Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საია ლაზარე გრიგორიადისის უფლებების შესაძლო დარღვევაზე საუბრობს


ლაზარე გრიგორიადისი
ლაზარე გრიგორიადისი

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ შესაძლოა, ირღვეოდეს 7-9 მარტის აქციების საქმეზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის უფლებები. ორგანიზაცია მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და სახალხო დამცველს, იმოქმედონ თავიანთი მანდატის​ ფარგლებში.

ორგანიზაცია რამდენიმე გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას:

  • პატიმრობის შეფარდება - სასამართლომ ლაზარეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა ისე, რომ მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, სხდომაზე არ განუმარტავს პატიმრობის გამოყენების საფუძვლები;
  • მაღალი თანამდებობის პირების განცხადებები - ორგანიზაცია აცხადებს, რომ მაღალი საჯარო თანამდებობის პირების განცხადებებით ირღვევა ლაზარე გრიგორიადისის უდანაშაულობის პრეზუმფცია;
  • თვითინკრიმინაციის პრივილეგია - ადვოკატებმა 3 აპრილს გაავრცელეს ინფორმაცია, რომ შესაძლოა, საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლებს ეიძულებინათ ლაზარე გრიგორიადისი მიეწოდებინა მათთვის საკუთარი თავის მამხილებელი ინფორმაცია;
  • არასათანადო მოპყრობის აკრძალვა - პენიტენციური სამსახური და გრიგორიადისის ადვოკატი ერთმანეთისგან გამომრიცხავ ინფორმაციას ავრცელებენ ბრალდებულისთვის თმის გადაპარსვის შესახებ - ადვოკატის ინფორმაციით, ეს მოხდა მისი ნების საწინააღმდეგოდ, პენიტენციური კი განმარტავს, რომ ლაზარე გრიგორიადისმა ისარგებლა "საპარიკმახერო მომსახურების უფლებით".

ლაზარე გრიგორიადისს, რომელიც პოლიციამ 29 მარტს ე.წ. აგენტების შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციებისას პოლიციელზე თავდასხმისა და სხვისი ქონების განადგურების ბრალდებით დააკავა, ბრალი ოფიციალურად წინასწარი დაკავების იზოლატორში 30 მარტს, შუადღისას, წარუდგინეს. მას 31 მარტს საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

XS
SM
MD
LG