Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფინეთი თავშესაფარს არ აძლევს რუსეთიდან შესულ მიგრანტებს


მიგრანტები ფინეთის საზღვარზე. 23 ნოემბერი, 2023.
მიგრანტები ფინეთის საზღვარზე. 23 ნოემბერი, 2023.

ფინეთის მიგრაციის სამსახურს ჯერჯერობით თავშესაფარი არ მიუნიჭებია არცერთი მიგრანტისთვის, რომლებიც უკანასკნელი თვეების განმავლობაში ქვეყანაში შევიდნენ რუსეთის ტერიტორიიდან. ამის შესახებ პორტალი Yle.fi იტყობინება უწყების მონაცემებზე დაყრდნობით. იმ განცხადებებიდან, რომლებიც უკვე განიხილეს, დაახლოებით ორმა მესამედმა უარი მიიღო, დანარჩენები გაუქმებულია მოქმედების ვადის გასვლის გამო.

ამ მომენტისთვის მიგრაციის სამსახურმა თავშესაფრის მთხოვნელთა 70-მდე განაცხადის განხილვა მოასწრო, თქვა მისმა წარმომადგენელმა ანტი ლეხტინენმა. მთლიანობაში გასული წლის მეორე ნახევარში რუსეთიდან ფინეთში შევიდა თავშესაფრის 1300 მაძიებელი. დაახლოებით 190 მათგანის ადგილსამყოფელი უცნობია, ისინი უგზო-უკვლოდ დაკარგულებად ითვლებიან. ვარაუდობენ, რომ მათ ფინეთი ტრანზიტულ სახელმწიფოდ გამოიყენეს და დატოვეს ის.

შარშან შემოდგომაზე დაფიქსირდა ფინეთში რუსეთის მხრიდან შესვლის მსურველი მიგრანტების რაოდენობის ზრდა. მათ შორის არიან სირიის, იემენის, ერაყის, სომალისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეები, რომლებსაც რუსეთის მესაზღვრეები საზღვრის საკუთარ მხარეზე ატარებენ სათანადო დოკუმენტების წარდგენის გარეშე. ჰელსინკიმ მოსკოვს ბრალი დასდო, რომ ის მესამე ქვეყნების მოქალაქეებს ფინეთის საზღვრის გადაკვეთისკენ უბიძგებს.

ნოემბერში მიგრანტების ტალღის გამო ხელისუფლებამ გადაწყვეტილება მიიღო, სრულად ჩაეკეტა ყველა საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საზღვარზე, სანამ არ შეიცვლება თავშესაფრის მაძიებლებთან დაკავშირებული ვითარება.

XS
SM
MD
LG