Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყველაზე მარტოსული და ყველაზე საჯარო: შეშლილობის ტკივილიანი ისტორია


სალომე ასათიანის პოდკასტი

„თავად იმ ადამიანისთვის, ვისაც ფსიქიკური დაავადება აქვს, ესაა ტანჯვის უკიდურესად მარტოსული გამოცდილება; მაგრამ, ამავდროულად, ფსიქიკური ავადმყოფობა ყველაზე სოციალური, ყველაზე საზოგადოებრივი ფენომენია სხვა დაავადებებს შორის“ - წერს ფსიქიატრიის ისტორიკოსი, მაიკლ მაკდონალდი.

მართლაც - საზოგადოებები, ისტორიულად და ახლაც, მუდმივად ფიქრობენ როგორ გაუმკლავდნენ ადამიანებს, რომლებიც, როგორც ჩანს, არ იზიარებენ სამყაროს დამკვიდრებულ აღქმას. რომლებიც ან ემოციურად არიან ძალიან დაშორებულები დანარჩენი ადამიანებისგან - არ ექვემდებარებიან კონტროლს და უცნაურად, ზოგჯერ შემაშინებლად იქცევიან; ან მათი კოგნიტური პროცესები არ ემთხვევა ჩვენგანისას. შეშლილობა მძლავრად ასუსტებს ჩვენს სიმყარეს, ძირს უთხრის განცდას, რომ ჩვენ, ყველას, გვაქვს საერთო, საზიარო სამყარო და რომ ადამიანთა ქცევა უპასუხებს დამკვიდრებულ წესებს. ამიტომაც, სიგიჟე კაცობრიობის წარმოსახვას დამზაფვრელი აჩრდილივით გასდევს თან - შესაძლოა დასაბამიდან, თავისი სხვადასხვა სახელითა თუ განსაზღვრებით - შეშლილობა, სიშლეგე, შეურაცხადობა, შეპყრობილობა; მეცხრამეტე საუკუნიდან, როცა გერმანიაში მედიცინის სპეციალიზებული დარგი, ფსიქიატრია ჩნდება - დეპრესია, მელანქოლია, მანია, ბიპოლარული აშლილობა, შიზოფრენია. მაგრამ მისი არსი - როგორც ასეთი - კვლავაც ამოუხსნელი რჩება.

არქეოლოგიური გათხრებით მოპოვებულია ჩვენს წელთარღიცხვამდე სულ მცირე 5000 წლის წინანდელი თავის ქალები, ზედაპირზე უცნაური ნახვრეტებით - მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ამ თავის ქალების პატრონებს ეშმაკების მიერ შეპყრობილებად მიიჩნევდნენ, და თავზე ნახვრეტებს უკეთებდნენ იმიტომ, რომ მათგან ბოროტი სული ამოფრენილიყო. მნიშვნელობები, რომლებსაც ადამიანი სიგიჟეს მიაწერდა, ბევრია და ურთიერთგამომრიცხავი. სიგიჟეს აღიქვამდნენ დემონური ძალებით შეპყრობილობადაც, ღმერთის სასჯელადაც, ადამიანის ცოდვის, დაცემის შედეგადაც - „მოგწყლავს უფალი სიგიჟით, სიბრმავით და შეშლილობით“ - ვკითხულობთ მეორე რჯულის წიგნში; და, ამავე დროს, ერთგვარ გასხივოსნებადაც, განსაკუთრებულ წვდომად მიღმურ, ტრანსცენდენტულ, მისტიკურ, წინასწარმეტყველების სამყაროებში - „ჩვენ - შლეგნი ქრისტეს გულისთვის“, ამბობს პავლე მოციქული. სიგიჟეს მიიჩნევდნენ გონებრივ ჩამორჩენილობადაც და გენიოსის, როგორც ასეთის, მახასიათებლადაც. კიდევ ერთი დრამატული, თუ მელოდრამატული ინტერპრეტაცია სიგიჟეს შეყვარებულობის მდგომარეობასთან აკავშირებს - დასავლეთშიც და აღმოსავლეთშიც. ისლამური ლიტერატურის ერთ-ერთ უდიდეს რომანტიკულ გმირს, „ლეილი და მაჯნუნის“ ახალგაზრდა პოეტ ქაისს, ლეილის ობსესიური სიყვარულის გამო დაარქმევენ „მაჯნუნს“ - ანუ მიჯნურს - რაც დემონით, ჯინით შეპყრობილს ნიშნავს.

შეშლილობა დამზაფვრელი ფენომენია. გონის, რაციონალობის, თუ ემოციებზე კონტროლის დაკარგვა, იმ სამყაროსგან გაუცხოვება, რომელშიც სხვა ადამიანები აზროვნებენ და ცხოვრობენ, ჰალუცინაციები, დამანგრეველი ემოციური, თუ გონებრივი რყევები მძიმე გამოცდილებაა მათთვისაც, ვისაც ფსიქიკური აშლილობა ტანჯავს - და მათი ახლობლებისთვისაც. და ამ გამოცდილებისთვის თავის არიდება ძალიან ცოტას თუ გამოგვდის. ფსიქიკის და ემოციების აშლილობა ყველამ შეიძლება გამოვცადოთ - ამ სფეროში „ჯანმრთელსა“ და „ავადმყოფს“ შორის ზღვარიც და დიაგნოზიც მყიფეა, ცვალებადი და არამყარი. და ამ სირთულეებს თავად ჩვენ რომც არ განვიცდიდეთ, ოჯახის, მეგობრების, ნაცნობების წრეში მაინც აუცილებლად ვაწყდებით მათით გამოწვეულ ტკივილს.

ფსიქიატრია, როგორც დარგი, სწორედ ამ ტკივილის და სირთულეების შემსუბუქებას ისახავს მიზნად - მეცხრამეტე საუკუნის შეშლილთა მასშტაბური თავშესაფრებიდან დღევანდელ ფსიქოფარმაკოლოგიამდე, და მან ამ რთულ მიზნებში წინსვლაც შეძლო. უზარმაზარ ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში პაციენტთა წლობით და იძულებით გამოკეტვის პრაქტიკას ბევრგან ჩაენაცვლა მცირე და უფრო ჰუმანური დაწესებულებები, მდგომარეობა ბევრ პაციენტს მნიშვნელოვნად შეუმსუბუქდა, მეტნაკლებად შემცირებულია სტიგმაც. დღევანდელი ფსიქიატრიის მთავარ პრობლემად ფარმაკოლოგიაზე და მედიკამენტებზე გადაჭარბებულ დამოკიდებულებას ასახელებენ - წამლებს ზოგიერთი პაციენტისთვის მართლაც მოაქვს მნიშვნელოვანი შვება მტანჯველი სიმპტომებისგან, მაგრამ ფსიქიატრიას ჯერაც არ უპოვნია თავისი პენიცილინი, რომელიც დაავადებას განკურნავდა. თუმცა, წამლებთან ერთად, არსებობს ფსიქოთერაპიაც, მათ შორის კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია. და ექიმებიც და პაციენტებიც უფრო მეტად არიან ინფორმირებულები როგორც მეთოდების სპექტრზე, ისე მათ ეფექტიანობასა თუ თანმდევ მოვლენებზეც.

მაგრამ ეს წინსვლა ტრაგიკული გზით მოვიდა, ბევრი შემზარავი ეპიზოდის და სასტიკი მეთოდის გამოვლით - ადამიანების ყინულიან წყალში ჩაძირვიდან - ელექტროშოკით თერაპიის ადრეულ პერიოდამდე; ლობოტომიიდან, ანუ შუბლის წილთან კავშირების ყინულის სატეხის მსგავსი დანით გადაჭრიდან - პაციენტებისთვის მალარიის განზრახ შეყრამდე, ინსულინის დიდი დოზით კომის გამოწვევამდე, ან ადამიანებისთვის კბილების, კუჭების, ელენთების ამოკვეთამდე ფსიქიკური დაავადების გამომწვევი ბაქტერიების უშედეგო ძიებაში. ფსიქიატრიას ბნელ და სასტიკ პოლიტიკურ ძალებთან კავშირში შესვლის მოუშორებელი დაღიც აქვს - ფსიქიატრები ენთუზიაზმით თანამშრომლობდნენ მეოცე საუკუნის ორ ტოტალიტარულ რეჟიმთან, როგორც ნაციზმთან, ისე საბჭოეთთან, ადამიანების იძულებითი სტერილიზაციის, მასობრივი დახოცვის, თუ დისიდენტების ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში გამოკეტვის ფორმით. ფსიქიკურად დაავადებული ადამიანები წარმოადგენდნენ პირველ ჯგუფს, რომლებიც ნაცისტებმა ჯგუფურად დახოცეს გაზით - და შემდეგ ეს ტექნოლოგია აღმოსავლეთით, სიკვდილის ბანაკებშიც გაიტანეს, ებრაელებისა და მათი აზრით სხვა არასასურველი ადამიანების გასანადგურებლად.

ამიტომაც, ფსიქიატრიას ზოგჯერ თავად ფსიქიატრები უჯანყდებოდნენ. 1960-იან და 70-იან წლებში ფსიქიატრთა წიაღში დიდი სიმძლავრით იფეთქა ანტიფსიქიატრიის სახელით ცნობილმა მოძრაობამ, რომლის ქარზმატული ლიდერებიც აცხადებდნენ, რომ დიდი ფსიქიატრიული საავადმყოფოები ადამიანის დეჰუმანიზაციას იწვევდა, და რომ პაციენტებს თერაპიული ზრუნვა მათსავე თემებში უნდა მიეღოთ - და არა ინსტიტუციებში, სადაც მათ მორჩილებას ძლიერი ქიმიური საშუალებებით აიძულებდნენ. ზოგი მათგანი ისე შორსაც მიდიოდა, რომ საკუთარ პროფესიას აცხადებდა ალქიიმიის და ასტროლოგიის დარ ფსევდომეცნიერებად, „ფსიქიკურ დაავადებას“ კი არა ბუნებაში არსებულ ფაქტად, არამედ ფსიქიატრების მიერ შექმნილ მითად. ეს იდეები გააძლიერა მიშელ ფუკომაც, თავისი ცნობილი წიგნით „შეშლილობა და ცივილიზაცია“ - რომელშიც სიგიჟის ისტორია წაიკითხა არა როგორც დაავადებისა და მისი მკურნალობის, არამედ როგორც თავისუფლებისა და კონტროლის, ცოდნისა და ძალაუფლების ისტორია.

დღეს ეს რადიკალური დისკუსიებიც უკვე ისტორიის ნაწილია, და ცოტა ვინმე თუ დავობს იმაზე, რომ ფსიქიკური დაავადების მითად, ან იარლიყად გამოცხადება რომანტიკული სისულელე, ან - უარესი - უამრავი ადამიანის ძალიან რეალური და მძიმე ტანჯვის უპასუხისმგებლო უარყოფაა. მაგრამ ფსიქიატრიამ კვლავაც არ იცის რა არის ყველაზე რთული დაავადების - შიზოფრენიის, მძიმე დეპრესიის - ფესვები; და, როგორც ბევრი სპეციალისტი აღიარებს, ზუსტად არც ის იცის, მაინც რას მკურნალობს - გონებას თუ ტვინს, ტრავმას თუ გენებს, ფიქრებს და ემოციებს თუ სხეულს, ნეიროქიმიასა და ბიოლოგიას.

ენდრიუ სკალი
ენდრიუ სკალი

„ასათიანის კუთხეში“ შეშლილობისა და ფსიქიატრიის ისტორიაზე ამ სფეროს ერთ-ერთი უდიდესი ავტორიტეტი მოგვიყვება - ენდრიუ სკალი, კალიფორნიის სან-დიეგოს უნივერსიტეტის ბრიტანელი პროფესორი. ენდრიუ სკალი ბევრი მნიშვნელოვანი პუბლიკაციის ავტორია, მათ შორის ბოლო, 2022 წლის წიგნისა სათაურით „სასოწარკვეთილი სამკურნალო საშუალებები: ფსიქიატრია და ფსიქიკური დაავადების იდუმალება“ , რომელშიც ის შეერთებული შტატების ფსიქიატრიის ისტორიას გვიყვება. თუმცა მისი ცენტრალური ნაშრომი ალბათ მაინც 2015 წელს გამოცემული, მონუმენტური და საყოველთაოდ აღიარებული მონოგრაფიაა, სათაურით „სიგიჟე ცივილიზაციაში: შეშლილობის კულტურული ისტორია ბიბლიიდან ფროიდამდე, საგიჟეთიდან თანამედროვე მედიცინამდე“.

ენდრიუ სკალი მოგვიყვება კულტურაში შეშლილობის რეპრეზენტაციის ხანგრძლივ ტრადიციაზე - ძველი ბერძნული მითებიდან და ტრაგედიებიდან - შექსპირამდე, მხატვრობიდან - ოპერებამდე და ჰოლივუდამდე. მოგვიყვება სიგიჟის მიმართ უძველეს სამედიცინო მიდგომებზეც - ჰიპოკრატეს სკოლაზე, რომელიც შეშლილობას სხეულში, ბუნებაში აფუძნებდა, მაშინ, როცა ძველ ბერძნულ წარმოსახვასა და ხელოვნებაში სიგიჟე უწინარესად რელიგიურ და ზებუნებრივ ფენომენად ესმოდათ.

ჩვენს სტუმართან ვისაუბრებთ საზოგადოებისგან შეშლილთა იზოლირების და ინსტიტუციონალიზაციის რეალურ ისტორიაზე, ფსიქიატრიასთან ფროიდის ფსიქოანალიზის კომპლექსურ მიმართებაზე, ფსიქოფარმაკოლოგიურ, ანუ „წამლების რევოლუციაზე“, რომელიც განსაკუთრებით 1990-იანი წლებიდან ძლიერდება. ეპიზოდის მეორე ნაწილში კი ენდრიუ სკალი დეტალურად მოგვიყვება იმ ხშირად სასტიკ, მისი ტერმინით „სასოწარკვეთილ“ მეთოდებზე, რომლებსაც ექიმები მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში იყენებდნენ პაციენტთა განკურნების ჰუმანური მიზნებით.

ფსიქიატრებს - გვეუბნება ენდრიუ სკალი - ექსპერიმენტების პრაქტიკულად კონტროლის გარეშე ჩატარება შეეძლოთ იმიტომ, რომ მათი პაციენტები განსაკუთრებულად და ტრაგიკულად დაუცველები იყვნენ. ამ ადამიანებს მიიჩნევდნენ უუნაროდ რაციონალური გადაწყვეტილებები მიეღოთ - რაც ხშირად ასეც იყო; მათი მდგომარეობა დაღდასმული იყო სტიგმით, მათ არც სამოქალაქო უფლებები ჰქონდათ და არც წინააღმდეგობის ეფექტიანი გაწევა შეეძლოთ - ხოლო პროტესტს თუ მაინც გამოხატავდნენ, ეს წინააღმდეგობა ადვილად ცხადდებოდა მათივე პათოლოგიის შედეგად. მით უფრო, რომ ადრეული ფსიქიატრიის ექსპერიმენტული მეთოდების სამიზნე ხშირად ისედაც სუსტ პოზიციებზე მყოფი ჯგუფები ხდებოდნენ - ღარიბები, ეთნიკური უმცირესობები, ჰომოსექსუალები, ქალები.

ეს მძიმე ისტორია მძიმე გაკვეთილი იყო, რომელიც ფსიქიატრიამ გამოიტანა და, ბევრი პრობლემის მიუხედავად, რეალურად გახდა უფრო ჰუმანურიც და უფრო ეფექტიანიც. მაგრამ შეშლილობა კვლავაც ჯიუტად არ ემორჩილება რაციონალურ გონებას, მისი ბოლომდე ამოხსნა არ გამოდის. ადამიანის ტანჯვა და ტკივილი არსად მიდის - და ფსიქიატრებიც ძიებებს აგრძელებენ. ენდრიუ სკალი იმედოვნებს, რომ ამ ძიებისას ისინი სხეულთან და ბიოლოგიასთან ერთად უფრო და უფრო მეტად იფიქრებენ სოციალურ და კულტურულ ფაქტორებზე; და - საბოლოოდ - იქნებ მეტ სინათლესაც შეიტანენ ყველაზე მთავარ და ჯერაც ყველაზე ბუნდოვან სივრცეებში - იქ, სადაც ადამიანის ტვინი და გონება იკვეთება ერთმანეთთან.

  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG