Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

93 წლის ასაკში სიცოცხლე ევთანაზიით დაასრულეს ჰოლანდიის ექსპრემიერმა და მისმა ცოლმა


ჰოლანდიის ექსპრემიერმა, დრის ვან აგტმა და მისმა მეუღლემ, ეუგენიამ, 93 წლის ასაკში სიცოცხლე ევთანაზიით დაასრულეს, 2024 წლის თებერვალი
ჰოლანდიის ექსპრემიერმა, დრის ვან აგტმა და მისმა მეუღლემ, ეუგენიამ, 93 წლის ასაკში სიცოცხლე ევთანაზიით დაასრულეს, 2024 წლის თებერვალი

ჰოლანდიის ექსპრემიერი, დრის ვან აგტი მეუღლესთან, ეუგენიასთან ერთად გარდაიცვალა. ეს მოხდა 5 თებერვალს, თუმცა ინფორმაცია საჯაროდ რამდენიმე დღის შემდეგ გავრცელდა. მეუღლეებმა, რომლებიც ბოლო ხანებში მძიმედ იყვნენ ავად, გამოიყენეს ჰოლანდიაში კანონიერად მოქმედი ევთანაზია. ორივე მათგანი 93 წლის იყო.

ვან აგტი 1970-იან წლებში ხელმძღვანელობდა პარტიას "ქრისტიან-დემოკრატიული მოწოდება", და ქვეყნის პრემიერ-მინისტრის რანგში მსახურობდა 1977 წლიდან 1982 წლამდე. შემდეგ წლებში იყო ჩრდილოეთ ბრაბანტის პროვინციის კომისარი, ევროკავშირის წარმომადგენელი იაპონიასა და აშშ-ში.

2019 წელს ვან აგტმა გადაიტანა ინსულტი, რომლის შემდეგაც მას ჯანმრთელობა სრულად აღარ აღუდგა. მისი მეუღლე, ეუგენიაც ბოლო წლებში ასევე მძიმედ ავადმყოფობდა. მეუღლეებმა გადაწყვიტეს ფიზიკური ტანჯვა შეეწყვიტათ და ცხოვრებიდან "ხელიხელჩაკიდებული" წასულიყვნენ. თანაცხოვრებაში მათ 70 წელი დაჰყვეს.

ევთანაზია წარმოადგენს სიცოცხლის ნებაყოფლობით, უმტკივნეულო დასრულების პროცედურას მძიმედ ავადმყოფი ადამიანებისთვის და ის ჰოლანდიაში 2002 წლიდანაა კანონიერი. ევთანაზია ასევე დაკანონებულია ბელგიაში, ლუქსემბურგში, შვეიცარიაში, კოლუმბიაში, კანადაში, აშშ-ის რამდენიმე შტატში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში. შესაბამისი კანონები შემუშავებულია ესპანეთსა და პორტუგალიაში, ისინი საბოლოო დამტკიცებას საჭიროებს.

ევთანაზიისთვის აუცილებელ პირობებად მიიჩნევა უკურნებელი სენის არსებობა, რომელიც პაციენტს დიდ ტანჯვას ჰგვრის, და პაციენტის მტკიცე სურვილი ეს ტანჯვა შეწყდეს.

გამოცემა Guardian-ის მონაცემებით, ჰოლანდიაში ევთანაზიას წელიწადში ათასამდე ადამიანი იყენებს. მათ შორის 2020 წელს იყო 13 ოჯახური წყვილი, რომლებმაც სიცოცხლის ერთად დასრულება გადაწყვიტეს, 2022 წელს - 29 წყვილი.

XS
SM
MD
LG