Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ზუგდიდის სოფლების ნაწილში გაზიფიცირება ჯერ არც დაწყებულა


ზუგდიდი
ზუგდიდი

ჯერ დაზუსტებული არ არის, როდის დასრულდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში გაზიფიცირების პროცესი. გამგეობის მონაცემებით, ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტის 48 ტერიტორიული ერთეულიდან გაზიფიცირებულია ნაწილი, ზოგიერთ უბნებში კი გაზიფიცირება უახლოეს დღეებში დასრულდება. საუბარია სულ 30 სოფელზე. მთავრობის მიერ თანხების ჩარიცხვაზეა დამოკიდებული, როდის დაიწყება ეს პროცესი დარჩენილ 18 ადმინისტრაციულ ერთეულში.

გადმოწერა

სოფლებში, სადაც სამშენებლო სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა, მოსახლეობა გაზიფიცირებას ითხოვს. ამბობენ, რომ წლებია ბუნებრივი აირით უზურუნველყოფას უშედეგოდ ელოდებიან. იმ სოფლის მკვიდრნი კი, სადაც ეს პროცესი უკვე დასრულდა, კმაყოფილებას გამოთქვამენ, რადგან კომუნალური ხარჯები შეუმცირდათ:

„ჩვენ გაზი კი არა, გამრიცხველიანებაც არ გვაქვს ჯერ. ჩვენ ვართ ისე დარჩენილები. გვერდით უბანი რომ არის, ტელმანი, იქ შემოყვანილია, მაგრამ ჯერ იქაც არ არის ჩართული, რაღაც ხარვეზები არისო. იქნებაო მალე, ამბობენ და არ ვიცი, როდის არის ეს მალე - უსასრულობაში, ალბათ. ვადებს არ ამბობენ დაზუსტებით“, - ამბობს სოფელ ოქტომბერში მცხოვრები ლამზირა შედანია.

„მე კახათში ვცხოვრობ და გაზი უკვე გვაქვს. შედარება არ არის, ისე შემცირდა ჩვენი ხარჯები. იაფი ჯდება. სად ის, რომ თვეში 35 ლარი გვიჯდებოდა მისი დატენვა და სად ეს. ახლა 10 ლარამდე ვხარჯავთ, მეტს არა“, - გვითხრა კახათში მცხოვრებმა ნინო ბარამიამ.

„ჩვენთან, მაგალითად, მე ინგირში ვცხოვრობ და ჯერ არ არის. ოჯახებში არ არის შემოყვანილი“, - ამბობს ნუკრი მიქაია.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ, სურვილის მიუხედავად, გაზის გარეშე დარჩენილ სოფლებში სამუშაოები ვერ დაიწყება შესაბამისი თანხების მოძიებამდე:

„ეს არის მთავრობის გადასაწყვეტი. წელს ჩვენ 20 მილიონიდან ჩაგვისვეს მარტო ორი სოფელი - ნაცატუ და ურთა. ამ ორ სოფელს აკეთებს გაზის ტრანსპორტირების კომპანია. ,,სოკარი“ კი მთლიანად დაამთავრებს ანაკლიის, განმუხურის და ოდიშის გაზიფიცირებას. მთავრობა დამატებითი თანხების მოძიების პროცესშია და შეიძლება სხვა სოფლებიც დაგვემატოს, იმიტომ რომ საზღვრისპირა სოფლებიდან დაგვრჩა შამგონა და ტყაია“, - უთხრა რადიო თავისუფლებას გამგეობის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის არქიტექტურის განყოფილების უფროსმა დავით ესებუამ.

ამ ეტაპზე კომპანია „სოკარი“ გაზის მილების დაქსელვით სამუშაოებს ასრულებს შვიდ სოფელში. კომპანიის სამეგრელო-გურიის რეგიონალური ოფისის ზუგდიდის სერვისცენტრის მენეჯერ გიორგი დარსანიას ინფორმაციით, ეს ის ადმინისტრაციული ერთეულებია, სადაც სამუშაოები გასულ წელს დაიწყო.

„სოფლებში, რომლებიც დარჩენილია, თვითონ სახელმწიფო დაიწყებს მშენებლობას. ასე რომ, ტენდერში ვინ გავა და ვინ გააკეთებს, ჩვენ არ ვიცით“, - თქვა გიორგი დარსანიამ.

იმ სოფლებში, სადაც „სოკარმა“ დაქსელვითი სამუშაოები გასულ წელს დაიწყო, გაზის ჩართვა მომდევნო კვირის ბოლოსთვის არის დაგეგმილი. რაც შეეხება დარჩენილ 18 ადმინისტრაციულ ერთეულს, როგორც გამგეობაში განმარტავენ, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის მოიძიებს შესაბამის თანხებს მთავრობა.

XS
SM
MD
LG