Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

НRW: მარიუპოლში ბრძოლებისას მინიმუმ 8000 ადამიანი დაიღუპა


მარიუპოლის დრამატული თეატრი რუსეთის ავიაციის მიერ მისი დაბომბვის შემდეგ. თეატრს თავს აფარებდა ასობით სამოქალაქო პირი, მათ შორის ბავშვები. 19 აპრილი, 2022.
მარიუპოლის დრამატული თეატრი რუსეთის ავიაციის მიერ მისი დაბომბვის შემდეგ. თეატრს თავს აფარებდა ასობით სამოქალაქო პირი, მათ შორის ბავშვები. 19 აპრილი, 2022.

ადამიანის უფლებების დამცველმა ორგანიზაცია Human Rights Watch-მა SITU Research-თან და Truth Hounds-თან ერთად გამოაქვეყნა გამოკვლევა რუსეთის ჯარების მიერ 2022 წლის გაზაფხულზე აზოვის ზღვის საპორტო ქალაქ მარიუპოლის ხელში ჩაგდების შედეგებზე.

ბრძოლების დროს, რომლებიც თვე-ნახევარს გრძელდებოდა, ადგილობრივი მოსახლეები საკვების, წყლისა და ელექტრომომარაგების გარეშე აღმოჩნდნენ ალყაშემორტყმულ ქალაქში, რომელსაც ცეცხლს უშენდნენ.

გამოკვლევის ავტორებმა სასაფლაოების სატელიტური ფოტოების შესწავლისა და ქალაქში წლიური სიკვდილიანობის მონაცემებთან შედარებით დაასკვნეს, რომ 2022 წლის მარტიდან 2023 წლის თებერვლამდე მარიუპოლში მინიმუმ 8000 ადამიანი დაიღუპა. მათგან რამდენია სამხედრო და რამდენი სამოქალაქო პირი, უცნობია. ამასთან, ეს მონაცემები, როგორც ჩანს, არ ასახავს დაღუპულთა რეალურ რიცხვს, რაც უფრო მაღალია, ვინაიდან ხშირად ერთ საფლავში რამდენიმე ადამიანს მარხავდნენ, აღნიშნავს HRW.

მარიუპოლის მრავალი მოსახლე იძულებული იყო, გაქცეულიყო და ახლობლები დაუკრძალავი დაეტოვებინა, ნათქვამია ანგარიშში. მრავალი გვამი ქუჩაში იყო დატოვებული ხალიჩებში გახვეული ან მოფარებულ ადგილებში ერთად თავმოყრილი.

ბევრი დაღუპული რჩებოდა სახლებში, რომლებიც შემდგომ დაინგრა იერიშების შედეგად და ისინი რუსეთის ხელისუფლებამ მთლიანად დაანგრია ქალაქის ხელში ჩაგდების შემდეგ.

რუსეთის ჯარების მიერ მარიუპოლის შტურმის შედეგად ქალაქის ათასობით მოსახლე დაიჭრა. უფლებადამცველთა დაანგარიშებით, კიდევ ასიათასობით ადამიანი რამდენიმე კვირა აღმოჩნდა ქალაქში ალყაში მოქცეული. მათ არ ჰქონდათ ქალაქის დატოვების და ელემენტარული მოთხოვნილებების დაკმაყოფილების საშუალება.

მოხსენებაში მთლიანობაში აღწერილია 14 თავდასხმა, რომელთა შედეგად დაზიანდა ან დაინგრა 18 შენობა, დაიღუპნენ ან დაიჭრნენ სამოქალაქო პირები. მათ შორისაა ორი საავადმყოფოს, საცხოვრებელი სახლების, სუპერმარკეტისა და დრამატული თეატრის დაბომბვა. ამ უკანასკნელს ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს. 16 მარტს რუსეთის ჯარებმა, როგორც ანგარიშშია ნათქვამი, თეატრზე ორი ავიაბომბი ჩამოაგდეს.

უფლებადამცველებს მიაჩნიათ, რომ აღწერილ არცერთ შემთხვევაში შენობაში ან მის მახლობლად არ ყოფილან უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცები, ან მათი ყოფნა იმდენად უმნიშვნელო იყო, რომ ომის კანონების თვალსაზრისით არ ამართლებდა დარტყმების განხორციელებას.

ანგარიშის მომზადებისას ადამიანის უფლებების დამცველები Human Rights Watch-იდან ესაუბრნენ მარიუპოლის ასობით მოსახლეს, რომელთაც ქალაქის დატოვება შეძლეს ალყის შემდეგ. უფლებადამცველებმა შეისწავლეს 850 ფოტო და ვიდეო, რათა შეეფასებინათ ქალაქის ნგრევის მასშტაბი. ანგარიშის ავტორთა შეფასებით, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში დანგრეულია საცხოვრებელი სახლების 90%-ზე მეტი.

HRW-მა დაადგინა რუსეთის არმიის 17 ქვედანაყოფი, რომლებიც მარიუპოლის ოკუპაციაში მონაწილეობდნენ. უფლებადამცველები ამტკიცებენ, რომ რუსეთის უმაღლესმა სამხედრო ხელმძღვანელობამ, მათ შორის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ და გენერალური შტაბის უფროსმა ვალერი გერასიმოვმა იცოდნენ ქალაქის ხელში ჩაგდებისა და რუსეთის ჯარების მოქმედებების შესახებ. ახლა რუსეთი თავიდან აშენებს მარიუპოლს და თან სპობს სამხედრო დანაშაულის კვალს, აღნიშნავენ უფლებადამცველები.

XS
SM
MD
LG