Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლგბტ უფლებების შემზღუდველი საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტში დარეგისტრირდა


ფოტო არქივიდან: "პრაიდის" ფესტივალის მოწინააღმდეგეები წვავენ ლგბტ დროშას.
ფოტო არქივიდან: "პრაიდის" ფესტივალის მოწინააღმდეგეები წვავენ ლგბტ დროშას.

საპარლამენტო უმრავლესობის 83 დეპუტატის სახელით საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა ლგბტ უფლებების შემზღუდველი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი. პარლამენტში ამ საკითხის მომხსენებლები იქნებიან „ქართული ოცნების“ დეპუტატები მამუკა მდინარაძე, გიორგი ვოლსკი, ანრი ოხანაშვილი, რატი იონათამიშვილი და გივი მიქანაძე.

დოკუმენტს საპარლამენტო უმრავლესობის ყველა წარმომადგენელი აწერს ხელს პარტიებიდან „ქართული ოცნება“ და „ხალხის ძალა“, მათ შორის - პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილიც.

იმის მიუხედავად, რომ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში მნიშვნელოვნად შეიზღუდება ლგბტ პირთა უფლებები, კანონპროექტის ინიციატორი 83 დეპუტატი აცხადებს, რომ „კონსტიტუციური კანონის პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს“.

მმართველმა პარტიამ საკონსტიტუციო ცვლილებებთან ერთად დააინიციირა კონსტიტუციური კანონის პროექტი სახელწოდებით, „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“.

25 მარტს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ისაუბრა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე, რომლის მიღების შემთხვევაშიც, პროპაგანდის აკრძალვის საფუძვლით შეიზღუდება ლგბტ პირთა უფლებები.

  • არასრულწლოვანის შვილად აყვანა შეეძლება ქორწინებაში მყოფ ოჯახს (ქალსა და კაცს) ან ჰეტეროსექსუალ ადამიანს;
  • აიკრძალება სქესის შეცვლასთან დაკავშირებით ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა;
  • აიკრძალება იმგვარი შეკრებები და პროგრამების ან მასალების გავრცელება, რომლებიც სქესის მიხედვით განსაზღვრული ცნებების არგამოყენებისკენ, ერთნაირსქესიანი წყვილის ან სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის „პოპულარიზაციისკენ არის მიმართული“.

პარტია „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში არ აქვს კონსტიტუციის შესაცვლელად საჭირო ხმების რაოდენობა. მდინარაძემ თქვა, რომ თუკი კონსტიტუციის შესწორებას ამ მოწვევის პარლამენტში ვერ შეძლებენ, „ქართულ ოცნებას“ იგივე მიზანი ექნება მომავალ პარლამენტში, რომელიც 2024 წლის ოქტომბერში აირჩევა.

კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა შეუძლია ერთი მოწვევის პარლამენტს, თუ პროექტს მხარს დაუჭერს 113 დეპუტატი. თუ ცვლილებების მომხრე იქნება პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი (100 ხმა), მაშინ საჭირო იქნება მომდევნო პარლამენტის მხარდაჭერაც. ამ შემთხვევაშიც არანაკლებ 100 ხმა.

XS
SM
MD
LG