარლამენტთან და მთავრობასთან მჭიდრო პოლიტიკური ეკონომიკური და ურთიერთობების განსამტკიცებლად, რომელიც ევროკავშირი–საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმებით აღებულ ურთიერთვალდებულებაზეა დაფუძნებული. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ახალ პარლამენტში არჩეულმა ყველა წევრმა ერთად იმუშაოს საქართველოს ინტერესების საკეთილდღეოდ“, - ნათქვამია განცხადებაში, რომლის ტექსტსაც ახალი ამბების სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ აქვეყნებს.

XS
SM
MD
LG