Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პირველი ახალი სამაშველო ვერტმფრენი უკვე საქართველოშია


ვერტმფრენი H145
ვერტმფრენი H145

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მფრინავებმა ქვეყანაში ჩამოიყვანეს ახალი ფრანგული წარმოების ვერტმფრენი H145. ინფორმაციას ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო - უწყება, რომელმაც შვეულმფრენები შეიძინა.

Airbus Helicopters H145
Airbus Helicopters H145

„აღნიშნული ტიპის შვეულმფრენები მაღალ სიმაღლეზე ოპერირებისა და მანევრის შესაძლებლობებით გამოირჩევა, რაც, საქართველოს მაღალმთიანი რელიეფის გათვალისწინებით, არსებულ ამოცანებთან სრულად თავსებადია“, - აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

Airbus Helicopters H145
Airbus Helicopters H145

15 მარტამდე სასაზღვრო პოლიციის მფრინავებმა და ბორტტექნიკოსებმა თეორიული და პრაქტიკული მომზადება გერმანიაში, Airbus Helicopters-ის სასწავლო აკადემიაში, გაიარეს.

H145 მრავალფუნქციური შვეულმფრენია, რომელსაც შეუძლია შეასრულოს პოლიციური, სატრანსპორტო, სამძებრო და სამაშველო ფუნქციები. ახალი შვეულმფრენი დაკომპლექტებულია ხანძართან ბრძოლისა და სამთო-სამაშველო აღჭურვილობით. მას აქვს 2 ძრავა, რაც ზრდის ფრენის უსაფრთხოებას.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამი ვერტმფრენის შეძენაზე Airbus Helicopters-თან ხელშეკრულება 2022 წლის დეკემბერში დადო - დოკუმენტს ხელს აწერენ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი ნიკოლოზ შარაძე და Airbus Helicopters-ის წარმომადგენელი რომეინ ლანა.

სამი ვერტმფრენიდან ერთი 17 თვეში უნდა ჩამოსულიყო, მეორე - 19 თვეში, მესამე - 20 თვეში.

ახალი შვეულმფრენების შეძენა სახელმწიფოს 26 500 000 ევრო უჯდება. ამავდროულად, შინაგან საქმეთა სამინისტრო Airbus Helicopters-ს 5 500 000 ევროს სანაცვლოდ გადასცემს AS332 L1e S/N 2833-ს ("სუპერ პუმას"), რომელიც წლების განმავლობაში გამოუყენებელია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG