Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამოძიების ფედერალურმა ბიურომ განაახლა ჰილარი კლინტონის პირადი ელექტრონული ფოსტის შესწავლა


აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო კრიტიკის ქვეშ მოექცა მას შემდეგ, რაც უწყებამ განაახლა გამოძიება, რომელიც ჰილარი კლინტონის მიერ სამსახურებრივი ინფორმაციების გასავრცელებლად პირადი ელექტრონული მისამართის გამოყენებას სწავლობს. გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორმა ჯეიმს კომიმ 28 ოქტომბერს აშშ-ის კონგრესს აცნობა, რომ, საპრეზიდენტო არჩევნებამდე 11 დღით ადრე, სააგენტო კლინტონის ელექტრონული ფოსტის ახალ შეტყობინებებს სწავლობს. დემოკრატების კანდიდატმა ამ ნაბიჯს უწოდა „ძალიან საგანგაშო“ და დასძინა, რომ „ამომრჩევლები იმსახურებენ, რომ მიიღონ სრული და ამომწურავი ინფორმაცია, თუ რაში მდგომარეობს გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ ამ მიმოწერის ხელახლა შესწავლის ნამდვილი არსი“. საპრეზიდენტო არჩევნებში, ჰილარი კლინტონის მეტოქემ დონალდ ტრამპმა უოტერგეიტის საქმის შემდეგ აშშ-ის ისტორიაში ყველაზე დიდი სკანდალი უწოდა იმას, რომ სახელმწიფო მდივნად მუშაობის დროს, კლინტონი საიდუმლო ინფორმაციების შემცველი მიმოწერისათვის პირადი ელექტრონული ფოსტით სარგებლობდა. ივლისში ჯეიმს კომიმ განაცხადა, რომ კლინტონი სახელმწიფო მდივნის პოსტზე ყოფნის დროს „უკიდურესად უყურადღებოდ“ ეკიდებოდა მგრძნობიარე დოკუმენტების შენახვას. თუმცა, გამოძიების ფედერალურ ბიუროს მაშინ ამაში არავითარი კანონდარღვევა არ აღმოუჩენია.

XS
SM
MD
LG