Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში სამხედრო წვრთნებზე დრონების მართვას ასწავლიან


ცხინვალი
ცხინვალი

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში უპილოტო საფრენი აპარატების მართვას ასწავლიან დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს სპეცდანიშნულების ბატალიონის წევრებს. დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სამხედრო სწავლება მოიცავს კომპლექსურ მეცადინეობებს როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული მიმართულებებით.

"თეორიული სწავლების გეგმის შესაბამისად, ჯარისკაცები ეუფლებიან დრონის ექსპლუატაციის პრინციპებს, ნავიგაციას, ტაქტიკურ გამოყენებას, მოვლა-შენახვის პირობებს და ა.შ.", - ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში.

პრაქტიკული მომზადების ფარგლებში, სამხედრო პოლიგონზე ჯარისკაცები გაივლიან დრონების პილოტირების კურსს - მათ დაეხმარებიან უპილოტო საფრენი აპარატების უკვე გამოცდილი ოპერატორები, რომლებმაც ადრე უკვე გაიარეს მსგავსი სწავლება.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დრონების ოპერატორებზე მოთხოვნა რუსეთის არმიაშიც გაზრდილია. დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ხშირად აფორმებენ კონტრაქტებს რუსეთის ფედერაციის მე-4 საოკუპაციო ბაზასთან და იქიდან უკვე უკრაინაში საბრძოლველად მიდიან ხოლმე. უპილოტო საფრენი აპარატების სპეციალისტები უფრო მეტად ახლა რუსეთის არმიაში სჭირდებათ, ცხინვალში კი მათი სწავლების პროცესი პირველად არ იმართება.

ამჟამად, ღია წყაროების მონაცემებით, ოკუპირებული ცხინვალიდან უკრაინაში რუსეთის მხარეს საბრძოლველად 1000-მდე ჯარისკაცია წასული. ბოლო ორი წლის განმავლობაში იქიდან ცხინვალში დაახლოებით 40 დაღუპული მებრძოლი გადაასვენეს.

XS
SM
MD
LG