საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 8 იანვარს დააკმაყოფილა პრემიერ-მინისტრის, ელისაბედ ბორნის თხოვნა გადადგომის შესახებ - აცხადებს პრეზიდენტის ოფისი.
ბორნის გადადგომის ფონია ბოლო ხანებში გამოკვეთილი პოლიტიკური დაძაბულობა კამათის საგნად ქცეული კანონმდებლობის გარშემო, რომელსაც მაკრონი უჭერს მხარს და რომელიც, სხვა ზომებთან ერთად, ითვალისწინებს მთავრობისთვის ზოგიერთი უცხოელის დეპორტაციის უფლებამოსილების გაფართოებას.
პრემიერ-მინისტრის პოსტზე ბორნი დაინიშნა 2022 წლის მაისში, მას მერე, რაც მაკრონი მეორედ აირჩიეს პრეზიდენტად. საფრანგეთის ისტორიაში ის იყო მეორე ქალი, რომელიც პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებდა.
მაკრონის ოფისის განცხადების თანახმად, ახალი მთავრობის დაკომპლექტებამდე ბორნი გააგრძელებს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შესრულებას.