Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სარაევოში დაიწყო ბოსნიელ სერბთა ერთეულის პრეზიდენტის სასამართლო


მილორად დოდიკი, ბოსნიელ სერბთა ერთეულის პრეზიდენტი ბოსნია-ჰერცეგოვინაში
მილორად დოდიკი, ბოსნიელ სერბთა ერთეულის პრეზიდენტი ბოსნია-ჰერცეგოვინაში

5 თებერვალს ბოსნია-ჰერცეგოვინაში დაიწყო ბოსნიელ სერბთა ერთეულის, რეპუბლიკა სრპსკას პრეზიდენტის, მილორად დოდიკის სასამართლო პროცესი - მანამდე სხდომა რამდენჯერმე გადაიდო. დოდიკს ბრალად ედება საერთაშორისო სამშვიდობო წარმომადგენლის ბრძანებების დაუმორჩილებლობა.

სხდომა დაიწყო საბრალდებო დოკუმენტის წაკითხვით - დოდიკს ადანაშაულებენ ბოსნია-ჰერცეგოვინაში გაეროს მიერ მხარდაჭერილი უმაღლესი წარმომადგენლის, კრისტიან შმიდტის ბრძანებების შეუსრულებლობაში. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, დოდიკს ექვსი თვიდან ხუთ წლამდე პატიმრობა ემუქრება, აეკრძალება საჯარო სამსახურში ყოფნა.

სარაევოში მიმდინარე სხდომის მოსამართლემ ორჯერ გააფრთხილა დოდიკის მომხრეები, არ შეეშალათ ხელი პროცესის მიმდინარეობისთვის - მანამდე ისინი სტვენითა და შეძახილებით შეხვდნენ ბრალდების წაკითხვის გადაწყვეტილებას. დოდიკის მომხრეებმა სასამართლოს დარბაზი დატოვეს მას მერე, რაც მოსამართლემ დარბაზისა და აუდიტორიის ოთახის განმაცალკევებელი ფარდის ჩამოშვება ბრძანა.

საბრალდებო დოკუმენტის თანახმად, დოდიკმა ხელი მოაწერა კანონებს, რომლებიც შმიდტის მიერ გაუქმებული იყო, "მიუხედავად იმისა, რომ მან იცოდა [შმიდტის] გადაწყვეტილებების სავალდებულო ხასიათის შესახებ".

პროკურატურა თავის მტკიცებულებებს შემდეგ სხდომაზე 6 მარტს გაიტანს საჯაროდ. სასამართლოზე დაიკითხება სახელმწიფო გამოძიებისა და დაცვის სააგენტოს (SIPA) ოთხი თანამშრომელი.

XS
SM
MD
LG