Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული ლიტერატურა უცხოელი მკითხველისთვის


წიგნის ეროვნული ცენტრის პრეზენტაცია
წიგნის ეროვნული ცენტრის პრეზენტაცია

რას შესთავაზებს საქართველო უცხოელ მკითხველს 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, როგორ ემზადებიან წიგნის ყველაზე დიდი საერთაშორისო ფესტივალისთვის ქართველი ავტორები, გამომცემლობები და წიგნის ეროვნული ცენტრი. ამ თემებზე სასაუბროდ 11 აპრილს მწერალთა სახლში შეიკრიბნენ ისინი და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

გადმოწერა

ქართული ლიტერატურა 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ფესტივალის მოლოდინშია. წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე სტუმარი ქვეყნის სტატუსი ქართულ ლიტერატურასა და კულტურას არაერთ შესაძლებლობას სთავაზობს და, ამასთანავე, გამოწვევების წინაშეც აყენებს. ერთ-ერთი მთავარი შესაძლებლობა და გამოწვევა კი ქართველი ავტორების წიგნების უცხო ენებზე თარგმნა და უცხოელი მკითხველისთვის შეთავაზებაა. ამ პროცესში ერთ-ერთ მთავარ როლს წიგნის ეროვნული ცენტრი ასრულებს. 2014-17 წლებში ცენტრის ხელშეწყობით ქართველი ავტორების 160-ზე მეტი წიგნი ითარგმნა როგორც ევროპულ, ისე აღმოსავლურ ენებზე. გაიმართა რამდენიმე ათეული ლიტერატურული ღონისძიება, პროფესიული სემინარები და სხვა. ფესტივალის მოახლოებასთან ერთად ქართველი ავტორების მიმართ მზარდ დაინტერესებაზე ლაპარაკობს დეა მეტრეველი, წიგნის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი. 11 აპრილს მწერალთა სახლში გამართულ შეხვედრაზე წიგნის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა მწერლებსა და გამომცემლობებს სამომავლო გეგმები გააცნეს და ურთიერთთანამშრომლობის აუცილებლობაზე ისაუბრეს:

„ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, ეს გახლავთ უცხოელი გამომცემლობების მაქსიმალური დაინტერესება მნიშვნელოვანი ქართული ლიტერატურული ნამუშევრებით და ქართველი ავტორებით - ყველა ჟანრს ვგულისხმობ - და, ასევე, ქართული საგამომცემლო სექტორის გაჯანსაღება. მოგეხსენებათ, საავტორო უფლებების გაყიდვა, ზოგადად, ქართველი ავტორების წარმატება საზღვარგარეთ პირდაპირპროპორციულად აისახება ქართველ გამომცემლებზეც და ეს არის ერთგვარი ჯაჭვი იმ ჯანსაღი პროცესისა, რომელიც, საბოლოო ჯამში, მიგვიყვანს ერთ მთავარ შედეგამდე - ქართული ლიტერატურა გახდეს პოპულარული საზღვარგარეთ და გაჯანსაღდეს ქართული საგამომცემლო სექტორი“.

დეა მეტრეველი
დეა მეტრეველი

ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით საინტერესოა წიგნის ეროვნული ცენტრის ის მთარგმნელობითი პროგრამა, რომელიც განკუთვნილია იმ ქართული და უცხოური გამომცემლობებისთვის, რომლებსაც სურთ ქართული ლიტერატურის უცხო ენებზე და უცხოური ლიტერატურის ქართულ ენაზე თარგმნა და გამოცემა. შვიდკაციანი სამეთვალყურეო საბჭო არა მხოლოდ განიხილავს და შემდეგ კონსულტაციას უწევს წიგნის ეროვნულ ცენტრს, თუ რომელი წიგნები ან რა ჟანრის წიგნები შესთავაზონ უცხოელ გამომცემლებს, არამედ საბჭო გადაწყვეტილების მიღების ფუნქციითაცაა აღჭურვილი. 2016-18 წლების სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, მთარგმნელი ანი კოპალიანი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ ეს ფუნქცია საბჭოს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ანიჭებს, თუმცა, მისივე თქმით, ასევე საკმაოდ საინტერესოა საბჭოს მუშაობა, რადგან მისი წევრები მონაწილეობას იღებენ ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციაში:

„ჩვენ არ ვართ ძალიან კრიტიკულები. ჩვენ ვარჩევთ მაქსიმალურად დიდ სპექტრს ავტორებისა. შემდეგ უკვე კეთდება მათი ნაწარმოებების საცდელი თარგმანები და არჩევანი ძირითადად ჩვენზე კი არ არის, არის უცხოურ გამომცემლობებზე, თუმცა ჩვენ ვცდილობთ, რომ რაღაცნაირად ისე შევთავაზოთ წიგნები, რომ გემოვნებიანი კუთხით წარვდგეთ ევროპელი და არამხოლოდ ევროპელი მკითხველის წინაშე“.

როდესაც საქმე ეხება ქართველი ავტორების უცხო ენებზე გამოცემას, ცხადია, ამ საკითხში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობენ თავად ქართველი გამომცემლობები. სწორედ მათი აქტიურობა წიგნის საერთაშორისო ბაზრობებზე, შეხვედრები უცხოელ კოლეგებთან ასრულებს მნიშვნელოვან როლს ქართული წიგნების თარგმნაში. გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“ ერთ-ერთი ის ქართული გამომცემლობაა, რომელიც აქტიურად სთავაზობს საკუთარ პროდუქტს უცხოურ გამომცემლობებს. ნინია მაჭარაშვილი, გამომცემლობის დირექტორის მოადგილე, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ მიმდინარე წელს წიგნის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით ხუთი ავტორის წიგნი ითარგმნება გერმანულ, აზერბაიჯანულ და თურქულ ენებზე. ნინია ამბობს, რომ უცხოელი გამომცემლობების დაინტერესება არ არის ადვილი პროცესი:

ნინია მაჭარაშვილი
ნინია მაჭარაშვილი

„აქ არის რამდენიმე ძალიან რთული კომპონენტი, რადგან ჩვენ ამ ადამიანებთან ძირითადად ვთანამშრომლობთ დისტანციურად, საქართველოდან და არ გვაქვს აქტიური მიმოსვლა ევროპის სხვადასხვა ქვეყანასთან, სადაც ისინი მუშაობენ. მიმდინარეობს ძალიან რთული პროცესი, თუ რატომ უნდა ითარგმნოს ესა თუ ის ავტორი, რამდენად მნიშვნელოვანია მისი ტექსტი, რას მისცემს ეს ტექსტი უცხოენოვან აუდიტორიას, რომლებმაც არაფერი იციან საქართველოსა და ქართული ლიტერატურის შესახებ“.

მწერლების აქტიურობის აუცილებლობაზე საუბრობს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის პრეზიდენტი და გამომცემლობა „ინტელექტის“ წარმომადგენელი გვანცა ჯობავა. როგორც ის ამბობს, ცხადია, ქართული გამომცემლობები ბევრს აკეთებენ იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტი ქართველი ავტორი იყოს წარმოდგენილი ფრანკფურტის 2018 წლის წიგნის ბაზრობაზე, მაგრამ, მისი თქმით, გამომცემლობებს ძალიან სჭირდებათ თავად ავტორების აქტიურობაც, რადგან, გვანცა ჯობავას დაკვირვებით, გარდა იმისა, რომ წიგნი ლიტერატურულ ღირებულებას უნდა წარმოადგენდეს, უცხოელი კოლეგები აკვირდებიან იმასაც, თუ რამდენად აქტიურია ესა თუ ის ავტორი საზოგადოებრივ ცხოვრებაში:

„როდესაც ესა თუ ის გამომცემლობა გადაწყვეტს, რომ ქართველი ავტორის წიგნი გამოსცეს, მათ სჭირდებათ დახმარება როგორც ჩვენგან, ისე ავტორის მხრიდან, რომ გაამართლონ, თუ რატომ თარგმნიან ისინი ამ წიგნს. ამიტომ ეს პერიოდი, რომელიც გვაქვს დარჩენილი 2018 წლამდე, არის სამუშაო პროცესი როგორც გამომცემლობებისთვის, ისე ავტორებისთვის. ჩვენც, ცხადია, ჩვენს ავტორებთან ერთად ვიზრდებით. ეს ჩვენთვისაც პირველი პროექტია და მათთან ერთად ვსწავლობთ. მე ხშირად გამიგია, რომ ავტორი შევარჩიე იმიტომ, რომ შევხვდი მას პირადად და ძალიან საინტერესოდ საუბრობდა, ძალიან მხიარული იყო. თითოეულ ამ დეტალს, რამდენად უცნაურიც არ უნდა იყოს, აქცევენ ყურადღებას. მე ვიცი, რომ მსოფლიოში არსებობენ ავტორები, რომლებსაც საერთოდ არ ევალებათ ეს პრეზენტაბელურობა და მათ აქვთ ფუფუნება, რომ დასხდნენ სახლში, დაწერონ და ყველა ელოდება მათ წიგნს და ჩვენც საქართველოში გვყავს ბევრი ასეთი ავტორი, მაგრამ, სამწუხაროდ, საერთაშორისო მასშტაბით რადგან არ არის დიდი ინტერესი ჩვენი ქვეყნის მიმართს, ეს ფუფუნება ჩვენ არ გვაქვს“.

თავისი რომანის თარგმნას ელოდება მწერალი ალეკო შუღლაძე. წიგნი, სახელწოდებით „გადამალვა“, გამოცემისთანავე იქცა მკითხველისა და ლიტერატორების განხილვის საგნად. ამ წიგნზე ამბობენ, რომ ის ბოლო პერიოდში გამოქვეყნებული რომანებიდან ერთ-ერთი საუკეთესოა. ამ წიგნზე წერენ, რომ მისი კითხვისას იმდენად ძლიერია თანაგანცდა, რომ ვეღარ გაარკვეულხარ, სად შენ ხარ და სად წიგნის პერსონაჟები. ავტორის იუმორი, სევდა თუ ემოცია ყველასთვის საერთო თუ ნაცნობია. თანაგანცდა, რომელსაც წიგნის პერსონაჟები იწვევენ მკითხველში, ნაცნობია როგორც ქართველი მკითხველისთვის, ისე ნაცნობი უნდა იყოს არაქართველი მკითხველისთვისაც. ასე ფიქრობს თავად წიგნის ავტორიც:

„არ მინდოდა მარტო საქართველოში და ქართულ სივრცეში ჩაკეტილიყო ეს წიგნი, იმიტომ რომ რაღაცნაირად ყოველთვის მეგონა, რომ დედამიწა ერთი მთლიანია და პრობლემებიც ადამიანებს ძალიან ხშირად ერთნაირი აქვთ. დედა ჰყავს ყველას, ავადმყოფი დედა შეიძლება ჰყავდეს ყველას და, შესაბამისად, ნებისმიერი ეს ავადმყოფობა იქნება, მეგობრობა თუ ტრადიციები, რომელსაც მე დავუპირისპირდი, მგონია, რომ მსოფლიოსთვის საინტერესოა. ყოველ შემთხვევაში, მინდოდა, რომ ეს ასე ყოფილიყო. ჩვენთან ასეთი აზრი ტრიალებს, რომ უცხოელები კარგები არიან, ქართველები - არა. დავუშვათ, მსოფლიო მასშტაბის მწერალია ფამუქი, ჩვენთან არ არის ასე, მაგრამ მე ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ქართველ ადამიანს შეუძლია წამოჭრას და გადაჭრას, დასვას ისეთი სერიოზული კითხვა, რომელიც მსოფლიოში ყველას დააინტერესებს. ეს საქართველოა, ომიც გადავიარეთ, მშვიდობაც, შეთქმულებებიც, გაჭირვება, მდიდარი ქვეყანაც ვიყავით... სერიოზული გამოცდილება გვაქვს. უბრალოდ, აუცილებელია, რომ ქართველი მწერალი იქნება თუ შემოქმედი ნებისმიერ სფეროში, ჰქონდეს თავისი კონცეფცია. ეს მნიშვნელოვანია, რომ ის მოვიდეს თავისი კონცეფციით და არ იყოს ზედაპირული. რთულია ახალი კონცეფციის გამოგონება, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ჩვენი რაღაც შევთავაზოთ, თუნდაც, მაგალითად, ჩვენი იუმორი და ა.შ.“.

XS
SM
MD
LG