Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტი საგანგებო განცხადებას აქვეყნებს უკრაინაში რუსეთის შეჭრის მეორე წლისთავის წინ


ჯო ბაიდენი, აშშ-ის პრეზიდენტი
ჯო ბაიდენი, აშშ-ის პრეზიდენტი

თეთრი სახლის ვებსაიტზე 23 თებერვალს გამოქვეყნდა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის საგანგებო განცხადება "უკრაინაზე რუსეთის სასტიკი თავდასხმის" მეორე წლისთავის წინ.

"ორი წლის წინ, ხვალინდელ დღეს, გათენებამდე ცოტა ხნით ადრე დედაქალაქ კიევთან რუსეთის რაკეტებმა დაიწყეს აფეთქებს. რუსეთის ჯარებმა საზღვარი გადაკვეთეს და უკრაინაში შევიდნენ. უკრაინაზე ვლადიმირ პუტინის ულმობელი შეტევა დაიწყო.

მას სწამდა, რომ ადვილად დაასუსტებდა თავისუფალი ხალხის ნებას და გატეხავდა მათ შემართებას. რომ შეძლებდა სუვერენულ სახელმწიფოში შესვლას, და მსოფლიო გვერდით გაიწეოდა. რომ შეძლებდა ევროპაში და მის მიღმა უსაფრთხოების საფუძვლების შერყევას.

ორი წლის შემდეგ კიდევ უფრო მკაფიოდ ვხედავთ იმას, რაც პირველივე დღიდან ვიცოდით: პუტინმა ძალიან არასწორად გათვალა" - ვკითხულობთ განცხადებაში.

ბაიდენი აღნიშნავს, რომ უკრაინის მამაცი ხალხი ბრძოლას განაგრძობს, ნატო კიდევ უფრო ძლიერი, დიდი და ერთიანია, და აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი, 50 ქვეყნისგან შემდგარი უკრაინის მხარდამჭერი კოალიცია ერთგული რჩება უკრაინისთვის საჭირო დახმარების მიწოდების და აგრესიის გამო რუსეთის ანგარიშვალდებულების დაყენების მიზნებისა.

"დღეს მე ვაცხადებ 500-ზე მეტ ახალ სანქციას რუსეთის წინააღმდეგ, უკრაინის დაპყრობისთვის მის მიერ წარმოებული ომის და ალექსეი ნავალნის სიკვდილის გამო - რომელიც იყო კორუფციასთან მებრძოლი გაბედული აქტივისტი და პუტინის ყველაზე მწვავე ოპოზიციის ლიდერი. ეს სანქციები მიზანში ამოიღებს პირებს, რომლებსაც კავშირი აქვთ ნავალნის პატიმრობასთან, ისევე, როგორც რუსეთის ფინანსურ სექტორს, თავდაცვის ინდუსტრიულ ბაზას, შესყიდვების ქსელს და სანქციებისთვის თავის ამრიდებლებს ბევრ კონტინენტზე" - ვკითხულობთ აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებაში. ბაიდენი ასევე აღნიშნავს, რომ თავის გუნდს დაავალა გააძლიერონ სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიის და დემოკრატიისთვის მებრძოლების მხარდაჭერა მსოფლიოში.

აშშ-ის პრეზიდენტი ასევე ეხება უკრაინის დახმარების პაკეტს, რომელსაც კონგრესში განიხილავენ - "უკრაინას მეტი მომარაგება სჭირდება აშშ-სგან, ირანისა და ჩრდილოეთ კორეის იარაღით და ტყვია-წამლით მომარაგებული რუსეთის მუდმივი შეტევების მოსაგერიებელი ხაზის შესანარჩუნებლად. ამიტომ, წარმომადგენელთა პალატამ უნდა მიიღოს ეროვნული უსაფრთხოების ორპარტიული დამატებითი კანონპროექტი, სანამ გვიანი არ არის" - წერს ბაიდენი.

"ისტორია თვალს გვადევნებს. ამ კრიტიკულ მომენტში უკრაინისთვის დახმარების არგაწევას არ დაგვივიწყებენ. ახლაა უკრაინის გვერდით და ჩვენს მოკავშირეებთან ერთად მძლავრად დგომის დრო. ახლაა დრო დავამტკიცოთ, რომ შეერთებული შტატები თავისუფლებას იცავს და თავს არავის უხრის" - ამბობს აშშ-ის პრეზიდენტი უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მეორე წლისთავის წინ.

XS
SM
MD
LG