Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წმინდანები, სტალინი და ქართული იდენტობა


საერთაშორისო კონფერენცია მიუნხენში
საერთაშორისო კონფერენცია მიუნხენში

15-17 თებერვალს გერმანიაში, ქალაქ მიუნხენში, იმართება სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც საქართველოს ეთმობა. ყურადღების ცენტრშია მე-19 და მე-20 საუკუნის ისტორია, ოღონდ არა იმდენად ფაქტები, მოვლენები, პიროვნებები, არამედ მათი აღქმა, მეხსიერება, მითები.

წმინდანები, სტალინი და ქართული იდენტობა
please wait

No media source currently available

0:00 0:05:26 0:00
გადმოწერა

მიუნხენში ამ დღეებში მთელ მსოფლიოში ბევრს წერენ, ბევრს მსჯელობენ ერთი ძალიან ცნობილი კონფერენციის, უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილი კონფერენციის, გამო. ის 17 თებერვალს იწყება და თავს მოუყრის მრავალი ქვეყნის ლიდერებს, მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს მსოფლიოში უსაფრთხოების მხრივ არსებულ ვითარებაზე სასაუბროდ.

ამავე ქალაქში, მიუნხენში, უდავოდ ნაკლებ ყურადღებას იპყრობს, მაგრამ საქართველოსათვის, ალბათ, არანაკლებ მნიშვნელოვანია კონფერენცია, სახელწოდებით „რეპრეზენტაცია და იდენტობები მე-19 და მე-20 საუკუნეების საქართველოში“. მასშიც რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენელი მეცნიერები მონაწილეობენ: ისტორიკოსები, ლიტერატურათმცოდნეები, ანთროპოლოგები გერმანიიდან, დანიიდან, ბრიტანეთიდან, საქართველოდან. თემაც რამდენიმეა. ყურადღების ცენტრში დგას მოვლენების, პიროვნებების აღქმა, მეხსიერება, მითები, კულტი...

ლაშა ბაქრაძე
ლაშა ბაქრაძე

და როცა საქართველოს შემთხვევაში აღქმაზე, მითებზე, კულტზე ვსაუბრობთ, რა გასაკვირია, რომ კაცს - რიგითი ადამიანი იქნება თუ მეცნიერი - სტალინი გაგახსენდეს. ასე მოხდა, რომ მიუნხენის კონფერენციაზე პირველი სხდომა საქართველოში სტალინისადმი დამოკიდებულებას მიეძღვნა.

„უცხოეთიდან დანახული ქართული იდენტობისათვის სტალინი ძალიან მნიშვნელოვან ფუნქციას ატარებს, თავისთავად ცხადია, და ჩვენთვისაც, ქვეყნის შიგნითაც. რამდენს ვლაპარაკობთ სტალინთან დაკავშირებით დღესაც კი საქართველოში, რადგანაც, მე ვფიქრობ, რომ სტალინი, როგორც საბჭოთა წარსულის მთავარი ფიგურა, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. და თუ გვინდა ჩვენი ისტორია გავიგოთ, - და უახლესი ისტორია ჩვენზე მოქმედებს ძალიან სერიოზულად, - ეს არის გაგება სტალინისაც და, სტალინის გავლით, ნაწილობრივ მაინც, საბჭოთა წარსულის“, - გვითხრა მიუნხენის კონფერენციის მონაწილემ, ისტორიკოსმა ლაშა ბაქრაძემ. მან წაიკითხა მოხსენება თემაზე „სტალინის მუზეუმის წარსული და მომავალი“ (გორის მუზეუმზეა ლაპარაკი).

სტალინი იყო თემა, რომელზეც კონფერენციის კიდევ ორმა მონაწილემ წაიკითხა მოხსენება და ეს იყო თემა, რომელიც კონფერენციის ორგანიზატორებმა შეარჩიეს სხვა თემებთან ერთად.

ნათია ბათიაშვილი
ნათია ბათიაშვილი

„სტალინი, ფაქტობრივად, ერთადერთი პერსონაჟია ქართული ისტორიის, - გნებავთ, მითოლოგიის, - რომელიც საერთაშორისო მნიშვნელობისაა, რომელსაც იცნობენ და ამიტომ ყველაზე ადვილია, რასაკვირველია, სტალინთან იანდაკავშირებით საუბარი, რადგანაც მას ახსნა-განმარტება, მის, ასე ვთქვათ, შემოყვანას საზოგადოებრივ დისკურსში არ სჭირდება დრო. მაგალითად, ილია ჭავჭავაძეზე რომ ვისაუბროთ, რასაკვირველია, უნდა ახსნა და, გარდა ამისა, ილია ჭავჭავაძე ნათარგმნი არ არის, ილია ჭავჭავაძეს არ იცნობენ და ა.შ. თუნდაც იგივე შუა საუკუნეებიდან რომ ავიღოთ შოთა რუსთაველი - რამდენმა იცის, გარდა ვიწრო სპეციალისტებისა, ხომ? ამიტომ რამდენადაც სამწუხარო არ უნდა იყოს, ჩვენ მუდმივად გვიწევს სტალინთან კონფრონტაცია“,- ამბობს ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე.

მაგრამ ისე არ გამოვიდეს, თითქოს კონფერენციაზე სხვა თემებზე არ ლაპარაკობდნენ! ანთროპოლოგმა ნუცა ბათიაშვილმა, რომელიც მიუნხენში ოქსფორდიდან ჩამოვიდა, ისაუბრა იმპერიის განაპირას კოლონიური ცნობიერების თავისებურებებზე. ასევე ოქსფორდში მუშაობს ნიკოლოზ ალექსიძე. ის ოქსფორდის უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის მკვლევარია და, ამავე დროს, თბილისში თავისუფალი უნივერსიტეტის სოციალური მეცნიერებების სკოლის დეკანი. მისი მოხსენება, პირველ რიგში, მე-19 საუკუნის საქართველოს ეხება.

ნიკოლოზ ალექსიძე
ნიკოლოზ ალექსიძე

„მე უფრო მაინტერესებს, როგორ ხდება მე-19 საუკუნის თანამედროვე ნაციონალურ და ნაციონალისტურ რიტორიკაში შუა საუკუნეების კონცეფციებისა და კონცეპტების გამოყენება. ამ შემთხვევაში უფრო კონკრეტულად საუბარი არის წმინდანებზე და წმინდანების კულტზე. ჩვენ ასეთ რაღაცას ვუშვებთ, რომ მე-19 საუკუნეში ნაცია, ერი - მამულს ეძახიან საქართველოში იმ დროს - ხდება ძალიან თეოლოგიური კოცეფცია, ანუ ხდება მასზე თეოლოგიზაცია, საკრალიზაცია ხდება ნაციის. ეს არის საკრალური მოვლენა, რომელზეც შენ ისეთივე ტერმინებით და კონცეფციებით შეგიძლია ისაუბრო, როგორც ღვთაებაზე“, - გვითხრა ნიკოლოზ ალექსიძემ მიუნხენში, სადაც მიმდინარეობს სამეცნიერო კონფერენცია თემაზე „რეპრეზენტაცია და იდენტობები მე-19 და მე-20 საუკუნეების საქართველოში“.

კონფერენცია იმართება გერმანია-საქართველოს მეგობრობის წელთან დაკავშირებით. 2017 წელს აღინიშნება საქართველოში პირველი მოსახლეების ჩასვლის მე-200 წლისთავი და, ასევე, საქართველოსა და გერმანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 25-ე წლისთავი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG