Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კინო და აფხაზეთი


კინო და აფხაზეთი
please wait

No media source currently available

0:00 0:04:43 0:00

კინო და აფხაზეთი

აფხაზეთი, თავისი ლანდშაფტით, კინემატოგრაფისტებისთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო, ამის გამო იქ ბევრ რეჟისორს აქვს ფილმი გადაღებული, მათ შორის, რუსებსაც. გაგრა, ბიჭვინთა, მაღალმთიანი აფხაზეთი, ზღვის სანაპირო და ჩანჩქერი - ეს ის ადგილებია, სადაც ფილმებს იღებდნენ, ზოგი მათგანის თემა უშუალოდ აფხაზეთი იყო, ზოგის კი - არა.

კინო და აფხაზეთი
please wait

No media source currently available

0:00 0:06:50 0:00
გადმოწერა

აფხაზეთში გადაღებული ფილმების ნუსხა იმაზე გრძელია, ვიდრე ერთი შეხედვით შეგვიძლია წარმოვიდგინოთ. კინომცოდნე ლელა ოჩიაური ამბობს, რომ ამ შემთხვევაში რეჟისორებისთვის მიმზიდველი იყო როგორც ბუნება, ისე უშუალოდ აფხაზური ყოფაც. აქ არის გადაღებული თამაზ მელიავას „მთვარის მოტაცება“, შოთა მანაგაძის „ვინ შეკაზმავს ცხენს“, რომელიც 60-იანი წლების საზოგადოებაში ძალიან ცნობილი იყო. ეს ფილმი აფხაზურ ტრადიციებზეა, კერძოდ, ცხენოსნობაზე, რაც უფროს და უმცროს თაობებს შორის დავის საბაბი ხდება. ასევე, აფხაზეთშია გადაღებული „ჰელადოსი“.

ლელა ოჩიაური
ლელა ოჩიაური

„ამ დღეებში საბერძნეთიდან გემი ჩამოდის. ჩვენი თემის ბერძნები ელადაში ბრუნდებიან. მამაჩემიც... მე არ მივყვები, არ მინდა წასვლა... მერედა, რატომ არ მიჰყვები? როგორ აგიხსნა, იქ ხომ არც კურლიკა იქნება, არც კოკა, არც ჩემი ვირი, არც პეტია, არც ნანა და არც შენ“.

ფილმი „ჩიორა“ ახალგაზრდა შეყვარებულებზეა, რომლებიც მშობლებს ზღვაზე გაეპარნენ. ფილმის გადაღების ადგილად გაგრა შეარჩიეს. ლელა ოჩიაური ამბობს, რომ ეს ქალაქი კინემატოგრაფისტებისთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო. მისივე თქმით, ასევე ძალიან პოპულარული იყო ბიჭვინთა, სადაც ლანა ღოღობერიძემ „როცა აყვავდა ნუში“ გადაიღო.

„აფხაზეთის თემა, ალბათ, მაინც საინტერესოა იმით, რომ ძალიან ბევრი რეჟისორი იყენებს არა ქალაქების სახეებს, არამედ ზღვას, იქ, სადაც ზღვას აქვს დატვირთვა, სადაც ზღვა მნიშვნელოვანია შინაარსობრივად და არა როგორც მეტაფორა“.

ყველასთვის ცნობილი ფილმი „რაჭა, ჩემო სიყვარულო“, რომელშიც მოქმედება სლოვაკეთსა და რაჭაში ხდება, სინამდვილეში ბზიფის ხეობაში გადაიღეს. კადრში ჩანს ზღვაც და სოხუმიც, კერძოდ, ბესლეთის ისტორიული ხიდი, რომელიც თამარის ხიდის სახელითაა ცნობილი და საქართველოში სულ რამდენიმეა.

როგორც ლელა ოჩიაური ამბობს, აფხაზეთში ფილმებს არა მარტო ქართველი რეჟისორები, არამედ რუსებიც იღებენ. აქ არის გადაღებული ეპიზოდი კარენ შაჰნაზარიანის ფილმიდან „ზამთრის ღამე გაგრაში“. ბიჭვინთასთან ახლოს, ჩანჩქერთან არის გადაღებული „ჰოლმსის უკანასკნელი საქმე“, ფილმის ის ეპიზოდი, სადაც პროფესორი მორიარტი ჰოლმსს უფსკრულში გადაჩეხს. ასევე, აფხაზეთშია გადაღებული გრიგორი ალექსანდროვის „მხიარული ახალგაზრდები“.

ეს არის ორ ოჯახზე, რომლებიც აფხაზეთის ომის შემდეგ ცდილობენ ცხოვრების ნულიდან დაწყებას და იძულებულები არიან დაიკავონ სხვისი სახლები. ეს არის შესაძლებლობაზე და შეუძლებლობაზე, ახალი ცხოვრება სხვისი მონაპოვარით დაიწყო...
რუსუდან გლურჯიძე

ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შემდეგ აფხაზეთში ჩასვლა შეუძლებელი გახდა, აფხაზეთის თემა კი ქართველ რეჟისორებში სულ უფრო აქტუალური ხდება. ამ თემაზეა ფილმები „გაღმა ნაპირი“, „მანდარინები“, „სიმინდის კუნძული“, „სხვისი სახლი“.

„და ბუნებრივია, ავტორებს უწევთ ეძებონ სხვადასხვა ადგილები საქართველოში, მიმსგავსებული აფხაზეთის ბუნებასთან. ასეთი არის აჭარა და მეორე - სამეგრელო“, - ამბობს ლელა ოჩიაური.

„სხვისი სახლის“ რეჟისორი რუსუდან გლურჯიძე ამბობს, რომ თავიდან ფიქრობდა გაერისკა და ფილმი აფხაზეთში გადაეღო, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ ორმოცკაციანი ჯგუფის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას ვერ იკისრებდა.

„ეს არის ორ ოჯახზე, რომლებიც აფხაზეთის ომის შემდეგ ცდილობენ ცხოვრების ნულიდან დაწყებას და იძულებულები არიან დაიკავონ სხვისი სახლები. ეს არის შესაძლებლობაზე და შეუძლებლობაზე ახალი ცხოვრება სხვისი მონაპოვარით დაიწყო და, ალბათ, რაღაც არჩევანზეც, რომელსაც ყოველი ჩვენგანი ყოველდღე ვაკეთებთ - ღირსების თუ კეთილდღეობის თანახმად“.

საბოლოოდ, ფილმის გადაღება აჭარაში მოუხდათ. იქ, ქობულეთთან ახლოს, იპოვეს ბერძნული სოფელი დაგვა, რომელიც ძალიან ჰგავდა აფხაზეთის სოფლებს. სოფელი მიტოვებული იყო.

ფილმები აფხაზეთზე ვერ ვიტყვი რომ ბევრია, „ბევრი“ ქართული კინო არ არსებობს, სამწუხაროდ...
ლელა ოჩიაური

„მნიშვნელოვანია ის, რომ ეს არის ბერძნების მიერ აშენებული სოფელი, ისევე როგორც ძალიან ბევრი სოფელი აფხაზეთში, და ვუთხარი კიდეც ჩემს მხატვარს, რომ ძალიან ცოტა დეკორი დაგვჭირდება, მხოლოდ იმის კონსერვაცია უნდა მოვახდინოთ, რაც დაგვხვდა“.

აჭარაშია გადაღებული „გაღმა ნაპირის“ ნაწილიც, სიმინდის კუნძულის გადასაღებად კი ტყიბულის წყალსაცავზე ხელოვნური კუნძულის მოწყობა გახდა საჭირო. ამ ფილმებმა სხვადასხვა კონკურსში გაიმარჯვეს. განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა „მანდარინები“ - ის ოსკარზეც იყო წარდგენილი.

ლელა ოჩიაურის თქმით, აფხაზეთზე გადაღებული ფილმები მაინც არ არის ბევრი, რადგან თვითონ თემაა ტევადი, რუსუდან გლურჯიძე კი ამბობს, რომ რეჟისორები მანამ ვერ დაუბრუნდებიან ინტელექტუალურ დრამას, სანამ არ ამოწურავენ იმ მტკივნეულ თემებს, რომლებიც ბოლო ოცდახუთი წლის განმავლობაში დაგროვდა:

„ფილმები აფხაზეთზე ვერ ვიტყვი რომ ბევრია, „ბევრი“ ქართული კინო არ არსებობს, სამწუხაროდ. ვფიქრობ, რომ სანამ არ გამოვთქვამთ იმ ტკივილს, - და ეს არ არის მარტო აფხაზეთი, ის, რაც მოხდა ბოლო ოცდახუთი წლის თავისუფლების პერიოდში, - სანამ არ გამოვთქვამთ ჩვენს ტკივილს 90-იან წლებთან დაკავშირებით, - და ეს ყველაფერი არის გარე სოციალური ფაქტორები, რაც ჩვენ გავიარეთ, - ჩვენ მანამდე ინტელექტუალურ კინოს, ინტელექტუალურ დრამას, ალბათ, ვერ დავუბრუნდებით“.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG