Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სურამის შემდეგ მეწყრული პროცესები ქვიშხეთშიც განვითარდა


სურამი
სურამი

დაბა სურამის შემდეგ მეწყრული პროცესები განვითარდა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთშიც. მთიდან წამოსულმა მიწის მასამ სუთიაშვილების უბანში საცხოვრებელ სახლებამდე მიაღწია. ორი ოჯახი უკვე ევაკუირებულია.

ხაშურის მუნიციპალიტეტში მეწყრული პროცესები 7 თებერვალს, ღამის 11 საათზე, დაიწყო. დაბა სურამში, ზინდისის დასახლებაში, მიმდებარე მთის ფერდობიდან მიწის მასა სახლებისკენ დაიძრა. ტალახმა, ქვა-ღორღმა და ხეების ფრაგმენტებმა გურამიშვილის ქუჩამდე მიაღწია.

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, წუხელ უსაფრთხო ადგილზე 40 ოჯახი გაიყვანეს - 10 ოჯახი სასტუმროში განათავსეს, დანარჩენები კი ნათესავებმა შეიფარეს.

დილიდან ხაშურის მუნიციპალიტეტში მუშაობენ გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები. მათ მოინახულეს მეწყერსაშიში ადგილები, ის ფერდობი, საიდანაც მიწის მასა წამოვიდა. ახლა მათ დასკვნაზეა დამოკიდებული, მოახერხებენ თუ არა ადგილობრივი მცხოვრებლები სახლებში დაბრუნებას.

გეოლოგების დასკვნას ელოდება ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი თენგიზ ჩიტიაშვილიც. მისი თქმით, სპეციალისტების რეკომენდაციების და დასკვნის საფუძველზე ხელისუფლება განსაზღვრავს გეგმას, რომელიც სტიქიის ზონაში მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოებას და სტიქიური მოვლენების პრევენციას უკავშირდება.

„რაც მთავარია, წუხელ დაწყებული პროცესი არ გაგრძელებულა. მიწის მასა შეჩერებულია და აღარ მოძრაობს. გეოლოგები არიან ჩამოსული და ადგილზე მუშაობენ და რასაც გვეტყვიან, იმის მიხედვით ვიმოქმედებთ. ყველაზე მთავარი მაინც ის იყო, რომ წუხელ აქ მცხოვრებლების ევაკუაცია განვახორციელეთ და ახლა ისინი უსაფრთხოდ არიან“, - თქვა ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა თენგიზ ჩიტიაშვილმა.

სურამელების ინფორმაციით, ზინდისის დასახლებაში მეწყრული პროცესები 2007 წლის შემდეგ დაიწყო. მაშინ ადგილზე სპეციალისტებიც იყვნენ ჩასული. ტერიტორიის ნაწილი ე.წ. წითელ ზონად გამოცხადდა, თუმცა არაფერი შეცვლილა.

ზინდისის დასახლება სურამის ტყეს ესაზღვრება. ეს არის საკურორტო ზონა.

ორდღიანი სტიქიის შედეგების შესახებ ჟურნალისტებთან ისაუბრა შიდა ქართლის გუბერნატორმა მიხეილ შაყულაშვილმა. მისი ინფორმაციით, ზარალი ჯერ დათვლილი არ არის, რადგან სალიკვიდაციო სამუშაოები სოფლების ნაწილში ისევ მიმდინარეობს.

„თავდაპირველად 150 სოფელს არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია, დაზიანებული იყო ელექტროსადენები, დაზიანებული იყო გაზსადენის მილები, რამდენიმე ადგილზე ჩამოიშალა კლდე, დაიტბორა რამდენიმე ასეული საცხოვრებელი სახლი, დაზიანდა 9 სახლი, მათგან ერთი მთლიანად დაინგრა, ორ სახლს კი კედლები ჩამოეშალა. გუშინ ღამით კი სტიქიის ფონზე ხაშურის მუნიციპალიტეტში განვითარდა მეწყრული პროცესები“, - განაცხადა შაყულაშვილმა.

გეოლოგების დასკვნას ელოდებიან სურამსა და ქვიშხეთშიც. მათი რეკომენდაციით გადაწყდება, რომელ ადგილებში და როდის იქნება მოსახლეობის დაბრუნება უსაფრთხო.

8 თებერვლის გამთენიისას, მეწყერი ჩამოწვა ხულოს მუნიციპალიტეტში, სხალთის ხეობაშიც.

მიწის მასამ ჩაიტანა სხალთა-ხიხაძირის საავტომობილო გზა და დაანგრია ხიდი. ხეობის 20-მდე ოჯახს სახლების დატოვება მოუწია.

6 თებერვალს დიდთოვლობის შედეგად ზვავი და მეწყერი ჩამოწვა მაღალმთიან აჭარაში. ხულოს და ქედის მუნიციპალიტეტებში დაიღუპა ორი ადამიანი. სტიქიური მოვლენების დროს ხულოს მუნიციპალიტეტში 70-ზე მეტი ახალი მეწყერი განვითარდა. ხულოსა და ქედის მუნიციპალიტეტებიდან 130-მდე ოჯახი გაასახლეს.

7 თებერვალს, გამთენიისას, მეწყერი ჩამოწვა იმერეთის რეგიონში, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში. მიწის მასაში ოთხი სახლი მოყვა, დაიღუპა 9 ადამიანი.

XS
SM
MD
LG