Accessibility links

logo-print

„კორუფციის გლობალური ბარომეტრი 2016“-ის მიხედვით, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად კორუმპირებული ქვეყანაა


საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ გამოაქვეყნა საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგად მომზადებული „კორუფციის გლობალური ბარომეტრი 2016.“ მან ევროპისა და ცენტრალური აზიის 42 ქვეყანაში გამოკითხა თითქმის 60 000 მოქალაქე მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში კორუფციასთან დაკავშირებული გამოცდილების, სახელმწიფო ინსტიტუტებში კორუფციის დონისა და მთავრობის ანტიკორუფციული პოლიტიკის ეფექტიანობის თაობაზე. გამოკვლევის თანახმად, საქართველოში გამოკითხულთა 12 %-მა კორუფცია დაასახელა ქვეყნის სამ უმნიშვნელოვანეს პრობლემას შორის. ამ მაჩვენებლის სიმცირით, საქართველო 42 ქვეყნიდან მე-4 ადგილზეა გერმანიის, შვედეთის და შვეიცარიის შემდეგ. ამავე გამოკვლევის თანახმად, საქართველოში გამოკითხულთა 58%-ს ჰქონდა შეხება საჯარო მომსახურების 8 სფეროდან რომელიმე ერთთან მაინც და 7%-ს მოუწია საჯარო მომსახურების მისაღებად ქრთამის გადახდა. “საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ინფორმაციით, ეს მაჩვენებელი გაუარესებულია და 4-დან 7%-მდეა გაზრდილი 2013 წელთან შედარებით, როცა „გლობალური ბარომეტრის“ ბოლო გამოკვლევა გამოქვეყნდა. 2016 წლის კვლევის თანახმად, საქართველოში გამოკითხულთა 41% მიიჩნევს, რომ ხელისუფლება კორუფციასთან ბრძოლას ძალიან ცუდად ან საკმაოდ ცუდად უმკლავდება, ხოლო 26% ფიქრობს, რომ ხელისუფლება ამ ამოცანას თავს საკმაოდ კარგად ან ძალიან კარგად ართმევს.

XS
SM
MD
LG