Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ მკაცრად აკრიტიკებს საქართველოში ინიცირებულ კანონპროექტს "უცხოური აგენტების" შესახებ


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტოს შენობა ვაშინგტონში
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტოს შენობა ვაშინგტონში

აშშ ღრმა შეშფოთების საფუძვლად მიიჩნევს საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და უარყოფს, რომ ის ამერიკული კანონების მსგავსია. ამის შესახებ 15 თებერვალს, ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ნედ პრაისმა.

პრაისის თქმით, შეერთებულ შტატებში ღრმა შეშფოთებას იწვევს შედეგები, რომლებიც შესაძლოა, ამ კანონმა მოუტანოს საქართველოში სიტყვის თავისუფლებას და დემოკრატიას. ნედ პრაისის ინფორმაციით, ამერიკის ღრმა შეშფოთება უკვე ცნობილია საქართველოს მთავრობისთვის.

სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის შეფასებით, შემოთავაზებული კანონი სტიგმატიზაციას მოახდენს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმებს და საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც საკუთარი საზოგადოების უკეთესი მომავლის მშენებლობის ერთგულნი არიან.

შეერთებული შტატების პოზიციაა, რომ მსგავსმა კანონმა შესაძლოა, პოტენციურად შეარყიოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციაც.

ნედ პრაისმა აშკარად მცდარი უწოდა განცხადებებს, რომ საქართველოში ინიცირებული კანონპროექტი ამერიკულ კანონებს ეფუძნება. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის თანახმად, კანონპროექტი, როგორც ჩანს, ეფუძნება რუსულ და უნგრული კანონებს და არა ამერიკულს.

ნედ პრაისის განცხადება ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზეც გამოაქვეყნა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ.

კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" ინიცირებულია მოძრაობა "ხალხის ძალის" მიერ, რომელიც გასულ წელს შექმნა "ქართული ოცნებიდან" წასული, თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩენილი დეპუტატების ჯგუფმა.

დოკუმენტის მიხედვით, "უცხოური გავლენის აგენტებად" მოიაზრებიან:

  • ყველა არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირი, მათ შორის ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის წლიური შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა". თუმცა, არა - სახელმწიფო ორგანიზაციები ან საქართველოს კანონმდებლობით დაფუძნებული სპორტული ფედერაციები;
  • ტელევიზიები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა"(არ იგულისხმება რეკლამა);
  • მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, მათ შორის გაზეთები და ონლაინ მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა"(არ იგულისხმება რეკლამა).

ვინ იგულისხმება "უცხო ძალაში":

  • სხვა სახელმწიფო ხელისუფლების სისტემების შემადგენელი ნაწილები;
  • უცხო ქვეყნის მოქალაქეები;
  • იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული საქართველოში;
  • ორგანიზაციები, მათ შორის ფონდები, რომლებიც დაფუძნებულია უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე.

კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც "უცხოური გავლენის აგენტად" მოიაზრება, ვალდებულია დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრში, ამავე სახელწოდების ბაზაში. რეგისტრაციისას აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. ამავდროულად, ამ ორგანიზაციებს აქვთ ვალდებულება, საფინანსო დეკლარაცია ყოველწლიურად შეავსონ.

კანონპროექტი იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილებას ანიჭებს ჩაატაროს კვლევა. "უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციისთვის თავის არიდების" ან დეკლარაციის არშევსებისთვის ორგანიზაცია 25 ათასი ლარით დაჯარიმდება.

XS
SM
MD
LG