Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„დამფუძნებელი ძმები“: ამერიკის რევოლუციისა და უძველესი მოდერნული რესპუბლიკის ამბავი


სალომე ასათიანის პოდკასტი

ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიის შესახებ ატლანტის ოკეანის მეორე ნაპირზე ხშირად მოისმენთ მოსაზრებას, რომ ეს ისტორია ძალიან მოკლეა. და ამ შეფასებას ირონიული ღიმილიც ახლავს ხოლმე თან - იგულისხმება, რომ მოკლე ისტორია მარტივ ისტორიას ნიშნავს, მით უფრო ევროპის ქვეყნების საუკუნეობრივი პერსპექტივიდან.

ეს ისტორია „მოკლე“ შესაძლოა მართლაც იყოს - ჯერ კიდევ 1790 წელს „ამერიკის შეერთებული შტატები“ უფრო მსხვრევად და მყიფე ოცნებას წარმოადგენდა, ვიდრე რეალობას. მაგრამ ეს მოკლე ისტორია ყველაზე ხანგრძლივ, და უმნიშვნელოვანეს პრეცედენტს მოიცავს - ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც დღეს გლობალური სუპერსახელმწიფოა და რომლის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული გავლენები მთელს მსოფლიოს სწვდება, არის უძველესი მოდერნული რესპუბლიკა, რომლის მიერ შექმნილმა პოლიტიკურმა ინსტიტუტებმა დროის მსვლელობას გაუძლო. მიწაზე, რომელზეც დასახლდნენ ევროპიდან რელიგიურ კონფლიქტებს გამოქცეული და ეკონომიკური პერსპექტივების მაძიებელი მიგრანტები, მისიონერები, არმიები და მოვაჭრეები, განსხეულდა რესპუბლიკის პრეცედენტი, რომელმაც ისტორია ძირეულად და შეუქცევადად შეცვალა.

ეს პრეცედენტი, თუ რესპუბლიკის პარადიგმა - წარმომადგენლობითი ხელისუფლება, რომელიც ეფუძნება ხალხის სუვერენიტეტის პრინციპს - თანამედროვეობაში პოლიტიკურ ნორმას წარმოადგენს და ის დღეს ჩვეულებრივ მოვლენად მიგვაჩნია, მან თავის დროზე დაამარცხა მეცხრამეტე საუკუნის მონარქიული დინასტიებიც და მეოცე საუკუნის ტოტალიტარული ფორმაციებიც. მაგრამ, სანამ განმანათლებლობის იდეალებით დასაზრდოები ამერიკის რევოლუცია მოხდებოდა, რესპუბლიკური ხელისუფლებები დიდხანს ვერ ძლებდნენ ხოლმე - შვეიცარიის რამოდენიმე კანტონს, ან საბერძნეთის ქალაქ-სახელმწიფოებს თუ არ ჩავთვლით. და ამგვარი მმართველობა არც არსად ჩამოყალიბებულა ისეთი ტერიტორიული მასშტაბით, როგორსაც მოიცავდა ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთის სანაპიროზე მდებარე ბრიტანეთის ცამეტი კოლონია, რომელთაგანაც იწყება შეერთებული შტატების, როგორც სახელმწიფოს ისტორია. ერთადერთ გამონაკლისად აქ რომის რესპუბლიკა გვევლინება, როცა რომაელებმა მონარქია არჩეული მაგისტრატებით შეცვალეს. მაგრამ ეს გამონაკლისი მხოლოდ წესს ადასტურებს, რადგან რომის რესპუბლიკა - როგორც ვიცით - ბოლოს იულიუს კეისრის იმპერიულ მმართველობას დაექვემდებარა.

ოღონდ ეს ისტორია, ამავდროულად, წინააღმდეგობრივი ისტორიაა და საკუთარ თავში მძიმე პარადოქსებსაც მოიცავს. ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც სახელმწიფო, ფუძნდება თავისუფლების, თანასწორობისა და ადამიანის ბედნიერებისკენ სწრაფვის ღირებულებებზე - მაგრამ ის, რაც ადრეული ევროპელი მოსახლეებისთვის „თავისუფლებას“ და ახალ მიწებზე ბედნიერებისკენ სწრაფვას ნიშნავდა, იქ უკვე მცხოვრები ხალხებისთვის - „ინდიელებად“ ცნობილი მკვიდრი ამერიკელებისთვის - განსხეულდებოდა სწორედ თავისუფლების წართმევის, ამ მიწებიდან მათი ძალადობრივი გამოდევნის და განადგურების აქტად. დაფუძნების მომენტში ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებობდა სხვა ტრაგედიაც - მონობა, როგორც ფენომენი და ინსტიტუტი. პარადოქსულად, ის უდიდესი ფიგურები, რომლებმაც ამერიკის შეერთებული შტატები შექმნეს და მსოფლიოს უნიკალური, ელეგანტური და ლირიკული ენით წარმოუდგინეს თავისუფლების იდეალი, ზოგჯერ თავად იყვნენ მონათმფლობელები. მათ შორის იყო ტომას ჯეფერსონიც, ავტორი 1776 წლის „დამოუკიდებლობის დეკლარაციისა“ - ფუძემდებლური ტექსტის, რომლითაც ჩრდილოეთ ამერიკის კოლონიებმა ბრიტანეთისგან განცალკევება გამოაცხადეს, იმპერიის მიერ გატარებული მკაცრი და მომთხოვნი საგადასახადო პოლიტიკის გამო.

ისტორიკოსები გვეტყვიან, რომ ამ დეკლარაციამ, განმანათლებლობის მოაზროვნეების, მათ შორის ჯონ ლოკის, შარლ მონტესკიეს, ჟან-ჟაკ რუსოს კონცეფციების პოლიტიკურ სივრცეში გადატანით, საფუძველი დაუდო თვისებრივად ახალ პოლიტიკურ ჟანრს, თუ ენას. მართალია, დეკლარაციით გამოცხადებული თავისუფლებისა და თანასწორობის იდეალები პირველ ეტაპზე მხოლოდ თეთრკანიან და შეძლებულ კაცებს მიემართებოდა და რიყავდა შავკანიანებს, ქალებსა თუ ღარიბებს, ამ პრინციპებმა შექმნა ჩარჩო, რომლითაც დიდწილად საზრდოობენ შემდგომი და ხშირად ახლაც მიმდინარე ემანსიპატორული მოძრაობები - როგორც ცალკეული ერების, ისე ჩაგრული ჯგუფების ბრძოლები თავიანთი ღირსებისთვის და უფლებებისთვის.

ჯოზეფ ელისი
ჯოზეფ ელისი

„ასათიანის კუთხის“ ეს ეპიზოდი სწორედ ამ უძველესი მოდერნული რესპუბლიკის - ამერიკის შეერთებული შტატების - დაფუძნების ამბავს ეძღვნება. ჩვენი სტუმრები არიან შეერთებული შტატების ადრეული ისტორიის ვეტერანი მკვლევარი, ისტორიკოსი ჯოზეფ ელისი - რომლის წიგნიც, სათაურით „დამფუძნებელი ძმები: რევოლუციური თაობა“ პულიცერის პრემიით აღინიშნა, და ლინდსი ჩერვინსკი, ავტორი ახლახან გამოსული და გახმაურებული წიგნისა „კაბინეტი: ჯორჯ ვაშინგტონი და ამერიკული ინსტიტუტის შექმნა“, რომელსაც კოლეგები შეერთებული შტატების ფედერალური ხელისუფლების ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტიან მკვლევრად იცნობენ.

ჩვენი სტუმარი ისტორიკოსები გვიყვებიან ამერიკის შეერთებული შტატების ფუძემდებელ თაობაზე - რომელმაც წარმატებით იომა ბრიტანეთისგან გასათავისუფლებლად, რომელმაც დამოუკიდებლობის დეკლარაციით მსოფლიოს ლიბერალური იდეალები წარმოუდგინა და რომელმაც, 1787 წელს, ფილადელფიის დახურულ და გასაიდუმლოებულ დარბაზში შექმნა შეერთებული შტატების კონსტიტუცია და ფედერალური ხელისუფლება - იმ ვითარებაში, როცა ბრიტანეთის ძალაუფლებისგან გათავისუფლების შემდეგ ამერიკელებში ცენტრალიზებული ხელისუფლების ნებისმიერი ფორმა ინსტინქტურ შიშსა და სკეფსიის აღძრავდა. ანუ გვიყვებიან ჯონ ადამსზე, ბეჯამინ ფრანკლინზე, ალექსანდერ ჰამილტონზე, ტომას ჯეფერსონზე, ჯეიმს მედისონზე, და - ცხადია - ჯორჯ ვაშინგტონზე, პირველ პრეზიდენტზე და უპირველეს დამფუძნებელზე დამფუძნებლებს შორის. ვაშინგტონის შემდეგ, შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოსტზე ამ თაობის სხვა წარმომადგენლებმაც იმსახურეს - ჯონ ადამსმა, ტომას ჯეფერსონმა, ჯეიმს მედისონმა.

ლინდსი ჩერვინსკი
ლინდსი ჩერვინსკი

გაპრეზიდენტებამდე. სწორედ ჯორჯ ვაშინგტონი ხელმძღვანელობდა კონტინენტურ არმიას, რომელმაც ყველასათვის მოულოდნელად მაშინ მსოფლიოს უდიდეს სამხედრო ძალას, ბრიტანეთის არმიას მოუგო დამოუკიდებლობისთვის წარმოებული ომი. ჩვენი სტუმრები აგვიხსნიან ვაშინგტონის, როგორც არმიის მთავარსარდლის სტრატეგიულ ხედვას და იმ ღირებულებით უპირატესობას, რომელიც ამ ომში კოლონიების მცხოვრებთ ჰქონდათ - რაც უცნაურად და საინტერესოდ ირეკლავს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ ამჟამად წარმოებული ომის მიმდინერეობასაც და, სავარაუდოდ, მის საბოლოო ბედსაც.

ჯოზეფ ელისი და ლინდსი ჩერვინსკი მოგვიყვებიან ვაშინგტონის პრეზიდენტობისა და პირველი კაბინეტის გამოწვევებზე, გამოსამშვიდობებელ წერილზე, რომლითაც ვაშინგტონმა - იმ პერიოდის ამერიკაში განუზომელი ავტორიტეტის და მნიშვნელობის ფიგურამ - 1796 წელს ამერიკელებს მიმართა და უთხრა, რომ მეორე ვადის დასრულების შემდეგ სამუდამოდ ტოვებდა პრეზიდენტის პოსტს, ისევე, როგორც თავის დროზე დატოვა კონტინენტური არმიის მთავარსარდლის პოსტი. ამით, გვეტყვიან ისტორიკოსები, ვაშინგტონი გახდა სიმბოლო იშვიათი ლიდერისა, რომელსაც მშვიდად შეიძლება ძალაუფლება ანდო - რადგან ის ყოველთვის მზადაა ამ ძალაუფლების დასათმობად, რესპუბლიკის იდეალების სასარგებლოდ.

ეპიზოდში ვისაუბრებთ შეერთებული შტატების ადრეული ისტორიის სხვა საკვანძო მომენტებზეც - კონსტიტუციის შესახებ გამართულ დებატებზე ფედერალისტებს და ანტიფედერალისტებს შორის, პირველი პოლიტიკური პარტიების ფორმირებაზე, ალექსანდერ ჰამილტონის მიერ ეროვნული ბანკისა და ახლადშექმნილი ქვეყნის ეკონომიკური სისტემის შექმნაზე. ისტორიულ კონტექსტში გავაანალიზებთ კონსტიტუციის მეორე შესწორებას, რომელიც იარაღის ტარების უფლებას ეხება და რომელიც, როგორც ვიცით, ამ ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში მწვავე და ჯერჯერობით გადაუჭრელ პრობლემად იქცა.

ეპიზოდის მეორე ნაწილს ამ დამფუძნებელი ამბის ბნელ და პარადოქსულ მხარეს დავუთმობთ. სამხრეთის შტატების დაკარგვის შიშით, დამფუძნებელი ძმები - თუ „მამები“ - უარს ამბობენ პირდაპირ დაუპირისპირდნენ მონობის სასტიკ ფენომენს, მიუხედავად იმისა, რომ კარგად ესმით ამ ინსტიტუტის შეუთავსებლობა მათ იდეალებთან, თავისუფლებასთან და თანასწორობასთან. ამ ჭრილში - გვიხსნიან ჩვენი სტუმრები - თავიდანვე გარდაუვალი ხდება ის სამოქალაქო ომი, რომელიც მონობის საკითხის გამო უკვე შემდგომ საუკუნეში, აბრაამ ლინკოლნის დროს მოხდება და 700 ათასზე მეტი ამერიკელის სიცოცხლეს წაიღებს.

პოპულისტური იმპულსების, თუ ავტოკრატიული ტენდენციების მსოფლიოს გარშემო გაძლიერების ფონზე, დღეს რთული პერიოდი უდგას თავად შეერთებულ შტატებსაც. გვახსოვს 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმზე მიტანილი იერიში დონალდ ტრამპის მხარდამჭერების მხრიდან, ორი უდიდესი პარტიიდან ერთ-ერთის, რესპუბლიკური პარტიის ზოგიერთი წარმომადგენელი კი დემოკრატიული ტრადიციის ფუნდამენტს - არჩევნების ინსტიტუტს აყენებს ეჭვქვეშ. რესპუბლიკის იდეალები უწინაც ბევრჯერ ყოფილა საფრთხეში, თუმცა ყოველთვის გადარჩებოდა ხოლმე. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ამ ჯერზეც ასე მოხდება - მაგრამ სანამ მძიმე დღეები გვიდგას, ამ იმედის შენარჩუნებაში შესაძლოა უძველესი მოდერნული რესპუბლიკის ისტორიის გახსენება დაგვეხმაროს ხოლმეო, მითხრა ჯოზეფ ელისმა ჩვენი სატელეფონო საუბრის ბოლოს. თანასწორობისა და თავისუფლებისთვის იმ ბრძოლის, რომელსაც ამერიკის რევოლუციამ გაუხსნა გზა და რომელიც კვლავაც მიმდინარეობს, ეს ბრძოლა კვლავაც ჩვენთანაა.

  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG