Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ რადიო თავისუფლება არასასურველი ორგანიზაციების სიაში შეიტანა

მედიაკორპორაციის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ „უცხოეთის აგენტების“ სიების შედგენის და გაფართოების პრაქტიკა არის „კრემლის უსუსური მცდელობა, დამალოს იმედგაცრუება, რომელიც გამოიწვია უკრაინაში პუტინისეულმა შეჭრამ“.

რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტრომ უცხოეთის და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების სიაში, რომელთა მოქმედება არასასურველადაა აღიარებული რუსეთის ტერიტორიაზე, შეიტანა კორპორაცია რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება.

ამის შესახებ იტყობინება უწყების ვებსაიტი.

უფრო ადრე გენერალურმა პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კორპორაციის რუსეთის ტერიტორიაზე მოქმედება არასასურველია, იტყობინება რუსეთის საინფორმაციო სააგენტო ТАСС-ი.

ამავე ცნობით, გენერალურმა პროკურატურამ რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების არასასურველ ორგანიზაციად მიჩნევის გადაწყვეტილება მიიღო 2024 წლის, 2 თებერვალს.

სიაში მოხვედრა ნიშნავს, რომ ორგანიზაციას ეკრძალება ქვეყანაში საქმიანობა.

"არასასურველი ორგანიზაციის" სტატუსის გამო რადიო თავისუფლების ჟურნალისტებს, ასევე სხვა თანამშრომლებს, მათთან ერთად დონორებს და მათ, ვინც ინტერვიუს აძლევს, რუსეთში სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრებათ.

ახლა რუსეთის რეესტრში „არასასურველი“ 142 ორგანიზაციაა. ამ რეესტრში ხვდებიან ორგანიზაციები, რომელთა მოქმედება რუსეთის ხელისუფლების აზრით, საფრთხეს წარმოადგენს ქვეყნის საკონსტიტუციო წყობის საფუძვლებისთვის, უსაფრთხოებისა და თავდაცვისუნარიანობისთვის.

„უცხოეთის აგენტების“ რუსეთის იუსტიციის სამინისტროს მიერ შედგენილ სიებში შეტანილია რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროექტები, მათ შორის საკუთრივ რუსული სამსახური და მისი რეგიონული პროექტები, ასევე ინდივიდუალურად რედაქციის 30-მდე თანამშრომელი.

მედიაკორპორაციის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ „უცხოეთის აგენტების“ სიების შედგენის და გაფართოების პრაქტიკა არის „კრემლის უსუსური მცდელობა, დამალოს იმედგაცრუება, რომელიც გამოიწვია უკრაინაში პუტინისეულმა შეჭრამ“.

რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება აშშ-ის დამოუკიდებელი მედიაკორპორაციაა, რომელიც ფინანსდება კონგრესის მიერ აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტო გზით. რადიო თავისუფლება მაუწყებლობს 23 ენაზე, უპირატესად იმ ქვეყნების აუდიტორიებისთვის, სადაც მასმედიის თავისუფლება შეზღუდულია.

XS
SM
MD
LG