Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ტელევიზიებში ჩართვის დროს გავიგეთ, რას ითხოვდა" - ყოფილი მძევალი ესებუას საქმეზე დაკითხეს


ფოტოკოლაჟი
ფოტოკოლაჟი

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ბადრი ესებუას საქმეზე ირაკლი კვარაცხელია დაკითხეს. ის იყო ერთ-ერთი მძევალი, რომელიც 2020 წლის 21 ოქტომბერს თავდამსხმელმა "საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალში შეჭრის შემდეგ აიყვანა.

კვარაცხელია იყო ადამიანი, რომელიც თავდამსხმელმა მოთხოვნების გასაჟღერებლად გამოიყენა.

"თქვა, რომ დაგვერეკა ტელევიზიებში. თქვა "TV პირველი". ვიღაცას დამჯდარი ჰქონდა, ვიღაცას ანგარიშზე არ ჰქონდა, ასე მოვიდა ჩემამდე - მქონდა ანგარიშზეც და ინტერნეტიც - ვცადე დარეკვა, არავინ გამომეხმაურა, ვერავის დავუკავშირდი. მითხრა, რომ "მთავარ არხზე" დამერეკა, შემდეგ "ფორმულაში".

როცა ვუთხარი საიდან ვიყავი, მითხრეს, რომ ცოტა ხანში დამირეკავდნენ... მძევალმა მითხრა, რომ მეცადა ნიკა გვარამიასთვის ["მთავარი არხის" დირექტორი] მიწერა... დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ შეეძლოთ პირდაპირ ეთერში ჩართვა. ამ დროს გავიგეთ, რა მიზანი ჰქონდა მძარცველს - ეს იყო 500 ათასი დოლარი", - იხსენებს ყოფილი მძევალი.

ირაკლი კვარაცხელია იმ დღეს იქ საბანკო ბარათის ასაღებად იყო მისული. სასამართლო სხდომაზე მან თქვა, რომ საკუთარ რიგს ელოდებოდა, როცა სროლის ხმა გაიგო. იხსენებს, რომ თავდამსხმელი არ ნერვიულობდა - იყო დინჯი, არ უკანკალებდა ხელები, რის გამოც დარჩა შთაბეჭდილება, რომ ის კარგად იყო გაწვრთნილი.

"[პოლიციასთან] პირადად არ ჰქონდა კომუნიკაცია, მძევალს კარნახობდა, მაგრამ იყო შემთხვევები, როცა ერთვებოდა... მე დავიჯერე ისიც, რაც მან მითხრა, რომ მიზნად არ ჰქონია ვინმე მოეკლა, მისი მიზანი იყო თანხის წაღება…. ყველაფერი ჰქონდა გათვლილი - უჩანდა მხოლოდ თვალები, რომელიც ჰქონდა შეღებილი. მას წყალიც თავისი მოჰქონდა", - გაიხსენა ირაკლი კვარაცხელიამ.

მისი თქმით, მძევლად ყოფნის თითქმის 8 საათის განმავლობაში თავდამსხმელი იქ მყოფ ადამიანებს ელაპარაკებოდა.

"მახსოვს, იქ იყო გოგო. როგორც გაირკვა, მან საქორწილო საჩუქრად მიიღო მანქანა და მას აფორმებდა იმ დღეს, აპირებდა ფულის გატანას ბანკიდან. ასეთ სიტუაციაში მოხვდა, რაზეც ჩვენ გავიცინეთ. ამ დროს თავდამსხმელმა შეგვახსენა, სადაც ვიყავით, ზედმეტად არ მოვდუნებულიყავით - რა მნიშვნელობა აქვს, ერთ დღეს ყველა მოვკვდებითო", - თქვა ყოფილმა მძევალმა.

ირაკლი კვარაცხელია არ ყოფილა იმ ოთხ ადამიანს შორის, რომლებთან ერთადაც იმ ღამეს თავდამსხმელი ბანკის შენობიდან გავიდა. ამ დღეს ბანკში იყო კიდევ ერთი მოწმე, ანა ფიფიაც, რომელიც ერთ-ერთი იყო მათ შორის, ვინც შენობა ყველაზე ადრე დატოვა.

მისი თქმით, ბანკის მეორე სართულზე იყო, როცა გასროლის ხმა გაიგონა და რასაც მოქალაქეების პანიკა მოჰყვა.

"ჩემთვის აქ ცხოველი ზის", - უთხრა ქალმა სასამართლოს. მან შენობა პოლიციის დახმარებით ამწით დატოვა, მასთან ერთად კიდევ რამდენიმე ადამიანმა შეძლო ასე ბანკიდან გამოსვლა.

დღეს გამოკითხულ შვიდ მოწმეს შორის იყო შორენა ვახანია, "საქართველოს ბანკის" ზუგდიდის სერვისცენტრის მმართველის მოადგილე. ის იმ დღეს მენეჯერის მოვალეობას ასრულებდა. სწორედ მასთან დაკავშირებას ითხოვდა თავდამსხმელი ბანკის თანამშრომლებისგან.

მისი თქმით, თავდასხმის შესახებ თანამშრომლებმა ტელეფონით შეატყობინეს. იმ დროს ბანკიდან გამოსული იყო.

"მივედი და ვაპირებდი შესვლას. კარებთან დამხვდა პოლიცია. არ შემიშვეს. მითხრეს, რომ ჩემი იქ შესვლა არ იქნება უსაფრთხო", - თქვა მოწმემ.

მოწმეების დაკითხვა სასამართლოს მომდევნო სხდომაზე გაგრძელდება, რომელიც 30 მარტს 15:00 საათზე გაიმართება.

2-წლიანი ძებნის შემდეგ ბადრი ესებუას დაკავება შინაგან საქმეთა სამინისტრომ 8 თებერვალს დაადასტურა. იგი ზუგდიდის სოფელ ჯიხაშკარში, ნათესავის სახლში დააკავეს. ბადრი ესებუა დაკავებულია ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით. "საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალზე თავდასხმის საქმეზე ბრალდებულ ბადრი ესებუას, დაკავების შემდეგ, 9 თებერვალს პროკურატურამ კიდევ ერთი ბრალი ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვის მუხლით წარუდგინა. ბადრი ესებუა არ აღიარებს წარდგენილ ბრალდებებს და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. რაც შეეხება ესებუას მიმალვის მიზეზს, ადვოკატ იოსებ ჯანაშიას სიტყვებით, რადგან "საქართველოს ბანკის" თავდასხმის საქმეზე გაჟღერდა მისი სახელი, იძულებული იყო, წლების განმავლობაში დამალულიყო.

შეიარაღებული, ნიღბიანი პირი ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალში 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა და მძევლად აიყვანა 43 ადამიანი. ის 500 ათას დოლარს და უსაფრთხოდ გადაადგილებას მოითხოვდა. სამართალდამცავებთან მოლაპარაკების შედეგად, მოთხოვნებზე თანხმობის მიღების შემდეგ, თავდამსხმელმა მძევლების უმრავლესობა გაათავისუფლა და სამ მძევალსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორთან ერთად დატოვა ბანკის შენობა, მოგვიანებით კი ჩხოროწყუს მიმდებარედ სიბნელეში გაუჩინარდა.

XS
SM
MD
LG