Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მათ მწვანე შუქი აუნთეს“: მოწმეები რუსეთის პოლიციის სისასტიკეზე ჰყვებიან


რუსეთის მთავრობა ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერად გამართული საპროტესტო აქციების მონაწილეებს კანონდამრღვევ ხულიგნებად წარმოაჩენს და აცხადებს, რომ ხელისუფლება იძულებული იყო, მათ ძალით გასწორებოდა. სხვაგვარი ინფორმაცია აქვთ თვითმხილველებს.

კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, საქმე ეხებოდა უკანონო ღონისძიებებს. „ცხადია, ხულიგნებსა და პროვოკატორებთან მოლაპარაკებები შეუძლებელია“, განაცხადა მან 1 თებერვალს.

მაგრამ რეალური სურათი სხვაგვარია. 31 იანვრის საპროტესტო გამოსვლების თვითმხილველთა მონაყოლიდან ნათელი ხდება, რომ პოლიცია წინასწარ შემუშავებული გეგმით მოქმედებდა და მაქსიმალური სისასტიკით ცდილობდა დაეთრგუნა დემონსტრანტები, რომელთა დიდი უმრავლესობა მშვიდობიანად აპროტესტებდა ალექსეი ნავალნის დაპატიმრებას.

„პოლიციას მიეცა ამოცანა, რომ ნებისმიერ ფასად ჩაეხშო საპროტესტო გამოსვლები“, განაცხადა მოსკოვის ქალაქის საკანონმდებლო ორგანოს წევრმა ევგენი სტუპინმა, რომელიც დემონსტრაციების დროს დააკავეს. „და ისინი ასეც მოქმედებდნენ. მე ვფიქრობ, მათ მწვანე შუქი აუნთეს ნებისმიერი ბოროტების ჩასადენად. და, ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება ქვეყნის ხელმძღვანელობის უმაღლეს დონეზე იქნა მიღებული“.

სტუპინის თქმით, როცა 31 იანვარს ქალაქის ცენტრისკენ მიმავალი ქუჩები გადაკეტილი დახვდა, მან მეტროთი გადაწყვიტა დემონსტრაციის ადგილზე მისვლა.

„როგორც კი მეტროს სადგური დავტოვეთ, პოლიცია მოგვიახლოვდა მე და ჩემს ერთ-ერთ ასისტენტს და მაშინვე წაგვიყვანეს პოლიციის მანქანაში“, უთხრა მან რადიო თავისუფლებას.

პოლიციის მიერ დასისხლიანებული მამაკაცი სანქტ-პეტერბურგში გამართულ აქციაზე. 2021 წ. 31 იანვარი.
პოლიციის მიერ დასისხლიანებული მამაკაცი სანქტ-პეტერბურგში გამართულ აქციაზე. 2021 წ. 31 იანვარი.

იურიდიული ნონსენსი

სტუპინის თქმით, მანქანა უკვე სავსე იყო. მას მერე, რაც ისინი მანქანაში შეტენეს, ის მოსკოვის გარეუბან სევერნოე ტუშინოსკენ გაემგზავრა. ნახევარი საათის შემდეგ იკითხეს, იყო თუ არა მანქანაში სტუპინი. „როგორც ჩანს, ვიღაცამ დაურეკა მათ“, იხსენებს კანონმდებელი. „მე გამოვეპასუხე და მანქანა უბრალოდ შუა ქუჩაში გაჩერდა... და მე გადმომსვეს. სხვები კი წაიყვანეს“.

სტუპინის თქმით, მან მაინც მიაღწია დაკავების ცენტრში, რათა სხვა დაკავებულებს დახმარებოდა. მათ უმრავლესობას ფეხით მავალთა და ტრანსპორტისთვის დაბრკოლების შექმნის ბრალდება წაუყენეს. მისი თქმით, ეს „იურიდიული ნონსენსია“, ვინაიდან, სტუპინის თქმით, „ისინი არავის უშლიდნენ ხელს“.

ცნობილი ჟურნალისტი ნიკოლაი სვანიძე, რომელიც პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ოფისთან არსებული ადამიანის უფლებების საბჭოს წევრია, თავის მეუღლესთან ერთად დააკავეს მოსკოვის საპროტესტო გამოსვლებისას.

„მე მოედანზე დამაკავეს, სკლიფოსოვსკის საავადმყოფოს პირდაპირ“, თქვა სვანიძემ. „მე და ჩემი ცოლი ახალმისულები ვიყავით. იქ დაგვხვდა ალექსანდრ ვერხოვსკი, კოლეგა ადამიანის უფლებების საბჭოდან. ისიც მეუღლესთან ერთად იყო. იქ ჩვენ ვიმყოფებოდით, როგორც ადამიანის უფლებების საბჭოს დამკვირვებლები“.

სვანიძე იხსენებს, რომ მათთან ორი ტანმაღალი მამაკაცი მივიდა. „სპეცრაზმელების აღჭურვილობა ეცვათ, ეგრეთ წოდებული კოსმონავტების ტანსაცმელი, გაურკვეველი წარწერებით. საკუთარი ვინაობა არ უთქვამთ და თავაზიანად, მაგრამ ენერგიულად ჩამჭიდეს ხელები მკვლავებში და პოლიციის ავტობუსისკენ წამიყვანეს... ვეცადე, ჩემი ვინაობა დამედასტურებინა, მაგრამ ყური არ მიგდეს და ავტობუსთან მიმიყვანეს. ბოლოს აღმოვჩნდი ავტობუსში, ძალიან სასიამოვნო ახალგაზრდებთან ერთად“.

ნიკოლაი სვანიძე
ნიკოლაი სვანიძე

როგორც სვანიძე ჰყვება, დაახლოებით 20 წუთის შემდეგ მისმა მეუღლემ მოახერხა აეხსნა ერთ-ერთი პოლიციელისთვის, ვინ იყო მისი ქმარი.

„იმწამსვე, თითქოს მიწიდან ამოვიდაო, გაჩნდა სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული კაცი“, ამბობს სვანიძე. აღმოჩნდა, რომ ეს სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი კაცი მაღალი თანამდებობის პირი იყო. ის სწრაფად მივიდა პოლიციის ავტობუსთან და სვანიძე გაათავისუფლებინა.

„ჩემთვის ყველაფერი ნორმალურად დასრულდა, მაგრამ ვერ გავიგე, საერთოდ რატომ დამაკავეს. არა მხოლოდ უარი თქვეს საკუთარი ვინაობის დასახელებაზე, არამედ უარი თქვეს, აეხსნათ, რატომ მაპატიმრებდნენ“.

სვანიძის თქმით, არც ქუჩაში, არც პოლიციის ავტობუსში არ უნახავს არც ერთი ნასვამი ადამიანი და არ გაუგია გინება. „ყველა თავაზიანად იქცეოდა. იყო პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმართული ზოგი ძალიან მკვეთრი ლოზუნგი, მაგრამ არცერთი სალანძღავი სიტყვა არ გამოუყენებიათ, არ ყოფილა პირადი შეურაცხყოფა. პირადად მე არ მინახავს პოლიციის სისასტიკის შემთხვევები, მაგრამ ბევრი ასეთი შემთხვევის შესახებ წავიკითხე. ვნახე მხოლოდ უზარმაზარი რაოდენობის დაკავებული ხალხი... საკუთარი გამოცდილებით შემიძლია მხოლოდ ვიკითხო - ყველა ეს ადამიანი რაიმე მიზეზით დააკავეს?“

რუსეთში დემონსტრანტები არ ერიდებიან დაკავებას და სასტიკ ყინვას
please wait

No media source currently available

0:00 0:02:03 0:00

სრულიად უდანაშაულო სამოქალაქო პირები

თათარსტანის დედაქალაქ ყაზანში YouTube-ზე პირდაპირი რეპორტაჟისას დააკავეს ჟურნალისტი და ვლადიმირის ოლქის საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატი მაქსიმ შევჩენკო.

„პოლიცია ძალიან აგრესიულად იქცეოდა“, თქვა შევჩენკომ. მისი სიტყვებით, პოლიცია უცებ გაჩნდა და დევნა დაუწყო რამდენიმე ადამიანს და მას, როცა ის პირდაპირ ეთერში იყო. შევჩენკოს პოლიციის საველე ფორმაში გამოწყობილი ორი მამაკაცი მიუახლოვდა და ის გააკავეს.

„მაგრამ თათარსტანში საკმაოდ კარგად მიცნობენ და სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული რამდენიმე პირი მოვარდა და მათ უბრძანეს, გავეთავისუფლებინე“, იხსენებს შევჩენკო. „მაგრამ სხვებს ასე არ გაუღიმა ბედმა. მოგვიანებით შეძრწუნებულმა ვუყურე ვიდეოს, როგორ ყრიდა ყაზანში პოლიცია ხალხს სახით თოვლში“.

ჟურნალისტის თქმით, მან არ იცის, რატომ მოქმედებდა პოლიცია ამგვარად. „რატომ სცემდა პოლიცია სრულიად უდანაშაულო სამოქალაქო პირებს? დიდი ალბათობით, ვიღაცის ბრძანებით მოქმედებდნენ. ალბათ მათ უთხრეს, რომ საპროტესტო აქციების მონაწილეები რაღაც ბოროტმოქმედები იყვნენ, საშინელი ლიბერალები ან „ნავალნისტები“. მაგრამ არცერთი „ნავალნისტი“ არ მინახავს. ყველა მეუბნებოდა, რომ ქუჩაში გავიდნენ, ვინაიდან მობეზრდათ კორუფცია, ავტორიტარიზმი და უკანონობა. საპროტესტო გამოსვლების მთავარი საკითხი ნავალნი არ ყოფილა. ეს იყო უზარმაზარი სოციალური უთანასწორობისა და ადგილობრივი და რეგიონული პრობლემების მთელი წყების გამო“.

მოსკოველი კანონმდებლის, სტუპინის თქმით, პოლიციის სისასტიკემ, შესაძლოა, დააშინა ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეები, მაგრამ ბევრი სხვა კიდევ უფრო „რადიკალურად განეწყო“.

„ვფიქრობ, ეს ხალხი აღშფოთებულია და შემდგომში შეიძლება სხვაგვარად მოიქცეს“, თქვა მან. „შეიძლება უფრო ნაკლები ადამიანი გამოვიდეს, მაგრამ ისინი უფრო აგრესიულად იმოქმედებენ“.

XS
SM
MD
LG