Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურა ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე თბილისში, რამდენიმე ადგილას ატარებს საგამოძიებო მოქმედებებს


საქართველოს გენერალური პროკურატურის შენობა
საქართველოს გენერალური პროკურატურის შენობა

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, თბილისში, რამდენიმე ადგილას, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. კერძოდ, უწყებაში ამბობენ, რომ სპეცოპერაცია საერთაშორისო გამოძიების ფარგლებში ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ტარდება.

"საქართველოს პროკურატურა ევროპელ კოლეგებთან ერთად, აქტიურად აგრძელებს ტრანსნაციონალური თაღლითური ქოლცენტრების წინააღმდეგ გამოძიებას... საქმე ეხება ევროპელ პარტნიორებთან ერთად მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოვლენილ ტრანსნაციონალურ დანაშაულს, კერძოდ თაღლითური ქოლცენტრების სისხლის სამართლის საქმეს", - ვკითხულობთ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მედიისთვის ცნობილი გახდა, რომ საგამოძიებო მოქმედება, ჩხრეკა ტარდება თბილისში, ისანში, მდებარე ერთ-ერთ ოფისში. ადგილზე არიან პროკურატურის წარმომადგენლები, ასევე უფლებადამცველები, მათ შორის - ადვოკატი ლიკა ბითაძე. რადიო თავისუფლებასთან საუბარში მან თქვა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფები ოფისის თანამშრომლები არიან, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რას საქმიანობენ ისინი.

"ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფები საქართველოს მოქალაქეები არიან. დეტალები ჯერჯერობით არ ვიცი. ჩხრეკის დასრულების შემდეგ, სავარაუდოდ, ხვალ დაკითხავენ მათ", - ამბობს ადვოკატი.

ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები თბილისში აქამდეც არაერთხელ ჩატარებულა. თაღლითურ სქემაში მონაწილეობის გამო დაკავებულია არაერთი ადამიანი.

ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ "ქოლცენტრები" საქართველოში წინა მთავრობის წარმომადგენლებს აქვთ, ოპოზიცია კი მთავრობის მოქმედი წევრების ჩართულობაზე საუბრობს.

ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ერთ-ერთი ბრიფინგი 2021 წლის 21 ოქტომბერს პროკურატურაში გაიმართა. მასზე თქვეს, რომ გერმანული მხარის დახმარებით გახსნეს ტრანსნაციონალური დანაშაული. მათივე ცნობით, გერმანიის მოქალაქეებს მოტყუებით მილიონობით ევრო გამოსძალეს. ამ საქმეზე შვიდი პირი დააკავეს.

გამოძიების ვერსიით:

  • "ქოლ-ცენტრის თანამშრომლები წინასწარ შემუშავებული გეგმით, ცრუ სატელეფონო ნომრების გამოყენებით უკავშირდებოდნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის და სხვა ქვეყნების მოქალაქეებს, ეცნობოდნენ გამოგონილი სახელებით, მათი კომპანიის ადგილსამყოფლის შესახებ აწვდიდნენ ყალბ ინფორმაციას და სთავაზობდნენ ფასიანი ქაღალდების, აქციების, სასაქონლო აქტივების, ვალუტების და კრიპტოვალუტების ელექტრონულ ვაჭრობაში მონაწილეობის მიღებას, დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ შექმნილი ელექტრონული პლატფორმების გამოყენებით";
  • "ოპერატორები მომხმარებლებს არწმუნებდნენ, რომ მათი დახმარებით, ფასების ზრდა-შემცირებაზე ელექტრონული ვაჭრობის შემთხვევაში, შეძლებდნენ სოლიდური მოგების მიღებას. მომხმარებლისგან თანხმობის მიღების შემდგომ, მათგან ელექტრონული ვაჭრობისთვის გამოყოფილი თანხების განთავსება ხდებოდა დანაშაულებრივი ჯგუფის კონტროლის ქვეშ არსებულ საბანკო ანგარიშებზე".

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 2021 წლის 28 ოქტომბერს თავდაცვის ყოფილი მინისტრი და ტელეკომპანია "ფორმულის" დამფუძნებელი დავით კეზერაშვილი ტრანსნაციონალურ დანაშაულს დაუკავშირა.

„ქოლცენტრების საქმემ" საქართველოში განსაკუთრებული აქტუალობა მას შემდეგ შეიძინა, რაც BBC-მ ამ თემაზე ჟურნალისტურ გამოძიება მოამზადა. BBC Eye-ის მიერ გამოქვეყნებულ ჟურნალისტურ გამოძიებაში ე.წ. ქოლცენტრების მასშტაბური თაღლითური სქემის ერთ-ერთ მთავარ ფიგურანტად დავით კეზერაშვილია დასახელებული. BBC-ს გამოძიების მიხედვით, თაღლითობასთან კავშირი დავით კეზერაშვილმა და სხვა დასახელებულმა პირებმა უარყვეს.

XS
SM
MD
LG