Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროსასამართლომ უგულავას საქმეზე სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა დაადგინა


თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა
თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას საქმეზე სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა დაადგინა. საქმე ეხება „თბილისის განვითარების ფონდის" საქმეს, რომელშიც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ უგულავა დამნაშავედ ცნო თანხის გაფლანგვაში.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას საქმეზე სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა დაადგინა. საქმე ეხება „თბილისის განვითარების ფონდის" საქმეს, რომელშიც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ უგულავა დამნაშავედ ცნო თანხის გაფლანგვაში.

ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაში ვკითხულობთ, რომ შალვა თადუმაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლე იყო, როდესაც 2020 წლის 10 თებერვალს გიგი უგულავას საქმეზე განაჩენი გამოიტანა. ხოლო, იმ დროს, როდესაც განმცხადებლის საქმე თბილისის სააპელაციო სასამართლოში განიხილებოდა, შალვა თადუმაძეს ეკავა გენერალური პროკურორის თანამდებობა.

ევროსასამართლო თანახმად, დაცვის მხარემ უზენაეს სასამართლოში მიმდინარე პროცესზე შალვა თადუმაძის საქმიდან აცილების შუამდგომლობა დააყენა, თუმცა მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ განმცხადებლის შიში არ იყო გამართლებული.

"მოცემულ საქმეში, ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად გენერალური პროკურორის როლისა და ფართო უფლებამოსილების გათვალისწინებით და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ კონტექსტი, რომელშიც ჩატარდა განმცხადებლის გახმაურებული სასამართლო პროცესი, პოლიტიკურად მგრძნობიარე იყო, სასამართლო მიიჩნევს, რომ იმ დროს, როდესაც შალვა თადუმაძე გენერალური პროკურორი იყო, სულ მცირე ინფორმირებული უნდა ყოფილიყო პროკურატურის შიდა სტრატეგიაზე მომჩივნის წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის პროცესის განხილვისას და რომ ეს აშკარა უნდა ყოფილიყო გარე ობიექტური დამკვირვებლისთვის", - ვკითხულობთ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

როგორც ევროსასამართლო აღნიშნავს, ის ვერ მიიღებს საქართველოს მთავრობის არგუმენტს, რომ განმცხადებლის წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის პროცესის ყველაზე გადამწყვეტი ეტაპი შალვა თადუმაძის პროკურატურის ხელმძღვანელად დანიშვნამდე წარიმართა. სტრასბურგის სასამართლოს თანახმად, ის ფაქტი, რომ სააპელაციო სასამართლოს იმ განაჩენის გასაჩივრების გადაწყვეტილება, რომელმაც საბოლოოდ გამოიწვია განმცხადებლის ქმედებების სამართლებრივი გადაკვალიფიცირება და სასჯელის გაზრდა, გენერალურ პროკურატურად შალვა თადუმაძის მუშაობის დროს მიიღეს, თავისთავად საკმარისია [მთავრობის] ამ არგუმენტის გასაუქმებლად.

ევროსასამართლომ გადაწყვეტილებას დაურთო ამონარიდი სამოსამართლო ქცევის ბანგალორის პრინციპებიდან, რომლის თანახმად, „მოსამართლის ქცევამ და მოქმედებამ უნდა განამტკიცოს საზოგადოების ნდობა სასამართლოს შეუვალობის მიმართ. მართლმსაჯულება არა მხოლოდ უნდა აღსრულდეს, არამედ უნდა დაინახონ, რომ აღსრულდა".

გადაწყვეტილებაში აღნიშნულია საქმის განხილვისას თადუმაძის მიუკერძოებლობის დამადასტურებელი არგუმენტის არარსებობის შესახებაც. „რაც შეეხება სუბიექტურობის ტესტს [ამით ფასდება კონკრეტული მოსამართლის შინაგან რწმენა და ქცევა, ანუ მოსამართლეს ჰქონდა თუ არა პირადი წინასწარი განწყობა ან სუბიექტური დამოკიდებულება კონკრეტულ საქმეში], ევროსასამართლო მიუთითებს, რომ არ არის ნაჩვენები ან არგუმენტირებული, რომ მოსამართლე შალვა თადუმაძე ფლობდა ან გამოხატავდა რაიმე პირად განწყობას, რამაც შეიძლება, ეჭვი შეიტანოს მის მიკერძოებულობაში.

რაც შეეხება ობიექტურობის ტესტს, ევროსასამართლო აღნიშნავს, რომ განმცხადებელს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მოსამართლე შალვა თადუმაძემ, ფაქტობრივად, ორმაგი როლი ითამაშა მის სისხლის სამართლის საქმეში", - აცხადებს ევროსასამართლო.

იურისტი სანდრო ბარამიძე
იურისტი სანდრო ბარამიძე

იურისტმა სანდრო ბარამიძემ, რომელიც ევროსასამართლოში გიგი უგულავას ინტერესებს იცავდა, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ განმცხადებელს კომპენსაცია არ მოუთხოვია.

ბარამიძის თქმით, მნიშვნელოვანია მე-6 მუხლის [საქმის სამართლიანი განხილვის უფლება] დარღვევის დადგენა. „საქმე ის არის, რომ მე-6 მუხლს რამდენიმე კომპონენტი აქვს. ერთ-ერთის თანახმად, უფლება ირღვევა იმ შემთხვევაში, თუ საქმე არ განიხილა მიუკერძოებელმა სასამართლომ.

მოცემულ შემთხვევაში სტრასბურგმა თქვა, რომ მოსამართლე არ იყო მიუკერძოებელი, რადგან საქმე უზენაეს სასამართლოში განიხილა ერთ-ერთმა მოსამართლემ, რომელიც მანამდე იყო გენერალური პროკურორი, რომლის ამ თანამდებობაზე მუშაობის დროსაც მომზადდა საკასაციო საჩივარი

გამოდის, რომ თადუმაძე ამ საქმეში მონაწილეობდა, როგორც გენერალური პროკურორი და როგორც მოსამართლე. ეს, რასაკვირველია, არის ინტერესთა კონფლიქტი. შესაბამისად, ეჭვები მისი მიუკერძოებლობის შესახებ არ შეიძლება იყოს გაქარწყლებული. აქედან გამომდინარე, დაირღვა მიუკერძოებლობის ნაწილში სამართლიანი სასამართლოს უფლება.

საკმარისად სერიოზული დარღვევაა. გამოდის, რომ ე.ი. პოლიტიკურად სენსიტიურ საქმეზე, სადაც სასამართლოს მეტი სიფრთხილე მართებს, მოსამართლემ, რომლის მიუკერძოებლობა ეჭვქვეშ იდგა, თვითონაც არ აიცილა თავი და რაც მთავარია, როდესაც დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა მისი აცილების შესახებ და ეს საკითხი განიხილა დანარჩენმა ორმა მოსამართლემ პალატაში, მათაც არ მიიჩნიეს მათ პრობლემად.

საქართველოს უზენაეს სასამართლოში პრობლემად არ მიაჩნიათ ის, რომ კაცი განიხილავს საქმეს ისეთს, რომელშიც მხარეს წარმოადგენდა, - გვითხრა სანდრო ბარამიძემ და დაამატა, - როგორც თვითონ უგულავას, ისე საზოგადოებას ვერ შეექმნებოდა მიუკერძოებელი სასამართლოს შთაბეჭდილება უზენაესი სასამართლოს შემხედვარე, სადაც მოსამართლედ იჯდა ყოფილი გენერალური პროკურორი. თანაც ისეთი, რომლის დროსაც მომზადდა საკასაციო საჩივარი".

როგორც განმცხადებელმა გიგი უგულავამ ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ გამოაჩინა, რომ საქართველოს სასამართლო სისტემა „სამწუხაროდ ოლიგარქის შაპიტოა".

უზენაესი სასამართლოს მოსამართლე შალვა თადუმაძემ რადიო თავისუფლებას ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკუთარი პოზიცია წერილობით მიაწოდა. „გიგი უგულავას, რამდენადაც ვიცი, საკმაოდ ვრცელი საჩივარი ჰქონდა წარდგენილი და ძირითადად ემყარებოდა ჩემს უდიპლომობას, არაკვალიფიციურობას, პოლიტიკურ აფილირებას, გენერალურ პროკურორობას და ამ საქმის მოსამართლეობას.

სტრასბურგის სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით დაადგინა, რომ არ არსებობს არანაირი ეჭვი და მტკიცებულება, რომელიც ზემოხსენებულ რომელიმე გარემოებას ადასტურებს. სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ სუბიექტური და ობიექტური ტესტით მოსამართლე თადუმაძე აკმაყოფილებს როგორც კვალიფიკაციის, ასევე მიუკერძოებლობისა და პოლიტიკური დამოუკიდებლობის ტესტს და ამ ნაწილში საჩივარი დაუშვებლად ცნო.

ერთადერთ საკითხზე რაზეც სტრასბურგის სასამართლომ განმარტება გააკეთა - საქმე პოლიტიკურად სენსიტიური იყო და საქმის გასაჩივრების დროს მოსამართლე თადუმაძე იყო ქვეყნის გენერალური პროკურორი. მიუხედავად იმისა, რომ განსასჯელ უგულავას არ წარმოუდგენია არანაირი მტკიცებულება თუ რატომ აყენებდა ეჭვქვეშ თადუმაძის ობიექტურობას, უმჯობესი იყო თადუმაძეს, როგორც მოსამართლეს არ მიეღო ამ საქმეში მონაწილეობა, მით უფრო, რომ განაჩენი შეიცვალა განსასჯელის საუარესოდ", - აღნიშნა თადუმაძემ.

შალვა თადუმაძე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე
შალვა თადუმაძე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე

პროკურატურა გიგი უგულავას ბრალს სდებდა „თბილისის განვითარების ფონდიდან“ 48 მილიონი ლარის გაფლანგვაში, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა და განაჩენი გამოიტანა შედარებით მსუბუქი, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით. თბილისის საქალაქო სასამართლომ 2018 წლის 28 თებერვალს დედაქალაქის ყოფილი მერი დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში და 1 წლით და 3 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ამასთან, საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი შთანთქა უგულავას მიმართ სისხლის სამართლის სხვა საქმეზე სააპელაციო სასამართლოს განაჩენმა და მას სასჯელი მოხდილად ჩაეთვალა.

საქალაქო სასამართლოს განაჩენი პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა და ბრალის დამძიმება მოითხოვა. 2018 წელს სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის განაჩენი, რომელიც პროკურატურამ 2019 წლის იანვარში ამჯერად საკასაციო ინსტანციაში გაასაჩივრა. უზენაესმა სასამართლომ საქმის განხილვა ერთი წლის თავზე, 2020 წელს დანიშნა. მან უგულავას საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი 2020 წლის 10 თებერვალს გამოიტანა და ყოფილ მერს 3 წლით, 2 თვით და 8 დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავა 2020 წლის 15 მაისს შეიწყალა. ამას წინ უძღოდა ფასილიტატორი დიპლომატების აქტიური მონაწილეობით ოპოზიციურ პარტიებსა და ხელისუფლებას შორის 8 მარტს გაფორმებული შეთანხმება.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დარღვევა გიგი უგულავას კიდევ ერთ საქმეზე 2023 წლის 23 თებერვალს დაადგინა.

ევროსასამართლომ მიიჩნია, რომ გიგი უგულავას წინააღმდეგ ევროკონვენციის მე-5 მუხლის პირველი და მესამე პუნქტები დაირღვა. სტრასბურგის სასამართლომ სახელმწიფოს უგულავას სასარგებლოდ, არამატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად, 10 000 ევროს გადახდა დააკისრა.

ევროსასამართლომ მიიჩნია, რომ 2014 წლის ივლისში მომჩივნისათვის [გიგი უგულავასთვის] პატიმრობის პირველადი შეფარდებიდან 9 თვის გასვლის შემდგომ მისი პატიმრობაში დატოვება კონვენციის დარღვევას წარმოადგენდა (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების პრაქტიკა (ჯამში 9 თვეზე მეტი ხანი) საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამოა). გიგი უგულავა წინასწარ პატიმრობაში 14 თვეზე მეტ ხანს იმყოფებოდა.

XS
SM
MD
LG