Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში ადასტურებენ, რომ მიმდინარეობს გამოძიება ტრამპის გუნდის წევრებსა და რუსეთს შორის შესაძლო კონტაქტების დასადგენად


აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი, ჯეიმს კომი ადასტურებს, რომ მიმდინარეობს გამოძიება რუს ოფიციალურ პირებსა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გუნდის წევრებს შორის შესაძლო კონტაქტების დასადგენად. კომიმ ეს განცხადება გააკეთა დღეს, წარმომადგენელთა პალატის საკომიტეტო მოსმენაზე, რომელიც იმართება აშშ-ში 2016 წლის საარჩევნო კამპანიაზე რუსეთის სავარაუდო გავლენის შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად. „როგორც ცნობილია, ჩვეულებრივ არ ვადასტურებთ ხოლმე გამოძიების მიმდინარეობის ფაქტს, განსაკუთრებით ისეთი გამოძიებისას, რომელიც გასაიდუმლოებულ მასალებს მოიცავს. მაგრამ გამონაკლის შემთხვევებში, როცა საქმე საზოგადოებრივ ინტერესს ეხება, შესაძლოა ეს გამართლებული იყოს, როგორც გათვალისწინებულია იუსტიციის სამინისტროს წესებით. ახლა საქმე სწორედ ასეთ შემთხვევასთან გვაქვს“, - განაცხადა ჯეიმს კომიმ. მისივე განცხადებით, გამოძიების ფედერალურ ბიუროს არ გააჩნია ინფორმაცია, რომელიც გაამყარებდა ტრამპის მიერ გამოთქმულ ბრალდებას, რომ პრეზიდენტ ბარაკო ობამას მმართველობისას, ობამას დავალებით უსმენდნენ ტრამპის კერძო ოფისებს ნიუ-იორკში. დაზვერვის საკითხების კომიტეტი არის აშშ-ის კონგრესის კომიტეტებიდან მხოლოდ ერთ-ერთი, რომელიც იძიებს წინასაარჩევნო კამპანიაში რუსეთის შესაძლო ჩარევას. აშშ-ის დაზვერვის სააგენტოებმა იანვარში გამოაქვეყნეს ანგარიში, რომლის თანახმადაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თვითონ გასცა განკარგულება აშშ-ის საპრეზიდენტო კამპანიაზე გავლენის მოსახდენი ზომების მიღების შესახებ. ამ ანგარიშის თანახმად, რუსეთის ზომები ითვალისწინებდა ჰაკერულ თავდასხმებს, ინფორმაციის გაჟონვასა და სხვა ზომებს, რათა ძირი გამოეთხარა აშშ-ის საარჩევნო სისტემის მიმართ ნდობისათვის და შეემცირებინა არჩევნებში პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატის, ჰილარი კლინტონის გამარჯვების შანსი. ამ ანგარიშის თანახმად, რუსეთი აშკარად უპირატესობას ანიჭებდა ტრამპის გამარჯვებას. რუსეთი ბრალდებას უარყოფს და ტრამპიც უარყოფს მოსაზრებებს, რომ მოსკოვი მის დასახმარებლად მოქმედებდა.

XS
SM
MD
LG