Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იქით - დასავლეთში, აქეთ - რუსეთში


ავტორი: ზურა ჩორჯელი

პროლოგი

შიზოფრენია მიეკუთვნება ფსიქოზური რეგისტრის აშლილობათა ჯგუფს. შიზოფრენიის მქონე ადამიანები კარგავენ რეალობის აღქმას. მათი უნარი, შეიმეცნონ გარემო და ადეკვატური რეაგირება ჰქონდეთ გარემოს გამღიზიანებლებზე პრობლემური ხდება... შიზოფრენიის დროს ყველაზე ხშირი პოზიტიური სიმპტომებია ბოდვა - იდეები, რომლებისაც შიზოფრენიის მქონე ადამიანებს გულწრფელად სჯერათ, თუმცა ამ იდეებს არ აქვს რეალური საფუძველი.....

საოცარია ნიცშეს ზარატუსტრა. მიჩურთავ სადღაც წიგნების თაროს კუნჭულში, დაგავიწყდება კიდეც. მერე უცებ აღმოაჩენ საწერი მაგიდის ქვედა უჯრაში, მერე ზევით ამოიწევს, პირველში და ბოლოს მაგიდაზე აღმოჩნდება. საკმაო ძალისხმევა გჭირდება,რომ ისევ თაროზე დააბრუნო. შეიძლება ვერ შეძლო და უკეთეს შემთხვევაში რასკოლნიკოვის ბედი გაიზიარო.

ზარატუსტრა უკვე ბატონი დუგინის მაგიდის პირველ უჯრაშია.. რასაც ბუნებრივია კარგი არაფერი მოყვება. თუმცა პირველი უჯრიდანაც დიდი უბედურების დატრიალება შეუძლია. ვისაც კარგი წიგნების წერა არ ხელეწიფება, სტატიების წერა სცადოსო - ესეც ნიცშეს რჩევაა. ხოდა დაუჯერა მე მგონი დუგინმა მასწავლებელს და სტატიებს წერს. ახალი არაფერი, უბრალოდ მასებში პროპაგანდისთვის ადვილად გასაგები გახდა ძირითადი სენტეცია,რომ “კოლექტიური დასავლეთი” კაცობრიობას უფსკრულისკენ მიაქანებს და „გადარჩენის“ მისია(უკვე მერამდენედ) ისევ რუსეთს აკისრია.

ბუნებრივია დამაინტერესა ამ უფსკრულის სიღრმეებმა.

თურმე იქ, დასავლეთში ეკონომიკური კრიზისია. რუსულ საიტებში ამოვიკითხე რომ იქ, კრიზისულ ევროპაში საშუალო ხელფასი 2066 ევროა(გერმანიაში 4100) აქეთ, უკრიზისო რუსეთში- 790 . საშუალო პენსია იქით კრიზისულ გერმანიაში 1000 ევრომდეა, აქ უკრიზისო რუსეთში -140, მასწავლებლის ხელფასი იქით 4300 ევროა, აქეთ- 450, პოლიციელის ხეფასი იქით 3000 მდე, აქეთ - 400. საარსებო მინიმუმი იქით 330 ევროა, აქეთ - 160. იქით პენსია საარსებო მინიმუმზე 6-ჯერ მეტია, აქეთ საარსებო მინიმუმის ტოლი. შეიძლება ციფრები იტყუებიან, მაგრამ იმას რა მოვუხერხო, რომ იქ მერსედესი კეთდება და აქეთ ლადა, ჟიგული თუ არ ვიცი ახლა რა ქვია.

იქით კრიზისია, აქეთ - რენესანსი.

გადაიკითხე პროლოგი!

იქ, დასავლეთში პოლიტიკური კრიზისიცაა. დემოკრატობანას თამაშობენ და არჩევნები მალე სამოქალაქო ომში გადაიზრდება. თურმე შტატებშიც კი არჩევნების შედეგები ყალბდება. აქ კიდევ, რუსეთში- იდეალური სიმშვიდე და სტაბილური დემოკრატიაა. არჩევნების ჩატარებას პროკურატურას ავალებენ, არჩევანი ერთსა და ერთს შორის უნდა გაკეთდეს და ა.შ. ოპოზიცია ან საიქიოსაა, ან ციხეში. ნავალნიმ მხოლოდ ის თქვა, რომ რუსი ხალხი არ იმსახურებს ფეოდალიზმში დაბრუნებას და 19 წელი მიუსაჯეს, ხოლო ციხეში ყოფნის სამი წლიდან, სამასი დღე კარცერში აქვს გატარებული.

1942 წლის დასაწყისია ინგლისში. ფაქტიურად ომის ბედი უკვე გადაწყვეტილია, ინგლისი მარტო აღარ იბრძვის. ამ დროს იზრდება მთავრობის მისამართით კრიტიკა დაშვებული შეცდომების გამო. ჩერეჩილი წერს: „არ არსებობს სახელმწიფო მოღვაწისთვის იმაზე დიდი შეცდომა, ვიდრე ის რომ მცდარი იმედებით კვებოს ხალხი....ინგლისელ ხალხს შეუძლია სულიერი სიმხნევით, მტკიცედ გაუსწოროს თვალი საშიშროებას, მაგრამ ის არ შეეგუება ტყუილს, არ შეეგუება, რომ პასუხიმგებელმა პირებმა თავი მოიტყუონ.....მე გადავწყვიტე მივმართო პარლამენტს და მოვითხოვო ნდობის მანდატი. ეს სრულიად ნორმალური, კონსტიტუციური და დემოკრატიული პროცედურაა.“ (ჩერჩილი. მეორე მსოფლიო ომი. ტ4. თ.4). სამდღიანი დებატების შემდეგ ტარდება კენჭისყრა. მთავრობამ ნდობის მანდატი მიიღო - 464 მომხრე, 1 წინააღმდეგი.

იქით პოლიტიკური კრიზისია, აქეთ - სტაბილური დემოკრატია.

გადაიკითხე პროლოგი!

იქ დასავლეთში ზნეობრივი, მორალური ფასეულობების კრიზისიცაა. ადამიანის ფუნდამენტური უფლებები შელახულია. ერთსქესიანები ქორწინდებიან, და უფრო მეტიც- ცხოველებთან ქორწინდებიან. აქ კიდევ ოჯახური ტრადიციები და სიწმინდეები ხელშეუხებელი და სუფთაა.( დუგინისვე სიტყვებით, ამ მხრივ რუსეთში კატასტროფული მდგომარეობაა). ისეთი განგაშია ატეხილი, თითქოს დასავლეთის საზღვარს გადაკვეთავ თუ არა გაგბოჭავენ, ეკლესიაში წაგათრევენ და თუ გაგიმართლა, შენსქესიან ადამიანთან დაგაქორწილებენ. ნახევარი საქართველო ევროპაში მიდი - მოდის და მე მსგავსი ჯერ არაფერი გამიგია.

იქით კრიზისია, აქეთ- რა ჯანდაბაა აღარ ვიცი.

გადაიკითხე პროლოგი!

ხოდა, დუგინ - დუგინისტებო მოეშვით ნიცშეს, ზომბერტს, თვით არისტოკლესაც კი და დოსტოევსკი წაიკითხეთ. ოღონდ ყურადღებით წაიკითხეთ, ამოცოხნით(ტერმინს ისევ ნიცშეს დავესესხები თქვენთვის მიმზიდველი და გასაგები რომ გახდეს). არა მგონია ფიოდორ მიხაილოვიჩზე კარგად ფრიდრიხი, ან ვინმე სხვა იცნობდეს რუსულ ხასიათს. ან მასზე მეტი გულშემატკივარი იყოს რუსეთის.

პ.ს. ვინ მეკითხება მე რუსეთის საქმეებს, მაგრამ მეზობლები ვართ, მეზობლები. ხოდა მდიდარი, მშვიდი და დალაგებული ჭკუის მეზობელი მირჩევნია მყავდეს. ძალიან არ მინდა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ვლადიმერი მალე ჩვენც „სვო“-ს ჩაგვიტარებს. რამდენი არ ამტკიცეს ბელგიამ და ჰოლანდიამ ნეიტრალურები ვართო, 1940 წლის მაისში ადოლფმა ორივე ქვეყნა დაიპყრო.

ახლა „ჭკვიანი“ კაცი ყანწით უნდა სვამდეს დუგინ-პუტინის სადღეგრძელოებს და მატრიონა-სტალინის ხატზე ლოცულობდეს, მაგრამ რა ვქნა, დავბერდი და ვერ ვისწავლე ჭკუა. თუმცა, ისევ უჭკუობა მირჩევნია შიზოფრენიას.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG