Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ხდება, როცა ორსულობა წყდება - რას ჰყვებიან ქალები


შეწყვეტილ ორსულობაზე, „მუცლის მოშლაზე“ ხშირად არ საუბრობენ, ერთი, რომ ქალებს ეს თემა ტკივილს აყენებთ, და მეორე - საზოგადოების ნაწილი ამ თემის საჯარო განხილვას ან ერიდება, ან მნიშვნელოვნად არ თვლის.

ნინომ და ნათიამ ამ თემაზე საუბარი ღიად გადაწყვიტეს, რადგან არაერთი ქალია, რომელიც მსგავს სიტუაციაში თავს იდანაშაულებს ან არ იცის, რა ელის აბორტის შემდეგ. მაგრამ როგორ ხვდება ქალის დანაკარგს სამედიცინო სისტემა და საზოგადოება?

ნინო სიხარულიძე 29 წლის იყო, როცა მშვიდი ორსულობის 23 კვირის თავზე ექიმის დახმარება დასჭირდა, მაგრამ ვერ მიიღო. 2021 წლის იანვარში, სეირნობიდან შინ დაბრუნებული, ძლიერმა კანკალმა აიტანა, უცბად აუწია სიცხემ. ოთხი დღე ნინო და მისი მეუღლე სასწრაფოში რეკავდნენ, მაგრამ პანდემიის პირობებში მათთან არავინ მივიდა. გინეკოლოგიც მხოლოდ ტელეფონით აძლევდა რჩევებს.

„ნამდვილად კარგი ექიმია, ბევრ ქალს დახმარებია, მაგრამ მე ეს დახმარება ვერ მივიღე“, - ამბობს ნინო.

მაშინ კლინიკები სავსე იყო კოვიდპაციენტებით და ჯანმრთელობის სხვა პრობლემები თითქოს მეორეხარისხოვანი გახდა. ამ პერიოდში ნინო და მისი ქმარი, როგორც თავად ამბობენ, „კლინიკებში კარდაკარ დადიოდნენ“, რომ ვინმეს ორსულის ჯანმრთელობა საფუძვლიანად შეესწავლა. როგორც იქნა, ერთ-ერთ კლინიკაში დააწვინეს, სადაც, ნინოს თქმით, ბევრი შეცდომა დაუშვეს დიაგნოზის დასმისა და მკურნალობის დროს.

„ექოსკოპია რომ გავიკეთე, რადიოლოგმა მითხრა, ძალიან ჯანმრთელი და აქტიური ბიჭიაო, ამის შემდეგ 5 წუთში უკვე ბავშვი აღარ იყო, მუცელი მომეშალა. განა ის 5 წუთი შეცვლიდა სიტუაციას, მაგრამ რადიოლოგმა ვერ დაინახა ვერაფერი.

შეთხზული დიაგნოზით გამომიშვეს უკან, ფორმა ასსაც ვერ ვკითხულობდი, რადგან იქ ეწერა, რომ ჩემი შვილი მკვდარი დაიბადა, ძალიან რთული იყო ჩემთვის ამის წაკითხვა, გააზრება და, მით უმეტეს, აქ რამის გამოძიება და გარკვევა, რატომ მოხდა ეს ყველაფერი“.

ნინო ჰყვება, როგორ გაიარა გააზრების და გლოვის პროცესი, რამაც უფრო ფრთხილი და დაკვირვებული გახადა თავისი ჯანმრთელობის მიმართ.

ნინო სიხარულიძე
please wait

No media source currently available

0:00 0:02:14 0:00


„მერე რა, კიდევ გააჩენ“, „ეგ რა არის, ნონას 38 კვირაზე მოეშალა“, „შენ კიდევ კარგად გადარჩი“, „თამუნას 4-ჯერ მოეშალა, მაგრამ კი ყავს ახლა ანგელოზივით შვილები“, - ნინოს მსგავსად, ალბათ ბევრს მოუსმენია ასეთი „მანუგეშებელი“ ფრაზები.

ფსიქოლოგი მარიამ ალანია ამბობს, რომ ასეთი ფრაზებით „გამხნევება“ ქალის განცდების გაუფასურებაა და მის მდგომარეობას არ ამსუბუქებს.

"პერიქეას" ფსიქოლოგი მარიამ ალანია
"პერიქეას" ფსიქოლოგი მარიამ ალანია

„დიდ ვადაზე მომისმენია, მთავარია შენ გადარჩი, პატარა ვადაზე ამბობენ - ხომ იცი, რომ სტატისტიკურად ასეა, - კი, ასეა, მაგრამ მერე რა?! ჩემი ტრავმა შემცირდა იმიტომ, რომ გავიგე, რომ ერთადერთი არ ვარ?! ტრავმას სჭირდება ემპათიური დამოკიდებულება.

ასეთ დროს მთავარია, ქალმა იგრძნოს გვერდში მყოფებისგან მხარდაჭერა, რომ - მე აქ ვარ, არ მაშინებს შენი მდგომარეობა, ტირი, იცინი, ლოგინიდან ადგომა არ გინდა თუ სხვა რამ... მე არ მეშინია“.

„ანბანი“, რისი გაკეთებაც თანაგრძნობის გამოხატვის მიზნით არ შეიძლება:

  • არ ვაკრიტიკებთ
  • არ ვაუფასურებთ
  • სხვებს არ ვადარებთ
  • გამოვხატავთ თანაგრძნობას და არა სიბრალულს

ნინომ დღემდე არ იცის, რა მოხდა, რატომ ვერ შეძლო პირველი შვილის შენარჩუნება, როცა თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა. დღეს ის უფრო მეტად სკეპტიკური და დაკვირვებულია ექიმების მიმართ.

მედიცინის დოქტორი, ექიმი მეან-გინეკოლოგი სოფიო ბოჯგუა ამბობს, რომ პირველ ორსულობაზე, როცა ცუდი გამოცდილება არ არსებობს, თეორიული რისკების გამოსარიცხად ღრმა და ძვირადღირებულ კვლევებს ექიმები თავს არიდებენ.

„პირველი “მუცლის მოშლის” შემდეგ უფრო მეტ გამოკვლევას ვაკეთებთ, მივდივართ გენეტიკის შესწავლისკენ, ვიკვლევთ მამას, სპერმას, ვიკვლევთ კვერცხუჯრედს, პრეიმპლანტაციური სკრინინგი, სისხლის დაავადებების პირველადი სკრინინგი, ან ზოგჯერ სხვა შემანარჩუნებელი თერაპია დაგვიწყია“, - განმარტავს იგი.

ნინო თავის გამოცდილებაზე დაყრდნობით, მათ, ვისაც შვილის ყოლა უნდა, ურჩევს, რომ მეტად დაგეგმონ ორსულობა, მოემზადონ სასიხარულო პერიოდებისთვისაც და შესაძლო გართულებების შემთხვევაში - საყურადღებო ნიშნებისთვისაც.

„მე არავინ მეუბნებოდა რისკების შესახებ და ბოლოს რითაც დამთავრდა, საერთოდ არ ვიყავი მზად, მეგონა, რომ უბრალოდ ცუდად ვიყავი.

ქალებს ვურჩევდი, რომ არ მოერიდოთ კითხვების დასმის, რაც არ უნდა სულელური ეჩვენოთ.

წინასწარ შეთანხმებული უნდა გყავდეთ ექიმი, რომ გასაჭირში არ მიგატოვებთ და თვითონ თუ ვერა, ისეთ ადამიანთან გადაგამისამართებთ, რომელიც დაგეხმარებათ“.

ორსულობის ადრეული შეწყვეტა, ყველაზე ხშირად, პირველ ტრიმესტრში 12-18 კვირამდე ხდება. სპონტანური ანუ თავისთავადი აბორტი ორსულების საერთო რიცხვის 2-8%-ს შეადგენს.

ნათია ქორქაშვილი ახლა 31 წლის არის და სამი წლის შვილი ჰყავს.

თუმცა, სანამ დედა გახდებოდა, 6 წლის წინ, ქორწინებიდან ერთი წლის შემდეგ, სამჯერ დაკარგა ნაყოფი. ისიც ნინოს მსგავსად, ქალებს ურჩევს, წინასწარ გაერკვიონ რა მეთოდებით კეთდება აბორტი - რა სამედიცინო თუ ემოციური პლუსები და მინუსები სდევს თითოეულ გზას.

მედიკამენტოზური მეთოდი გულისხმობს ორსულობის შეწყვეტას მედიკამენტებით, რომელსაც ძირითადად 6-8 კვირის ვადაზე მიმართავენ. ქირურგიული მეთოდი გულისხმობს ორსულობის შეწყვეტას ოპერაციის გზით.

ქირურგიული აბორტი შესაძლებელია ჩატარდეს ადგილობრივი ანესთეზიით, მაგრამ, როგორც სოფო ბოჯგუა ამბობს, თუკი პაციენტი განსაკუთრებით ღელავს პროცედურის გამო, შესაძლებელია ნარკოზის გამოყენებაც. [ექიმმა კონსულტაციის საფუძველზე უნდა შეგირჩიოთ აბორტის მეთოდი ორსულობის ვადების, თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და შეხედულებების გათვალისწინებით - რ.თ.]

გინეკოლოგი - სოფო ბოჯგუა
გინეკოლოგი - სოფო ბოჯგუა

„სამედიცინო ჩარევის მეთოდის არჩევისას საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს პაციენტი, მას შემდეგ, რაც მას სრულყოფილად მიეწოდება ინფორმაცია ყველა შესაძლო მეთოდის შესახებ უპირატესობებისა და რისკების მითითებით.

ყველა ქალი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ვერბალური ინფორმაციით აბორტის შემდგომი გართულებების შესახებ, როგორიცაა: ჭარბი სისხლიანი გამონადენი საშოდან, ცხელება, ტკივილი მუცლის ქვედა არეში, თავბრუსხვევა ან გონების დაკარგვა, ამ სიმპტომების არსებობისას აუცილებელია დაუყოვნებლივი სამედიცინო კონსულტირება“, - განმარტავს გინეკოლოგი სოფო ბოჯგუა.

„სამივეჯერ დამჭირდა ჩარევა, პირველ ჯერზე, რა თქმა უნდა, საერთოდ არაფერი ვიცოდი რა ხდებოდა, სად უნდა მივსულიყავი, ექიმს რჩევა არ მოუცია...

აბორტი ისე ჟღერს, სტრესს გაყენებს ქალს და ჩემთვის ძალიან რთული იყო ამის გადახარშვა, ძალიან გამიჭირდა, თან ამდენჯერ. მესამე მოშლაზე თან მალოდინა 2 დღე ექიმმა, სადღაც იყო, მერე კიდევ რომ მითხრა, შაბათ-კვირაც მოიცადეო, უკვე სხვასთან წავედი და კიდევ კარგი, მაშინვე გამიკეთეს ჩარევა, რადგან, როგორც იცით, სისხლი შეიძლება მოიწამლოს და სხვა პროცესები წავიდეს“, - ჰყვება ნათია.

ნათიაც, ნინოს მსგავსად, ეცადა, რეაბილიტაციისას საქმეებით დატვირთულიყო, რომ დანაკარგზე ფიქრის დრო არ ჰქონოდა. მაგრამ ამბობს, რომ მომხდარი გვიან გაიაზრა და ჯანმრთელობაზეც აისახა.

ნათია ქორქაშვილი ორსულობის შეწყვეტის შესახებ
please wait

No media source currently available

0:00 0:01:42 0:00

ნათიას შესაძლო ფსიქოლოგიურ სტრესზე ექიმებთან არ უსაუბრია. ფსიქოლოგი მარიამ ალანია ამბობს, რომ აბორტის შემდეგ ქალის ემოციური მდგომარეობის სწორი შეფასება სამედიცინო დაწესებულებაშივე უნდა მოხდეს, მისი თქმით, სწორედ გინეკოლოგი არის ის პირველი რგოლი, რომელსაც პაციენტთან აქვს შეხება და ვალდებულია აუხსნას, რა სირთულეები ახლავს ამ პროცესს, საჭიროების შემთხვევაში კი სხვა სპეციალისტთან გადაამისამართოს.

„სტატისტიკურად, იმ ქვეყნებში, სადაც ასეთი კვლევები ტარდება, თვითნებური ხშირი აბორტები, რომელიც 16 კვირამდე არის, თერაპიული სერვისის შემდეგ ეგ სიხშირე მკვეთრად მცირდება, ეს არ არის ერთადერთი და სწორხაზოვანი კავშირი, მაგრამ ემოციური მდგომარეობა გავლენას ახდენს“, - ამბობს ფსიქოლოგი.

საქართველოში, არსებობს ორსულობის უსაფრთხო შეწყვეტის სტანდარტი(პროტოკოლი) და პაციენტის გზამკვლევი, რომელსაც შეიძლება პაციენტი გაეცნოს, სანამ პროცედურაზე მისვლას გადაწყვეტს. მიუხედავად იმისა, რომ ეს წესები ყველა ექიმზე ერთნაირად ვრცელდება, ხშირ შემთხვევაში მათი ზედმიწევნით დაცვა და პაციენტის საჭიროებების გათვალისწინება ექიმის ინდივიდუალურ გამოცდილებასა და პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული.

  • 16x9 Image

    ანი ბურდული

    ანი ბურდული არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2016 წლიდან.

XS
SM
MD
LG