Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაიდენმა მოუწოდა კონგრესს, დაუყოვნებლივ დაამტკიცოს უკრაინისთვის დახმარება


აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი. 16 თებერვალი. 2024 წელი. ბაიდენმა კონგრესს მოუწოდა, დაამტკიცოს უკრაინისთვის დახმარება
აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი. 16 თებერვალი. 2024 წელი. ბაიდენმა კონგრესს მოუწოდა, დაამტკიცოს უკრაინისთვის დახმარება

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კვლავ მოუწოდა კონგრესს, დაუყოვნებლივ დაამტკიცოს კანონპროექტი ხარჯების შესახებ, რომელიც შეიცავს უკრაინისთვის შემდგომ დახმარებას.

18 თებერვალს ბაიდენმა დაურეკა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, "რათა დაედასტურებინა შეერთებული შტატების ერთგულება უკრაინისთვის შემდგომ დახმარებაში", ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

ჯო ბაიდენი დონეცკის ოლქში რუსეთის ჯარების მიერ ავდეევკის დაკავებას უკავშირებს კონგრესის უმოქმედობას, რომელშიც პარტიული უთანხმოებები ხელს უშლის 60 მილიარდი დოლარის გამოყოფას კიევისთვის აუცილებელ სამხედრო დახმარებისთვის. განცხადებაში აღნიშნულია, რომ უკრაინის ჯარების ავდეევკიდან გამოყვანა მოხდა მას შემდეგ, რაც უკრაინელი სამხედროები იძულებული გახდნენ, შეეზღუდათ საბრძოლო მასალის გამოყენება მომარაგების შემცირების გამო, რამაც "გამოიწვია რუსეთის პირველი შესამჩნევი წარმატებები ბოლო თვეებში". ამერიკის ლიდერმა "დაადასტურა ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ აშშ-ის მთავრობისა და ამერიკელ ხალხის მიერ" და მოუწოდა კონგრესს, დაუყოვნებლივ მიიღოს კანონპროექტი ხარჯების შესახებ, რომელიც მოიცავს უკრაინისთვის დახმარებას, იუწყება "ამერიკის ხმა".

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ჯო ბაიდენთან საუბრის შემდეგ იმედი გამოთქვა, რომ კონგრესი მიიღებს "ბრძნულ გადაწყვეტილებას" კიევის დახმარების თაობაზე. „განვიხილეთ არსებული ვითარება ფრონტის ხაზზე. მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, სრული მხარდაჭერისთვის", - დაწერა ზელენსკიმ სოციალურ ქსელ X-ში.

• აშშ-ის სენატმა 13 თებერვალს მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს 95 მილიარდი დოლარის ოდენობის დამატებით თავდაცვის ხარჯებს, მათ შორის, 60 მილიარდი დოლარის გამოყოფას კიევისთვის. მოგვიანებით, ბაიდენმა მოუწოდა წარმომადგენელთა პალატას, "დაუყოვნებლივ" განეხილა დოკუმენტი. წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, რესპუბლიკელი მაიკ ჯონსონი ამტკიცებს, რომ საერთაშორისო სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარების ნებისმიერი პაკეტი უნდა შეიცავდეს ასევე უსაფრთხოების ზომების უზრუნველყოფას აშშ-ის საზღვარზე მექსიკასთან.

• 17 თებერვალს, ღამით, უკრაინულმა არმიამ დატოვა ავდეევკა. ამის შესახებ იტყობინებოდა უკრაინული ჯარების ჯგუფის, "ტავრიას" მეთაური, ალექსანდრ ტარნავსკი. ბრძოლები ქალაქისთვის, რომელიც დონეცკის ჩრდილო-დასავლეთთან მდებარეობს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდანვე მიმდინარეობდა - თითქმის ორი წლის განმავლობაში.

XS
SM
MD
LG