Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"რესპუბლიკური საავადმყოფოს" რეორგანიზაცია ერთი თვით გახანგრძლივდა


აქცია "რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან"
აქცია "რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან"

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, "რესპუბლიკურ საავადმყოფოში" რეორგანიზაცია 15 თებერვლის ნაცვლად, 15 მარტს დასრულდება. შესაბამისად, ერთი თვით გახანგრძლივდა "რესპუბლიკური საავადმყოფოს" თანამშრომლებისთვის საკომპენსაციო პაკეტით გათვალისწინებული შეთავაზებების ვადა.

„კლინიკის პერსონალისთვის, საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისა და არჩევანის გასაკეთებლად, დრო, 5 თებერვლის ნაცვლად, 5 მარტამდე განისაზღვრა. შესაბამისად, სამედიცინო დაწესებულებაში, რეორგანიზაცია 15 თებერვლის ნაცვლად, 15 მარტს დასრულდება“, - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელშიც გადაწყვეტილების საფუძვლად დასახელებულია ის, რომ სამინისტროს სამუშაო ჯგუფის წევრებმა გაითვალისწინეს „კლინიკის თანამშრომლების სურვილი“. უწყების ცნობით, ხუთ მარტამდე გაგრძელდება კლინიკის პერსონალთან შეხვედრები.

რადიო თავისუფლებასთან საუბარში "რესპუბლიკური საავადმყოფოს" ექიმი ნინო ოთარიშვილი ამბობს, რომ სამინისტროს ამ შეთავაზებით "არაფერი იცვლება, მოთხოვნა რჩება ძალაში, შეჩერდეს კლინიკის რეორგანიზაციის გადაწყვეტილება". ნინო ოთარიშვილის თქმით, კლინიკასთან ამ მოთხოვნით კვლავინდებურად გაგრძელდება საპროტესტო აქციები.

გუშინ, 30 იანვარს, "რესპუბლიკური საავადმყოფოს" თანამშრომლებმა კლინიკის შენობების დანგრევის გადაწყვეტილების შესაჩერებლად თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართეს.

საავადმყოფოს დანგრევის გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ 22 იანვარს მიიღო, რამდენიმე საათში კი კლინიკის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა თანამშრომლებს ოთხი წინადადება შესთავაზა. ამ შეთავაზებებიდან არცერთი არ არის მისაღები იმ თანამშრომლებისთვის, რომელთა სახელითაც სარჩელი შევიდა სასამართლოში. ექიმები ამბობენ, რომ ამ ოთხი შეთავაზებიდან არცერთი არ გულისხმობს მათ უპირობო დასაქმებას.

"რესპუბლიკურის" თანამშრომლებს, კერძოდ, სთავაზობენ:

  • დაწეროს განცხადება სამსახურიდან წასვლაზე - მიიღებს 12-თვიან კომპენსაციას, თუ არ მუშაობს სხვა სამსახურში;
  • დაწეროს განცხადება სამსახურიდან წასვლაზე - მიიღებს ოთხთვიან კომპენსაციას, თუ მუშაობს სხვაგან;
  • თუ არ დაწერს სამსახურიდან გათავისუფლების განცხადებას, იმავე თანამდებობაზე დასაქმებას სთავაზობენ (მხოლოდ) ერთ რომელიმე სხვა კლინიკაში - ამ შემთხვევაში ხელშეკრულების დადებიდან შვიდი დღის ვადაში ასეთ ადამიანს გადაეცემა ოთხთვიანი კომპენსაცია;
  • თუ რესპუბლიკურის მოქმედ თანამშრომელს მსგავს თანამდებობას სხვა კლინიკაში ვერ შესთავაზებენ, იმდენი ხნის განმავლობაში (სამი წლის ვადაში) მიიღებს ხელფასის ოდენობის კომპენსაციას, სანამ სხვა ორგანიზაციაში არ დასაქმდება.
  • "რესპუბლიკურის" თანამშრომლები მოითხოვენ, კლინიკის დემონტაჟსა და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მთავრობამ მათი ჩართულობით მიიღოს.
XS
SM
MD
LG