Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას. სამინისტრო გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ საარჩევნო უბნები გაიხსნა უკანონოდ.

აღნიშნული ქმედება წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯს, რომელიც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს, და სრულად უგულებელყოფს გაეროს წესდებასა და ჰელსინკის დასკვნით აქტს“, - წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელშიც ასევე აღნიშნულია, რომ სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს და რეაგირება მოახდინოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მორიგ უკანონო ქმედებებზე.

უწყება მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებები და შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.

ვლადიმირ პუტინს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტებმა ასლან ბჟანიამ და ალან გაგლოევმა. მილოცვაში, რომელიც აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის საიტზე გამოქვეყნდა, ბჟანია პუტინს მიმართავს, რომ მის კანდიდატურას „აფხაზეთის ხალხმა მხარი პრაქტიკულად ერთხმად დაუჭირა“. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სააგენტო „რესის“ ცნობით, პუტინს ხმა მისცა ამომრჩეველთა 97%-მა.

საქართველოს ორ რეგიონში, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარა, მოსახლეობის უმრავლესობას რუსეთის მოქალაქეობა აქვს.

ვლადიმირ პუტინი მეხუთე ვადით ხდება რუსეთის პრეზიდენტი:

  • რუსეთის კონსტიტუციით, 1991-დან 2020 წლამდე პრეზიდენტად კენჭისყრა ნებადართული იყო ზედიზედ მხოლოდ ორი ოთხწლიანი ვადით.
  • პუტინის პირველი ორი ვადა მოიცავდა 2000-2008 წლების პერიოდს.
  • 2008 წლის საკონსტიტუციო ცვლილებით, 2012 წლიდან არჩეული პრეზიდენტების უფლებამოსილების ვადა ექვს წლამდე გაიზარდა.
  • ვლადიმირ პუტინი პირველი ექვსი წლის ვადით რუსეთის პრეზიდენტი გახდა 2012 წელს, მეორედ კი - 2018 წელს.
  • 2020 წელს განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებებით, პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადები „განულდა“, რის საფუძველზეც, პუტინს კენჭისყრის შესაძლებლობა მიეცა კიდევ ორი ვადით - 2024 და 2030 წლებში.
XS
SM
MD
LG