Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"თბილისი პრაიდი": "ქართულმა ოცნებამ" წინასაარჩევნო კამპანიის ღერძად სიძულვილი აირჩია


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

ორგანიზაცია "თბილისი პრაიდი" გამოეხმაურა მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" ინიციატივას საკონსტიტუციო ცვლილებაზე, რომელიც შემოთავაზებულია "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის" მოტივით.

"თბილისი პრაიდის" განცხადებით, სახელისუფლებო პარტიას ქართველი ხალხისთვის რეალური პრობლემების გადაჭრის გზების შეთავაზება არ შეუძლია, ამიტომ წინასაარჩევნო კამპანიის ღერძად სიძულვილი აირჩია.

ორგანიზაციის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ბოლო წლებში არაერთი მაგალითი ყოფილა ლგბტქი საკითხებით მანიპულირების და "ქართული ოცნების" ბოლოდროინდელი რიტორიკაც ამ ტენდენციის ნაწილია. "თბილისი პრაიდის" შეფასებით, არაჰუმანური სტრატეგიების მიზნებია, ხელისუფლებამ გადაფაროს ის რეალური პრობლემები, რომლებიც საერთოა საზოგადოების უმრავლესობისთვის, მათ შორის, ქვიარ თემისთვის.

"მისი ["ქართული ოცნების"] ერთადერთი შანსი საზოგადოების გახლეჩასა და კონკრეტული ჩაგრული ჯგუფების დემონიზებაზე გადის - ღირებულებებისგან დაცლილი პოლიტიკოსები სკამებს ებღაუჭებიან, რეალური ადამიანების გაწირვის ფასად. ამ პროცესში კი ზიანდება არამხოლოდ ქვიარ თემი, არამედ მთელი საზოგადოება, რომლის მნიშვნელოვან ნაწილსაც სიძულვილით ნაკვები პოლიტიკის პირობებში ემიგრაციის გარდა თვითგადარჩენის სხვა გზა აღარც რჩება.

ვხედავთ თემის წევრებსა და ფართო საზოგადოებაში გაზრდილ სტრესს, წუხილსა და შფოთვას. გვსურს გითხრათ, რომ ამ გრძელვადიან ბრძოლაში თქვენს სამსახურში ვართ. ჩვენ გავაგრძელებთ ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვისა და თანასწორობის მიღწევისთვის მუხლჩაუხრელ შრომას. ქვიარ ადამიანების სათქმელს, მათ გამოწვევებსა და გამოცდილებებს მივიტანთ რაც შეიძლება მეტი ადამიანის გულებამდე. მოვიკრებთ მოკავშირეებს და ავაშენებთ სოლიდარობის ხიდებს სხვა უმცირესობებთან და დაუცველ ჯგუფებთან.

იმისთვის, რომ თემი დავიცვათ პოლიტიკური ჰომოფობიისგან და გავაძლიეროთ ადამიანის უფლებების დაცვა, თქვენი დახმარება გვჭირდება. გთავაზობთ მონაწილეობა მიიღოთ ჩვენს სათემო შეხვედრებში, დისკუსიებში და თქვენი შესაძლებლობებისა და ინტერესების მიხედვით ჩაერთოთ პროცესებში", - წერია "თბილისი პრაიდის" განცხადებაში.

25 მარტს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ისაუბრა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე, რომლის მიღების შემთხვევაშიც პროპაგანდის აკრძალვის საფუძვლით შეიზღუდება ლგბტ პირთა უფლებები.

  • არასრულწლოვანის შვილად აყვანა შეეძლება ქორწინებაში მყოფ ოჯახს (ქალსა და კაცს) ან ჰეტეროსექსუალ ადამიანს;
  • აიკრძალება სქესის შეცვლასთან დაკავშირებით ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა;
  • აიკრძალება იმგვარი შეკრებები და პროგრამების ან მასალების გავრცელება, რომლებიც ერთნაირსქესიანი წყვილის ან სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის „პოპულარიზაციისკენ არის მიმართული“.

პარტია „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში არ აქვს კონსტიტუციის შესაცვლელად საჭირო ხმების რაოდენობა. მდინარაძემ თქვა, რომ თუკი კონსტიტუციის შესწორებას ამ მოწვევის პარლამენტში ვერ შეძლებენ, „ქართულ ოცნებას“ იგივე მიზანი ექნება მომავალ პარლამენტში, რომელიც 2024 წლის ოქტომბერში აირჩევა.

კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა შეუძლია ერთი მოწვევის პარლამენტს, თუ პროექტს მხარს დაუჭერს 113 დეპუტატი. თუ ცვლილებების მომხრე იქნება პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი (100 ხმა), მაშინ საჭირო იქნება მომდევნო პარლამენტის მხარდაჭერაც. ამ შემთხვევაშიც არანაკლებ 100 ხმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG