Accessibility links

logo-print

აშშ ქართველ ხალხს ულოცავს კონკურენტულ და კარგად ადმინისტრირებულ არჩევნებს


"აშშ ქართველ ხალხს ულოცავს კონკურენტულ და კარგად ადმინისტრირებულ არჩევნებს, რომელიც ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის შეფასებით, უმეტესწილად ჩატარდა ძირითადი თავისუფლებების პატივისცემით" - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის ჯონ კირბის განცხადებაში. ამავე განცხადების თანახმად, 8 ოქტომბრის არჩევნები ადასტურებს, რომ საქართველო დემოკრატიული რეფორმების თვალსაზრისით, რეგიონში ლიდერია. სახელმწიფო დეპარტამენტის აღნიშნავს, რომ კენჭისყრა ორგანიზებულად წარიმართა, და იქვე გამოთქვამს სინანულს, რომ არჩევნების დღის განმავლობაში დაძაბულობა გაიზარდა და რამდენიმე უბანზე მოხდა ძალადობრივი ინციდენტები. „ჩვენ გადაჭრით ვგმობთ ძალადობისა და დაშინების ცალკეულ შემთხვევებს და გამოვთქვამთ მოწოდებას საფუძვლიანი და დაბალანსებული გამოძიებისკენ, კანონის უზენაესობის პატივისცემით“ - ნათქვამია განცხადებაში. სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ 8 ოქტომბრის არჩევნები პირველი ნაბიჯია იმ პროცესისა, რომელიც მეორე ტურს მოიცავს, და სიმშვიდისკენ მოუწოდებს ყველა პარტიასა და მათ მხარდამჭერებს. „მოვუწოდებთ ყველას, ვინც პრობლემურად მიიჩნევს არჩევნების პროცესსა და შედეგებს, მათ მოსაგვარებლად იმოქმედონ მშვიდობიანი გზებით და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად“ - ვკითხულობთ განცხადებაში. სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ აშშ განაგრძობს დაკვირვებას საარჩევნო პროცესებსა და კამპანიაზე. „აშშ მოელის საქართველოსთან მტკიცე თანამშრომლობის გაგრძელებას საერთო დღის წესრიგზე, რომელიც გააუმჯობესებს საქართველოს პოლიტიკურსა და ეკონომიკურ განვითარებას და მისწრაფებას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ“ - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სახელით გაავრცელა პრესმდივანმა ჯონ კირბიმ.

XS
SM
MD
LG