ბუნებისდამცველი გრეტა თუნბერგი შვედეთში სასამართლომ დამნაშავედ ცნო, რადგან არ დაემორჩილა პოლიციის მოთხოვნას, დაეტოვებინა კლიმატის ცვლილების საპროტესტო აქცია. სასამართლომ მას ჯარიმის გადახდა დააკისრა, იტყობინება სააგენტო TT.
თუნბერგმა განაცხადა, რომ 19 ივლისის აქციაზე იყო, არ დაემორჩილა პოლიციის მოთხოვნას, მაგრამ თავს დამნაშავედ არ ცნობს, რადგან თავისი მოქმედება აუცილებლობით იყო გამოწვეული.
„ჩემი მოქმედება გამართლებულია“, - მოჰყავს მისი ნათქვამი გაზეთ Sydsvenskan-ს. „მე ვთვლი, რომ ვართ განსაკუთრებულ ვითარებაში, რომელიც ემუქრება სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და საკუთრებას. ადამიანების და საზოგადოებების ურიცხვ რაოდენობას საფრთხე ემუქრება როგორც ხანმოკლე, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში“, - განაცხადა გრეტა თუნბერგმა სასამართლოზე, მალმოში.
მსოფლიოში ცნობილი ეკოაქტივისტი, 20 წლის გრეტა თუნბერგი მიიჩნევს, რომ გლობალური დათბობის გამო კაცობრიობის არსებობას კატასტროფა ემუქრება. ამაში იგი წინა თაობას ადანაშაულებს. გრეტა თუნბერგი ცნობილია თავისი ხმამაღალი გამოთქმებით, პოლიტიკურ ლიდერებს იგი საჭირო ზომების მიღების უუნარობაში ადანაშაულებს.