Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მწერალი, მოსწავლეები და ევროპული ღირებულებები


დათო ტურაშვილის შეხვედრა ნიქოზის მოსწავლეებთან
დათო ტურაშვილის შეხვედრა ნიქოზის მოსწავლეებთან

ერთ დღეს ქეთი თედეევი დათო ტურაშვილს დაუკავშირდა და ნიქოზში ჩასვლა სთხოვა თანასოფლელ ბავშვებთან ოკუპაციასა და ევროპულ ღირებულებებზე სასაუბროდ. მწერალმა მიწვევა მიიღო და ევროპის ფონდის წარმომადგენლებთან ერთად, წიგნებით დატვირთული, ნიქოზისკენ გაემართა.

გადმოწერა

მზიანი, მაგრამ სუსხიანი დღე იყო. დეკემბრის მზეს ძალა დაეკარგა. სოფლის შესასვლელთან მანქანას პოლიციელები გადაუდგნენ. კონფლიქტის ზონაში შესასვლელად შესაბამისი პროცედურების გავლა იყო საჭირო. შემოწმებამ დიდხანს არ გასტანა. პოლიციელმა მწერალი იცნო. შეხვედრა სოფლის ბიბლიოთეკაში გაიმართა. ეს ბიბლიოთეკა სოფლის ახალგაზრდების ინიციატივით გაიხსნა და წიგნად ფონდსაც ნელ-ნელა ავსებენ. საუბარი თბილისში, ხორავას ქუჩაზე, დატრიალებული ტრაგედიით დაიწყო და განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებზე როგორც მოზარდებმა, ისე მწერალმა საკუთარი აზრი გამოთქვეს. ტურაშვილის აზრით, სისტემა ზევიდან, მოსწავლეების გარეშე, ვერ შეიცვლება - ახალგაზრდებმა საკუთარი აქტივიზმით, მოთხოვნებით თავად უნდა შეცვალონ ეს სისტემა, თუ უნდათ, რომ განვითარებულ ქვეყანაში იცხოვრონ. ქეთი თედეევი ამბობს, რომ სოფლად მცხოვრებ ბავშვებს, რომელთა ოჯახები მძიმე სოციალურ პირობებში იმყოფებიან, ხშირად წიგნის შეძენისა და თანამედროვე ლიტერატურის გაცნობის საშუალება არა აქვთ. განათლების ხელმისაწვდომობაც სოფლად უფრო შეზღუდულია, ვიდრე ქალაქში, ამიტომ ასეთი შეხვედრებით ახალგაზრდები ახალ ცოდნას იღებენ და წიგნის მიმართ ინტერესი უჩნდებათ.

ნიქოზის სკოლის მოსწავლემ, გიორგი ნადირაძემ, გულწრფელად აღნიშნა, რომ სტალნის შესახებ უფრო მეტი გაიგო, ვიდრე აქამდე ოჯახის წევრებისგან იცოდა.

სოფელი ნიქოზი ცხინვალიდან რამდენიმე ასეულ მეტრში მდებარეობს. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ეს სოფელი ყველაზე მეტად დაზარალდა. ომის შემდეგ სოფლიდან ახალგაზრდების მიგრაციაც დაიწყო, მაგრამ მოგვიანებით, ცხინვალ-ნიქოზის ეპარქიის მიტროპოლიტ ისაიას (ჭანტურია) ძალისხმევით, სოფელში ხელოვნების საკვირაო სკოლა გაიხსნა და ბავშვებისთვის გაჩნდა სივრცე, სადაც ისინი ახლა ხელოვნებას ეზიარებიან. სოფლის ბიბლიოთეკაში ყველაზე დიდხანს სტუმრებმა და მასპინძლებმა ოკუპაციაზე, ანტიდასავლურ პროპაგანდასა და ევროპულ ღირებულებებზე ისაუბრეს. სოფელ ნიქოზში, რომელიც გამყოფ ხაზთან ახლოს მდებარეობს, ცხინვალიდან რუსული ტელეარხების მაუწყებლობა დაუბრკოლებლად ვრცელდება და ხშირ შემთხვევაში ადგილობრივ მოსახლეობას სხვა არჩევანიც აღარ რჩება. რუსული პროპაგანდა კი საოკუპაციო გამყოფი ხაზის სოფლებში ძალას იკრებს. დისკუსიას სტალინის საკითხის გარეშეც არ ჩაუვლია. მოსწავლეები მწერლის აზრით დაინტერესდნენ. დათო ტურაშვილმა მარტივად ახსნა, რატომ არ არის იოსებ სტალინი პოზიტიური ისტორიული პირი და ქართველი მოღვაწე.

დათო ტურაშვილი, ლაშა ბუღაძე და რატი ამაღლობელი ახალგაზრდებს ხვდებიან და მათ ევროპულ ღირებულებებზე ესაუბრებიან, ესაუბრებიან იმ სტერეოტიპებზე, რომლებიც საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას ყველაზე მეტად აფერხებს...

ნიქოზის სკოლის მოსწავლემ, გიორგი ნადირაძემ, გულწრფელად აღნიშნა, რომ სტალნის შესახებ უფრო მეტი გაიგო, ვიდრე აქამდე ოჯახის წევრებისგან იცოდა.

შეხვედრის დასასრულს დათო ტურაშვილმა თქვა, რომ რეგიონების ახალგაზრდებთან მწერლების, სამოქალაქო აქტივისტებისა და საზოგადოების წარმომადგენელთა შეხვედრები ხშირად უნდა გაიმართოს და სულ უფრო მეტი ილაპარაკონ დასავლურ ღირებულებებზე, ადამიანის უფლებებზე, ტოლერანტობაზე, ჩაგვრის მიუღებლობაზე, სიკეთესა და ლიტერატურაზე. მხოლოდ ამ გზით განათლებული ახალგაზრდების ძალისხმევით შეიცვლება ვითარება.

ევროპის ფონდი, პროექტის „მწერლები ევროპული ღირებულებებისთვის“ ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით მწერლებისა და მოზარდების შეხვედრებს აწყობს. დათო ტურაშვილი, ლაშა ბუღაძე და რატი ამაღლობელი ახალგაზრდებს ხვდებიან და მათ ევროპულ ღირებულებებზე ესაუბრებიან, ესაუბრებიან იმ სტერეოტიპებზე, რომლებიც საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას ყველაზე მეტად აფერხებს, ამ გზაზე კი, პირველ რიგში, მენტალური ცვლილებებია საჭირო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG