Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინური და ირანული ავტომობილების შემდეგ რუსეთში ინდურ და აფრიკულ ავტომანქანებს ელოდებიან


საილუსტრაციო ფოტო. ირანული კომპანია Iran Khodro-ს ქარხანა
საილუსტრაციო ფოტო. ირანული კომპანია Iran Khodro-ს ქარხანა

რუსეთის ბაზარზე ჩინური და ირანული ავტომობილების შემდეგ, შესაძლოა, გამოჩნდეს ინდოეთსა და უგანდაში წარმოებული მსუბუქი ავტომანქანებიც. ამის შესახებ რუსული გამოცემა „იზვესტია“ წერს რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო დაწესებული სანქციების საფუძველზე აკრძალულია რუსეთში ამერიკული, ევროპული და იაპონური ავტომობილების ექსპორტი და რეექსპორტი. მათი ადგილი უკვე დაიკავეს ჩინურმა ავტომანქანებმა.

როგორც „იზვესტია“ წერს, 2023 წელს ჩინეთის ავტოკონცერნებმა რუსეთის ბაზრის ნახევარი აითვისეს და 550 000-ზე მეტი ავტომობილი(Chery, Haval, Geely) გაყიდეს, 2004 წელს კი ამ რიცხვის 600 000-მდე გაზრდას აპირებენ. რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტ სერგეი კატირინის განცხადებით, რუსულ ბაზარზე დამკვიდრების პესპექტივა აქვთ ინდურ Tata Motors-ს და ირანულ Iran Khodro-ს და Saipa-ს.

რუსეთში უკვე იყიდება ირანის კომპანია Iran Khodro-ს მიერ წარმოებული მსუბუქი ავტომობილები, რომელთა ფასი 1,5 მილიონი რუბლიდან იწყება. ამასთან, როგორც „იზვესტია“ წერს, ამ ეტაპზე არ არსებობს კონკრეტული ინფორმაცია, რომ ინდოეთის მწარმოებლები რუსეთის ბაზრის ათვისებას აპირებენ. რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ვარაუდობს, რომ ადგილობრივ ბაზარზე გამოჩნდება უგანდაში წარმოებული ავტომობილებიც. საუბარია ამ ქვეყნის სახელმწიფო კომპანია Kiira Motors Corporation-ის მიერ გამოშვებულ ავტომანქანებზე.

XS
SM
MD
LG