Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პალესტინელთა ჯანდაცვის უწყება: ისრაელის არმიამ მოკლა ექვსი პალესტინელი, რომლებიც ჰუმანიტარულ დახმარებას ელოდნენ


პალესტინელთა ოჯახი თავისი სახლის ნანგრევებთან. ღაზის სექტორი. დეირ ელ-ბალაჰი. 11 მარტი
პალესტინელთა ოჯახი თავისი სახლის ნანგრევებთან. ღაზის სექტორი. დეირ ელ-ბალაჰი. 11 მარტი

ისრაელის სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს პალესტინელებს და ექვსი მათგანი მოკლეს, ხოლო ათეულობით დაჭრეს მაშინ, როცა ღაზაში ხალხი ელოდა ჰუმანიტარული დახმარების ავტომანქანებს. შემთხვევა 13 მარტის საღამოს მოხდა.

Reuters-ის თანახმად, ამის შესახებ იტყობინება ღაზის სექტორის ჯანმრთელობის დაცვის სამსახური.

ისრაელის არმიის მიერ ღაზის სექტორზე ალყის შემორტყმის და რეგიონის ხანგრძლივი ინტენსიური დაბომბვის შედეგად, მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა დატოვა საცხოვრებელი და მიაშურა სხვა არეალებს, სადაც ჰუმანიტარული კრიზისი მძვინვარებს.

ისრაელმა საპასუხო სამხედრო ოპერაცია წამოიწყო 7 ოქტომბერს, როცა აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულად მიჩნეულმა დაჯგუფება ჰამასმა იერიში მიიტანა ისრაელის სამხრეთის დასახლებულ პუნქტებზე. ამ თავდასხმას 1200 ადამიანი ემსხვერპლა, 240-მდე მძევლად იქნა აყვანილი. მათი ნაწილი განთავისუფლდა, ნაწილი დაიღუპა და ნაწილი კვლავ ტყვეობაშია.

ღაზის ჯანდაცვის უწყების თანახმად, მას მერე ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად დაიღუპა 31341 პალესტინელი, ხოლო დაშავდა 73 ათასზე მეტი.

მსგავსი ინციდენტი მოხდა თებერვლის ბოლოს, როცა ისრაელის ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს ადამიანების ჯგუფს და დაიღუპა 100-ზე მეტი პალესტინელი, რომლებიც ჰუმანიტარულ დახმარებას ელოდნენ. ისრაელმა მაშინ მათი სიკვდილის მიზეზად დაასახელა ჭყლეტა, როცა ადამიანების ჯგუფი გარს შემოერტყა ჰუმანიტარული დახმარების მანქანას.

პალესტინელმა მედიკოსებმა განაცხადეს, რომ ღაზის ცენტრალურ ნაწილში, დეირ ალ-ბალახში, ისრაელის რაკეტა მოხვდა სახლს, რის შედეგად 14 მარტს ცხრა ადამიანი დაიღუპა. ღაზის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ისრაელის სამხედრო თავდასხმების შედეგად ღაზის სექტორში ბოლო 24 საათის განმავლობაში 69 პალესტინელი დაიღუპა და 110 დაიჭრა.

ღაზის სექტორში მეექვსე თვეა, ომი მიმდინარეობს. გაეროს თანახმად, 576 ათასი ადამიანი, მოსახლეობის მეოთხედი, შიმშილის ზღვარზეა. ისრაელი უარყოფს, რომ ხელს უშლის ჰუმანიტარული დახმარების შეტანას. შეფერხებების მიზეზად ის ჰუმანიტარული ორგანიზაციების არაეფექტიან მუშაობას ასახელებს. ჰამასი თვლის, რომ ისრაელი შიმშილს იყენებს სამხედრო ოპერაციაში.

ჰუმანიტარული დახმარება უახლოვდება ღაზის სანაპიროს საზღვაო გზითაც, რაც წარმოადგენს საცდელ სატრანსპორტო ოპერაციას, რისთვისაც აშშ-ის სამხედროები ღაზის სანაპიროსთან დროებით ნავმისადგომს აგებენ.

Reuters-ის ცნობით, ამ გზით შესაძლებელი გახდება ყოველდღიურად ორი მილიონი ულუფა სურსათის ჩატანა. გაეროს და პალესტინელი მოხელეები მიესალმებიან საზღვაო გზით ჰუმანიტარული დახმარების შეტანას, მაგრამ ამბობენ, რომ ეს ვერ შეცვლის სახმელეთო გზით დახმარების ჩატანას.

XS
SM
MD
LG