Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატა ტალიკიშვილი: ტრანსგენდერი პერფორმერის მონოლოგი და მრავალხმიანობა


სალომე ასათიანის პოდკასტი

„ასათიანის კუთხეში“ დღეს მთხრობელი გვსტუმრობს - ადამიანი, რომელიც თავის რთულ ცხოვრებისეულ გზას, ტკივილსა და ტრავმას სხვების მიმართ სოლიდარობისა და იმედის წყაროდ აქცევს. დღეს შევხვდებით ნატა ტალიკიშვილს - 32 წლის ტრანსგენდერ პერფორმერს, აქტივისტს, პროფესიონალ კულინარსა და მებაღეს, რომელიც თბილისის სუბკულტურულ ცხოვრებას უნიკალურ სანახაობას მატებს, თავისი რეგულარული საჯარო მონოლოგის ფორმით.

„ბოლო ხანებია ისევ დავიწყე ქალის ჰორმონის მიღება. როგორი ემოციურები ვყოფილვართ ქალები! ყველაფერზე მეტირება, თან შეყვარებული ვარ“ – ეუბნება ნატა თავის აუდიტორიას, და თითქმის ორი საათის განმავლობაში უყვება თავის ამბებს. მისი მონოლოგი, საიდანაც ნაწყვეტებს ეპიზოდშიც მოისმენთ, განწყობების კალეიდოსკოპია; დრამატულ ისტორიებს სულ ენაცვლება იუმორი - ძირითადად შავი, ხშირად უხამსი და გაუსაძლისად სასაცილო იუმორი. ტრანსგენდერი ადამიანების რეალობის თანმხლები საფრთხეები და ძალადობა ნატას ამბებში მუდმივად ფეთქავს - თუმცა ამ ამბებს დაუმორჩილებელი, ენამახვილი და საკუთარ თავში დარწმუნებული ქალი გვიყვება.

ნატა ტალიკიშვილი
ნატა ტალიკიშვილი

ნატას მონოლოგის სმენისას ძალიან მკაფიოდ და რაღაცნაირად იმედიანად შეიგრძნობ უზარმაზარ კონტრასტს იმ მძიმე კლიმატთან, რომელიც გარეთ დატოვე. საზოგადოებასთან, რომელსაც პოლიტიკური, რელიგიური, საზოგადოებრივი ფიგურები ისევ და ისევ წამლავენ ჰომოფობიის შხამით და რომელშიც ტრანსგენდერი ქალების მიმართ ძალადობა - მათ შორის მომაკვდინებელი ძალადობა - ხშირია; იმ კოლექტიურ ტრავმებთან, რომლებიც 2013 წლის 17 მაისს და 2021 წლის 5 ივლისს ალბათ სამუდამოდ ჩაგვებეჭდა მახსოვრობაში, როგორც სახელმწიფოსგან და ეკლესიისგან სანქცირებული და წაქეზებული, აღვირახსნილი პოგრომები უმცირესობების წინააღმდეგ; და გესლიან, დამამცირებელ და უკვე გაცვეთილ ფრაზასთან - „სახლში რაც უნდათ ის აკეთონ - მაგრამ ეგენი გარეთ ვერ გამოვლენ“. რადგან ნატას პერფორმანსი უწინარესად იმ ადამიანების ზეიმია, ვისაც ამ სიტყვით - „ეგენი“ - ასე ქედმაღლურად მოიხსენიებენ ხოლმე. ნატა და მისი აუდიტორია ერთიან და ძალიან მხიარულ ჯგუფს ქმნიან - და ატმოსფეროც ირონიის, თუ თვითირონიის სულისკვეთებით იმუხტება.

ნატა ტალიკიშვილი ყვება თავის ბიოგრაფიას - იხსენებს ნორიოში გატარებულ ბავშვობას, საყვარელ ბებიას და ბაბუას, რომლებმაც შვილიშვილის გამორჩეულ ბუნებას ასევე გამორჩეული მიმღებლობა და დიდი სიყვარული შეაგებეს, რითიც მას ბევრი ტკივილი აარიდეს თავიდან; იხსენებს ბებიის გარდაცვალების შემდეგ, 14 წლის ასაკში მისთვის უცხო ქალაქში, თბილისში ჩამოსვლის მომენტს, და იმ მძიმე, ხშირად სიცოცხლისთვის სახიფათო გზას, რომელიც მან გამოიარა - არასრულწლოვანი სექს-მუშაკიდან აქტივისტობამდე და პერფორმერობამდე. ნატა ბევრს ხუმრობს გენდერზე - „ქალობაზე“ და „კაცობაზე“, „ქალურობაზე“ და „კაცურობაზე“ - ანუ იმ ყველაფერზე, რასაც გენდერის მკვლევრები და აქტივისტები „ჰეტერონორმატიულ როლებს“ უწოდებენ; ხუმრობს პოპულარულ ტელეშოუებზე, მოდაზე - რაც მის აუდიტორიას ძალიან ამხიარულებს და მონოლოგიც მუდმივად მრავალხმიანობაში გადაიზრდება ხოლმე.

ყოველივე ეს - ერთად - ძალიან ღირებულ გამოცდილებას ქმნის. საზოგადოებაში დამკვიდრებული როლები, ე.წ. „უმცირესობასა“ და „უმრავლესობას“ შორის არსებული დინამიკა აქ შეტრიალებულია და ნატა ყველას აძლევს შესაძლებლობას „უმრავლესობა“ და მისი ცხოვრების წესი გარკვეული დისტანციიდან დაინახოს - თავისი გენდერული როლებით, პირობითობებით, ჰომოფობიით, აბსურდულობით; და აღიქვას ამ რეალობაში მცხოვრები იმ ადამიანების ყოველდღიურობა, რომლებსაც მოკლე და ერთიანი სახელით „ტრანსებს“ ვუწოდებთ ხოლმე - ანუ მათი, ვისი გენდერული იდენტობა, სქესის შინაგანი აღქმა არ და ვერ ესადაგება იმ სქესს, რომელსაც ისინი დაბადებისას მიაკუთვნეს. და თან, ნატას მონოლოგით იმ თბილისსაც ვხედავთ, რომელსაც მეტნაკლებად პრივილეგირებული სოციალური რეალობიდან არც ვიცნობთ და ვერც აღვიქვამთ ხოლმე; იმ რეალობას, რომელსაც სტერილური ენით „ცირკის მიმდებარე ტერიტორიას“ და „სექსსამუშაოს“ ვუწოდებთ - ქალაქის ჩრდილოვან სივრცეს, სადაც ეკონომიკურ სასოწარკვეთაში მცხოვრებ ადამიანებს გადარჩენისთვის სახიფათო, სასტიკი, სხეულებრივი ბრძოლა უწევთ, ძალაუფლებრივი იერარქიების, კორუფციული კავშირების, საპოლიციო სისასტიკის და ტერიტორიული ომების ფონზე.

ამ ყველაფერს ნატა ტალიკიშვილი „ასათიანის კუთხეშიც“ მოგვიყვება, და კიდევ ბევრ ძალიან სევდიან და ძალიან სასაცილო ამბავს გვეტყვის. როგორც მონოლოგში, ნატა ინტერვიუს დროსაც მკვეთრად ანაცვლებს განწყობებს და ინტონაციას - ეპიზოდზე მუშაობისას მუდმივად კონტრასტულ ემოციებს ვგრძნობდი, და გპირდებით, რომ ნატას სმენისას თქვენც ბევრჯერ გაგეღიმებათ და აგეტირებათ - ზოგჯერ ერთდროულად.

ახლა ივნისია - თვე, რომელმაც გვიანდელ 1960-იან წლებში მძლავრი ბიძგი მისცა ლგბტ ადამიანების თავისუფლებისთვის ბრძოლას. შეერთებულ შტატებში ეს ნიუ-იორკის ერთ გეი ბარში, „სტოუნვოლში“ დაიწყო - 1969 წლის 28 ივნისს, გამთენიისას, იქ პოლიცია მორიგი რეიდით შევიდა, გენდერული და სექსუალური ნონკონფორმისტების დასაკავებლად. მაგრამ იმ დღეს კლუბში შეკრებილმა ხალხმა რეიდი აღარ მოითმინა და აჯანყდა. ნიუ-იორკის ქუჩებში ექვსი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა შეტაკებები, და „სტოუნვოლის აჯანყებას“ დღეს „პირველ პრაიდსაც“ კი უწოდებენ ხოლმე.

სტოუნვოლამდე სამი წლით ადრე იყო სხვა ამბოხება, რომელიც ისტორიას ნაკლებად ახსოვს. 1966 წელს, სან-ფრანცისკოს კომპტონის კაფეში ტრანსგენდერი ქალების ჯგუფი აუჯანყდა პოლიციელებს, რომლებიც მათ მუდმივად აკავებდნენ სხვადასხვა „დანაშაულისთვის“ - მათ შორის „ქალის განსახიერებისთვის“ და „ტროტუარის დაკავებისთვის“. ერთხელაც, როცა პოლიციელმა ტრანსგენდერ ქალს მორიგ ჯერზე დაარტყა ხელი, ქალებს მოთმინება ამოეწურათ და პოლიციელებს კაფეს ფანჯრებიდან საშაქრეები და ხელჩანთები დაუშინეს. ის ღამე გადაყირავებული მაგიდებით, პოლიციის განადგურებული მანქანით, ცეცხლმოკიდებული საგაზეთო სტენდით და ქალების ჯგუფური დაპატიმრებით დამთავრდა - თუმცა „კომპტონის ამბოხი“ ისტორიულ აქტად დარჩა ტრანსგენდერი ადამიანების წინააღმდეგობის მოძრაობაში.

„ასათიანის კუთხის“ ამ ეპიზოდში ვილაპარაკებთ საკუთრივ „ტრანსგენდერის“ ფენომენზეც - მოგიყვებით ამ ცნების, თუ ტერმინის ისტორიას, ვისაუბრებთ იმ მწვავე დისკუსიებზე, რომლებიც დღევანდელი გეოპოლიტიკის სივრცეში მიმდინარეობს ტრანსგენდერის იდენტობის მქონე მოქალაქეების გარშემო. და ვილაპარაკებთ ძალიან შორეულ წარსულზეც - რადგან ადამიანები, რომლებიც „კაცისა“ და „ქალის“ კატეგორიებს შორის ტრანზიციას გადიოდნენ და ვისაც დღევანდელი კონსერვატიული ჯგუფები „ტრადიციებთან“ შეუთავსებლად აცხადებენ, უხსოვარი დროიდან არსებობდნენ სხვადასხვა კულტურის სწორედაც ტრადიციებში, და ამის მაგალითები გვხვდება, მათ შორის შუმერულ, აქადურ, ძველ ბერძნულ, რომაულ, ბალკანურ, ინდურ, თუ მკვიდრი ამერიკელების კულტურებში.

  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG