Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლოს განაჩენით, დონალდ ტრამპმა 354,9 მილიონი დოლარის ჯარიმა უნდა გადაიხადოს


აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნიუ-იორკის უზენაესი სასამართლოს სხდომაზე 11 იანვარს, 2024 წელი. ნიუ-იორკის სასამართლომ 16 თებერვალს მას 354,9 მილიონი დოლარის ჯარიმის გადახდა დააკისრა.
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნიუ-იორკის უზენაესი სასამართლოს სხდომაზე 11 იანვარს, 2024 წელი. ნიუ-იორკის სასამართლომ 16 თებერვალს მას 354,9 მილიონი დოლარის ჯარიმის გადახდა დააკისრა.

ნიუ-იორკის სასამართლომ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, 354,9 მილიონი დოლარის ჯარიმის გადახდა დააკისრა Trump Organization-ის აქტივების შეფასებისას თაღლითობისთვის.

ტრამპი დამნაშავედ ცნეს იმაში, რომ ის ყოველწლიურად, ათი წლის განმავლობაში, თავისი საოჯახო ბიზნესის წმინდა ღირებულებას 3,6 მილიარდი დოლარით ზრდიდა, რაც საშუალებას აძლევდა, მიეღო უფრო ხელსაყრელი სესხის პირობები.

სასამართლომ ასევე აუკრძალა ტრამპს სამი წლის განმავლობაში ნიუ-იორკის ნებისმიერი კომპანიის დირექტორობა ან თანამშრომლობა. იმავე პერიოდის განმავლობაში, ტრამპსა და მის კომპანიებს აკრძალული აქვთ სესხის მოთხოვნა ნიუ-იორკის ნებისმიერ ფინანსურ დაწესებულებაში.

ამას გარდა, სასამართლომ ტრამპის უფროს ვაჟებს - უმცროს დონალდსა და ერიკს - ოთხ-ოთხი მილიონი დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდის ვალდებულება დააკისრა. მოსამართლემ ისინი დამნაშავედ ცნო "თაღლითობის მრავალრიცხოვან შემთხვევებში". ასევე, მათაც ეკრძალებათ ორი წლის განმავლობაში კომპანიების ხელმძღვანელობა ნიუ-იორკში.

Trump Organization-ის ყოფილი ფინანსური დირექტორი, ალენ ვაისელბერგი, რომელმაც დანაშაული აღიარა საგადასახადო თაღლითობის შესახებ სხვა საქმეში, გადაიხდის ჯარიმას მილიონი დოლარის ოდენობით. სასამართლომ მას სამუდამოდ აუკრძალა ნიუ-იორკის ნებისმიერი კომპანიის ფინანსების მართვა.

თავის სოციალურ ქსელში ტრამპმა მის წინააღმდეგ ბრძოლას კვლავ "კუდიანებზე ნადირობა" და "არჩევნებში ჩარევა" უწოდა. ტრამპისა და მისი ვაჟიშვილების ადვოკატები განაჩენის გასაჩივრებას აპირებენ. ტრამპის წინააღმდეგ - რომელიც წელს კვლავ აპირებს, მიიღოს მონაწილეობა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში - სისხლის სამართლის ოთხი საქმეა აღძრული. ტრამპი არცერთ შემთხვევაში არ აღიარებს დანაშაულს.

ამერიკელების ბოლოდროინდელი გამოკითხვების მიხედვით, ტრამპი, რომელიც 2017-2021 წლებში იყო პრეზიდენტი, რესპუბლიკური პარტიის პრაიმერის პოტენციური გამარჯვებულია. ამ შემთხვევაში, ის კონკურენციას გაუწევს აშშ-ის პრეზიდენტის პოსტზე დემოკრატიული პარტიის სავარაუდო კანდიდატს, ჯო ბაიდენს და რამდენიმე დამოუკიდებელ-უპარტიო კანდიდატს.

XS
SM
MD
LG